5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

პრეზიდენტი და ახალგაზრდების საპროტესტო ხმები – შერიგების პოტენციალი და ფარული გზავნილები

მოცემულობა

4 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა საზოგადოების პოლარიზაციას ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა უწოდა და ამ პროცესში გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენების სამწუხარო შემთხვევებზე ისაუბრა.

მოცემულობის მიღმა

პრეზიდენტის სიტყვის აღნიშნული ნაწილი, რომელიც ახალგაზრდებისკენ მიემართებოდა, რამდენიმე ფარულ, ირიბ გზავნილს შეიცავდა. განვიხილოთ თითოეული გზავნილის მნიშვნელობა და შევაფასოთ, რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს მსგავსი შინაარსის მიმართვებს საზოგადოებაზე.

ერთი შეხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი ემოციებით მანიპულირების სტრატეგიას ეყრდნობოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მონაკვეთი, სადაც ის ახალგაზრდებს მიმართავს, საკუთარ ახალგაზრდობას იხსენებს და განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამ ასაკის ემოციურ თავისებურებებს. ამ განცხადებით, პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიანიშნა, რომ მათი პროტესტი დროებითი ემოციური რეაქციაა და არა გააზრებული, რაციონალურ მსჯელობაზე დაფუძნებული სამოქალაქო აქტიურობა.

პრეზიდენტმა გარკვეული ღირებულებების დაცვაზეც ისაუბრა. მან არ დაასახელა, რომელ ღირებულებებზე იყო საუბარი, შესაბამისად მან ამით მიანიშნა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც საპროტესტო ნოტაზე არიან, არა ტრადიციულ, არამედ ლიბერალურ ცვლილებებს უჭერენ მხარს.

ტექსტში ერთ ასეთ კრიტიკულ ფრაზასაც ვხვდებით: „წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას.“ მსგავსი მიმართვები კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას და შესაძლოა აღქმული იყოს, ისე, თითქოს, ვინც პრეზიდენტის შეხედულებებს არ იზიარებს, პირდაპირ არაქართველად ან მტრულად განწყობილად უნდა იქნას მიჩნეული.

პრეზიდენტმა შეცდომის აღიარებისა და სიმართლისთვის თვალის გასწორების აუცილებლობაზე ისაუბრა, ამით, მან მიანიშნა, რომ ახალგაზრდების კრიტიკა, პროტესტი და განსხვავებული შეხედულებები შეცდომად ყოფილიყო აღქმული, რომელიც მათ უნდა გაიაზრონ და აღიარონ, რომ ახალგაზრდების პროტესტი არა სისტემური პრობლემებიდან, არამედ მათი ცალმხრივი აღქმებიდან მომდინარეობს.

რა შედეგი შესაძლოა მოიტანოს მსგავი შინაარსის მიმართვამ?

გაღიზიანება და პროტესტის გაძლიერება – ახალგაზრდების აღნიშნული გზავნილების მიღების შემდეგ, შესაძლებელია, უფრო გააქტიურდნენ და საკუთარი კრიტიკული პოზიცია გაამყარონ;

პოლარიზაციის გაღრმავება – მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რეალურად მსგავსი რიტორიკა საზოგადოებას ორად ყოფს: „ჭეშმარიტი ქართველები“ და „შეცდომაში მყოფი“ ჯგუფები;

გააძლიერებს „მერყევ“ პოზიციას – ის ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული საკუთარ შეხედულებებში, მათთვის, შესაძლოა აღნიშნული ტექსტი დამაბნეველი იყოს და ნაკლებად აქტიურ პოზიციაში გადავიდნენ.

რა დამაკლდა პრეზიდენტის მიმართვაში?

კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის მიმართვაში, ახალგაზრდების ემოციურობა და მეამბოხეობა პოზიტიურ კონტექსტში იქნებოდა წარმოჩენილი და იტყოდა, რომ ეს ძალა ქვეყანას ბევრ რამეზე აფიქრებს წინსვლაში ეხმარება;

კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდების პროტესტს უბრალოდ, ემოციურ აფეთქებად წამოეჩინა, ესაუბრა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო პრობლემების მოსაგვარებლად;

კარგი იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი დიალოგისთვის რეალურ მზადყოფნას გამოხატავდა და შესთავაზებდა ახალგაზრდებს რაიმე სახის პლატფორმას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვისათვის;

კარგი იქნებოდა, თუ – ნაცვლად ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვაზე საუბრისა, იტყოდა, რომ დემოკრატიული საზოგადოება სწორედ განსხვავებული აზრების ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპზე დგას.

სჯობს გვიან….

პრეზიდენტის გამოსვლები უფრო ინკლუზიური და რეალისტური რომ იყოს, შემდეგში ამ ტიპის აქცენტები უნდა გამოიკვეთოს:

მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვას, რომ ახალგაზრდების ხმა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, მათი კრიტიკა კი, მხოლოდ ემოციურ აფეთქებად იმპულსურობად არ შეფასდეს;

ზოგადი ფრაზების ნაცვლად, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს კონკრეტული გზავნილები იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ და საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებმა შექმნილი დაპირისპირების განსამუხტად;

ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები „არაქართველებად“ ან „მტრულად განწყობილებად“ იყვნენ წარმოჩენილი, წინ უნდა იყოს წამოწეული ჯანსაღი დისკუსიის აუცილებლობა;

წამოჭრილი უნდა იყოს დიალოგის რეალური ინიციატივა – ასეთად შესაძლოა ჩაითვალოს შეხვედრების ორგანიზება კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდებთან, მათი წინადადებების მოსმენა და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა;

დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც საზოგადოების ორ ბანაკად დაყოფას განაპირობებს და მათ ნაცვლად უნდა იყოს გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, რომლებიც საზოგადოების ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული.

P.S. 

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მიზნად დაისახავს ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ნორმალიზებას, გაითვალისწინებს მათ შეხედულებებს და მათ პროტესტს არ გააუფასურებს ემოციურობის და იმპულსურობის მიზეზით, ეს არა მხოლოდ სტაბილურს გახდის საზოგადოებას, არამედ ნდობის აღდგენაც დაიწყება ნაბიჯ-ნაბიჯ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მომავალი გამოსვლები უფრო მეტად კონსტრუქციული და ინკლუზიური იყოს, რაც განაპირობებს საზოგადოების ერთიანობას არა იძულებით, არამედ თანამშრომლობის საფუძველზე.

————————–

ავტორი:  დიანა ლიპარტელიანი –  ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სეუ-ს მიწვეული ლექტორი

ავტორი:

ბოლო სიახლეები