მოცემულობა:
9 თებერვალს, „მთავარი არხის“ ყოველკვირეულ ანალიტიკურ-საინფორმაციო გადაცემაში – „Post Factum თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი – “ივანიშვილის აღთქმული ქვეყანა” გავიდა.
სიუჟეტის ერთ-ერთ ეპიზოდში, ავტორი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს შორის პარალელებს ავლებს. აღნიშნული ეპიზოდის განსავრცობად გოგოტიშვილს პერუელი მწერლის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის ხორხე მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოები “ვაცის ნადიმის” ჰქონდა მოტანილი.
თენგო გოგოტიშვილი: „ლანა კალანდიასთვის, რომელმაც ლიოსას დიდებული რომანი დიდებულად თარგმნა, ივანაშვილიც დომინიკელი ტრუხილიოს გაგრძელებაა.“
ლანა კალანდია: “ტრუხილიოც ქველმოქმედის სახელით იყო ცნობილი. მას მოსწონდა, რომ ქველმოქმედს უწოდებდნენ და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მართლად დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა. წიგნში არის ერთი მონოლოგი, სადაც ის თავისთვის ფიქრობს: ამდენი რამ გავაკეთე, ამდენი რამ გავეცი და მაინც რა უმადური ხალხიაო დომინიკელები…“
თენგო გოგოტიშვილი: ბორის ივანაშვილი წიგნთან მწყრალადაა, ასე რომ ერს, უფრო სწორად იმ 400 ოპოზიციონერს ისღა დაგვრჩენია, მის „ჩემს ეკას“ ვთხოვოთ, „ვაცის ნადიმიდან“ მოკლე ამონარიდები წაუკითხოს. ოღონდ, ქალბატონო ეკა, ძილის წინ არ ქნათ ეგ, სიზმრები არ დაუფრთხოთ შეთქმულების და ტრუხილიოს ჩაცხრილვის სცენებით.“
მოცემულობის მიღმა:
სიუჟეტი, აშკარად მძაფრ პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელი იყო, განვიხილოთ:
რა ქვეტექსტებს და მინიშნებებს ატარებდა ჩანართი და რას ეუბნება გოგოტიშვილი პროტესტის მონაწილეებს?
ვინც უკვე იცნობს რომანს, „ვაცის ნადიმი“ ან უბრალოდ იცნობთ დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს ცხოვრებას, დამეთანხმებით, რომ საქმე ეხება, არა უბრალოდ დიქტატორს, არამედ სასტიკი და ძალადობრივი რეჟიმის სიმბოლოს, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული.
როდესაც, გოგოტიშვილი ივანიშვილსა და დომინიკელ დიქტატორ ტრუხილიოს შორის ავლებს პარალელებს, ეს უკვე მძლავრ გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს. ფრაზა: „ჩემს ეკას“ ვთხოვოთ, „ვაცის ნადიმიდან“ მოკლე ამონარიდები წაუკითხოს. ოღონდ, ქალბატონო ეკა, ძილის წინ არ ქნათ ეგ, სიზმრები არ დაუფრთხოთ შეთქმულების და ტრუხილიოს ჩაცხრილვის სცენებით,“ რა თქმა უნდა, ირონიულია, მაგრამ როდესაც ტექსტში ტრუხილიოს ჩაცხრილვაზეა საუბარი, ამას მძლავრი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიუჟეტის ავტორი საუბრობს „იმ 400 ოპოზიციონერზე“, რითაც ის ხელისუფლების მხარდამჭერთა რიტორიკას იმეორებს, თითქოს პროტესტი მარგინალურია, სიუჟეტში გამოყენებული სიმბოლიკა კი, განსაკუთრებით ტრუხილიოს ძალადობრივი დასასრული, შეიძლება მაყურებლის მიერ აღქმული იყოს ისე, თითქოს ავტორი ივანიშვილის პოლიტიკურ დასასრულს ძალადობრივი სცენარით განიხილავს და პროტესტის მონაწილეებს აძლევს მინიშნებას, რომ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით უნდა მოხდეს, რაც ძალიან სახიფათოა.
რატომ არის მსგავსი მინიშნებები უკუშედეგის მიმცემი თავად სიუჟეტის ავტორისთვის და დამაზიანებელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესისთვის?
მსგავსი შინაარსის გზავნილები ისეთ გარემოში, სადაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე დაპირისპირებულია, საზოგადოების ერთ ნაწილში კიდევ უფრო მეტ აგრესიას აჩენს საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, „ვისიანადაც“ სიუჟეტის ავტორია აღქმული. სავსებით შესაძლებელია, ზოგიერთმა ეს სიტყვები პირდაპირ მუქარად აღიქვას, რაც არასასურველ შედეგებს წარმოშობს.
პოლარიზაციის შესამცირებლად, მედიას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია და სასურველი იქნება, თუ მედიაპროდუქტის შექმნის დროს, ავტორი, უფრო ზუსტ და პასუხისმგებლობით სავსე მეტაფორებს გამოიყენებს, ძალადობრივი კონტექსტების ნაცვლად ფაქტებით გამყარებული პოლიტიკური კრიტიკა იქნება წარმოდგენილი, ხოლო მინიშნებები, სასურველი იქნება, ისე გაკეთდეს, რომ საზოგადოების არც ერთ ნაწილს არ დარჩეს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გარკვეულ ძალადობრივ სცენარზე.
მოამზადა: დიანა ლიპარტელიანი – ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს მიწვეული ლექტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუ-ს მიწვეული ლექტორი