13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025
13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

რა თქვეს, როცა ჩავარდა და რას იტყოდნენ, რომ გამოსვლოდათ – როგორ იცვლება ნარატივები ქართულ პოლიტიკაში 24 საათში

როგორც აღმოჩნდა, ქართულ პოლიტიკაში 24 საათიც საკმარისია, რომ სტრატეგი იქცეს უბრალო მხარდამჭერად, ხოლო “რევოლუციონერი” – მშვიდობისმოყვარედ. 4 ოქტომბრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ სწრაფად იცვლება ტონი და ნარატივი იმის მიხედვით, გამოვიდა თუ ჩავარდა პოლიტიკური გეგმა. როცა ძალადობრივი სცენარი ჩავარდა – ბევრმა უცებ გაიხსენა კანონის, კონსტიტუციის და მშვიდობიანი პროტესტის მნიშვნელობა. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი პირიქით დასრულებულიყო – შტურმი წარმატებით, ხელისუფლება გადამდგარი, ხოლო ისინი გამარჯვებულები (ჯვარი აქაურობას) – ვინ რას იტყოდა მაშინ? ვინ იქნებოდა “ორგანიზატორი”, ვინ “გმირი” და ვინ “მშვიდობის არქიტექტორი”? ამ სარკაზმით გაჯერებულ ჰიპოთეტურ რეალობას მივყვეთ ქვემოთ – რა თქვეს, როცა ჩავარდა, და რა იტყოდნენ, რომ გამოსვლოდათ:

პაატა ბურჭულაძე

რა თქვა: დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი, აქეთ მე ვაჩერებდი, იქეთ მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო – ამაზე ამბობენ, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ?

რას იტყოდა: ჯებირი მოტეხილი იყო – და ის ჯებირი მხოლოდ ლითონის არ ყოფილა, ეს იყო სიმართლის და სიცრუის საზღვარი. გადავძვერი არა ძალადობისთვის, არამედ თავისუფლებისთვის. იქით მე ვაჩერებდი რობოკოპებს, აქეთ მურთაზი ხალხს აწყნარებდა – ჩვენ ორნი ვიდექით ზღვარზე, ზუსტად იმ წერტილში, სადაც მთავრდებოდა შიში და იწყებოდა თავისუფლება. დღეს ამბობენ, თითქოს ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ – კი, ვეძახდით, მაგრამ ძალადობის დასასრულისკენ!

პაატა მანჯგალაძე

რა თქვა: არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ – ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი

რას იტყოდა: დიახ, სწორედ ჩვენ ვიყავით ის ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც სურათი ისტორიად აქცია! იმ ფოტოზე ჩანს არა უბრალოდ ხალხი, არამედ თავისუფლების არმია! დღეს ვგრძნობ თავს არა დამნაშავედ, არამედ შემოქმედად, ახალი საქართველოს არქიტექტორად! ჩვენ ვიყავით ორგანიზატორები არა აქციის, არამედ ეპოქის! ვინც მაშინ ვერ გაგვიცნო სურათიდან, ახლა გაგვიცნობს ისტორიის სახელმძღვანელოდან.

სალომე ზურაბიშვილი

რა თქვა: ახლა რაც ხდება იქითკენ, [ათონელი] ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან.

რას იტყოდა: გადახედეთ, ეს ხალხი არის საქართველოს მომავალი. ჩვენ დავამარცხეთ რეჟიმი ისე, რომ არც ქვა აგვიღია ხელში და არც ხმა აგვიმაღლებია, ეს იყო მშვიდობიანი შტურმი. დღეს ვიწყებთ ახალ ეპოქას, დღევანდელმა დღემ დაგვარწმუნა, რომ სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო.

მამუკა ხაზარაძე

რა თქვა: ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს. აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ!

რას იტყოდა: ჩვენმა მშვიდობიანმა ნაბიჯებმა მიიყვანა ქვეყანა თავისუფალებამდე. ვულოცავ დღევანდელი პროცესის გმირ ორგანიზატორებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში შექმნეს ახალი გვერდი! ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან. აღარ არის საჭირო ახალი არჩევნები -ხალხმა უკვე გადაწყვიტა ქუჩაში!

თაზო დათუნაშვილი

რა თქვა: ათონელის სასახლესთან პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ და რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს!

რას იტყოდა: ათონელის სასახლესთან ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც დავგეგმეთ -„ქართულ ოცნებას“ და რუსულ სპეცსამსახურებს აღარ ეცალა პროვოკაციისთვის, ისინი უკვე ისტორიის არქივში გვყავდა გადაგზავნილი. ეს არ იყო პროვოკაცია – ეს იყო ხალხის ოპერაცია! და თუ ვინმეს ეგონა, რომ რუსულ გეგმას მივყვებოდით – შევახსენებ, რომ ჩვენ საკუთარი სცენარი დავწერეთ…

„ძლიერი საქართველო“

რა თქვა: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“

რას იტყოდა: 4-ში დავიწყეთ და 4-ში დავამთავრეთ – ზუსტად როგორც გვქონდა ნათქვამი! ეს არ იყო ძალადობრივი დამხობა, ეს იყო ფინალი ერთდღიანი რევოლუციისა.

კოკა კობალაძე 

რა თქვა: ისმოდა ე.წ. ლიდერებისგან “ვიწყებთ-ვამთავრებთ” ლოზუნგები, ახლა პასუხისმგებლობას ირიდებენ, იმალებიან სოროებში და ერთმანეთზე თითს იშვერენ

რას იტყოდა: გვესმოდა ლიდერებისგან – „ვიწყებთ და ვამთავრებთ!“ – და მართლაც, დავიწყეთ და დავამთავრეთ!

გია ნოდია

რა თქვა: ციხეში მყოფი ადამიანების კრიტიკა ცუდად ჟღერს, მაგრამ ის, რაც ვნახეთ, არაკომპეტენტურობის და მიამიტობის, უარესში კი – უპასუხისმგებლობის მაგალითი იყო – „სახელმწიფო გადატრიალების“ ნარატივს რეალური საფუძველი პირველად მიეცა.

რას იტყოდა: ლიდერების კრიტიკა დღეს უცნაურად ჟღერს, როცა მათ უკვე ქვეყნის ისტორია დაწერეს. ის, რაც ვნახეთ 4 ოქტომბერს, იყო არა უპასუხისმგებლობა, არამედ გამბედაობისა და გონიერების მაგალითი. ეს მოვლენა პოლიტოლოგიის სახელმძღვანელოებში შევა, როგორც მშვიდობიანი გარდატრიალების ქართული მოდელი – სახელწოდებით „როგორ დავამხოთ ხელისუფლება 24 საათში“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian: კაცი მილიონ ფუნტად:...