14 მარტი, პარასკევი, 2025
14 მარტი, პარასკევი, 2025

პროტესტი, რომელიც ვერ იქცა მოძრაობად – რატომ ვერ მოიგო მზია ამაღლობელის პროტესტმა საზოგადოების გული?

მოცემულობა

ჟურნალისტი და გაზეთ „ბათუმელებისა“ და ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ დირექტორი – მზია ამაღლობელი პირველად 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, როდესაც ის საპროტესტო სტიკერებს აკრავდა. მეორე დღეს, 12 იანვარს, ის ხელახლა დააკავეს. მზია ამაღლობელს ბრალი 12 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

დაკავების დღიდან, მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის დაწყების დროს ის რუსთავის მე-5 ე პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული, რამდენიმე დღეში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს. 18 თებერვალს, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა გამოცემის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერდა, რომ შიმშილობის 38-ე დღეს ის შიმშილობას წყვეტდა და ექიმების დახმარებით ეცდებოდა კვების განახლებას.

დაკავებიდან შიმშილობის შეწყვეტამდე მზია ამაღლობელი და მისი მხარდამჭერები აქტიურად ცდილობდნენ საზოგადოებრივი მობილიზაციისა და სოლიდარობის გაძლიერებას. მიუხედავად ამ ძალისხმევისა, მათ მიერ არჩეული საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია უშედეგო აღმოჩნდა და ვერ მიაღწია მასობრივ მხარდაჭერას, რაც მოცემულობის მიღმა სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას.

მოცემულობის მიღმა

10 შეცდომა, რომელიც მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა დაუშვეს

1. ნარატივის ჩამოყალიბების მცდელობა ფაქტების გარეშე – ვიდრე საზოგადოება იხილავდა ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს, მზია ამაღლობელის გარემოცვა შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებდა: “მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა. როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან”, – ნათქვამია “ბათუმელების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულმა მოვლენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მზია ამაღლობელისა და მისი მხარდამჭერების შემდგომ ქმედებებზე. თავდაპირველად, მისი თანამოაზრეები აღნიშნულ ინციდენტს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების საპასუხო რეაქციად აფასებდნენ, რასაც თან ახლდა საპროტესტო მუხტის გაძლიერება. თუმცა, ვიდეომასალის გავრცელებამ, სადაც აშკარად ჩანს, რომ პოლიციელის მიმართ ძალადობა მიზანმიმართული იყო, საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა ინციდენტის ინტერპრეტაციის სისწორესთან დაკავშირებით. აღნიშნულმა გარემოებამ გავლენა მოახდინა პროტესტის ინტენსივობაზე და საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერის კლებასაც შეუწყო ხელი.

2.„სილის გაწვნა თავდასხმაა?!“ – მზია ამაღლობელის ქმედების შემსუბუქებისა და გადახარისხების მცდელობის ფონზე, ოპოზიციურმა ფლანგმა, წარუმატებელი საინფორმაციო სტრატეგიის შემდეგ, წამოიწყო ახალი კომუნიკაციური კამპანია – „სილის გაწვნა – თავდასხმაა?“.

აღნიშნული დისკურსი ემსახურებოდა საზოგადოებრივი აღქმის მოდიფიცირებასა და მოცემული ქმედების ალტერნატიული ინტერპრეტაციის კონსტრუირებას, რათა შეეცვალათ ნარატივი და შეესუსტებინათ სამართლებრივი და საზოგადოებრივი რეაქცია მოცემულ ინციდენტზე. საზოგადოებას უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებამ გადააჭარბა შეფასებაში, ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და ზედმეტად მკაცრად რეაგირებს, ხოლო მზია ამაღლობელის ქმედება უბრალოდ, „ემოციური რეაქცია“ იყო.

ფორმულირებით – „სილის გაწვნა თავდასხმაა?!“ ოპოზიციური მედია ეცადა ძალადობისთვის პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, რამაც კითხვები გააჩინა „კამპანიაში“ ჩართული მედიის მიუკერძოებლობის და პროფესიული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნარატივი, მორიგი მაგალითი გახდა, თუ როგორ ხდება მედია, ინსტრუმენტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ხელში ინფორმაციის მანიპულირებისთვისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის.

3. ღირებულებითი დაპირისპირება – მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნის ინციდენტი, საქართველოს კულტურულ კონტექსტში, სადაც ტრადიციული და პატრიარქალური ღირებულებები კვლავაც ძლიერად არის გამოკვეთილი, განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხია.

ქალის მხრიდან მამაკაცის მიმართ ფიზიკური ქმედება, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში, საზოგადოებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას და ერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. აღნიშნული დამოკიდებულება, უმეტეს შემთხვევაში, უარყოფითია – საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს იზიარებს,  დაზარალებულად სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენელს აღიქვამს და ამაღლობელის ქმედებას მიუღებლად აფასებს.

მეორეს მხრივ, მცირე ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს ლიბერალური პრინციპების მიმდევრად მიიჩნევს, აღნიშნულ ქმედებას პოლიტიკურ პროტესტის აქტად განიხილავს და მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს. ამ დაპირისპირებამ ინციდენტის შეფასება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ღირებულებითი და იდეოლოგიური განხილვის საგნად აქცია.

4. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საზოგადოებრივი გამოცდილება – საქართველოს მსჯავრდადებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 50 დღიანმა შიმშილობის გამოცდილებამ, მზია ამაღლობელის შიმშილობის ფაქტზე საზოგადოებაში, შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის მიმართ სკეპტიციზმი გააჩინა. შესაბამისად, მზია ამაღლობელის შიმშილობამ ნაკლები მხარდაჭერა და ყურადღება მიიღო. ხშირ შემთხვევაში ქილიკის საგანიც კი გახდა.
(სქრინი მოპოვებულია “ინტერპრესნიუსის” მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან, სადაც აქციაზე მზია ამაღლობელის წერილს ერთ-ერთი მსახიობი კითხულობდა).

5. Free Mzia და Free Misha – სლოგანი “Free Mzia” აშკარად ეხმიანება “Free Misha” კამპანიას, რომელმაც შემდეგი სახის უკუკავშირი მოიტანა: თავის დროზე, “Free Misha” ვერ გახდა მასშტაბური წარმატების გამომხატველ სლოგანად, ამ ფონზე, იმავე სლოგანის გამოყენება მზია ამაღლობელის შემთხვევაში, „კამპანიის“ წარუმატებლობის ერთ-ერთ ფაქტორად იქცა. მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც კი, ამავე სლოგანმა ვერ მოახერხა ფართო მხარდაჭერის მოპოვება, შესაბამისად, ასეთი ტიპის მოწოდებები არაეფექტური აღმოჩნდა და პროტესტს უფრო მეტად ავნო, ვიდრე სიკეთე მოუტანა.

6. ხელოვნური დრამატიზაცია – 6 თებერვალს, შიმშილობის 25-ე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, კლინიკა “ვივამედში” მყოფი მზია ამაღლობელის პალატაში ადვოკატს პატიმრისთვის შეტანილი საკვები დახვდა. ქურდოვანიძის შეფასებით, კლინიკის მიერ მოშიმშილე პატიმრისთვის საკვების პალატაში დატოვება ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმაა.

როდესაც მოშიმშილე პატიმარს კლინიკა საკვებს აწვდის, ეს სტანდარტული პროცედურაა და მისი “ფსიქოლოგიურ ზეწოლად” შეფასება გაუგებარია. საზოგადოების ნაწილმა მომხდარი აღიქვა, როგორც ხელოვნური დრამატიზაციის მცდელობა, ეს განცხადება ბევრისთვის ნიშნავდა, რომ ოპოზიციას სჭირდებოდა მზია ამაღლობელი როგორც მსხვერპლი, რომელიც გაზრდიდა საპროტესტო მუხტს. თუმცა, როდესაც პროტესტი რეალური სამოქალაქო მღელვარებით კი არა, ხელოვნური ტრაგედიის შექმნის მცდელობით იკვებება, საზოგადოება ამას ამჩნევს და სერიოზულად აღარ აღიქვამს. ამგვარმა ულტრადრამატიზებულმა რიტორიკამ არა მხოლოდ ვერ მოიტანა მზია ამაღლობელისთვის ფართო მხარდაჭერა, არამედ, დამატებითი სკეპტიციზმი გააჩინა მისი პროტესტისა და მთლიანად ოპოზიციური ნარატივის მიმართ. შედეგად, ოპოზიციის მცდელობა მსხვერპლის ნარატივით პროტესტის გაძლიერებისა, არამხოლოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, არამედ პირდაპირ დააზიანა მათი სანდოობა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

7. დანაშაული სინანულის გარეშე – მზია ამაღლობელს, არ გამოუთქვამს მცირედი სინანულიც კი მომხდარი დაპირისპირების გამო, რამაც რამდენიმე ასპექტი აჩვენა: პირველი – მზია ამაღლობელი ცდილობს პროტესტის აღნიშნული ფორმა ლეგიტიმურად წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას, რომ ბოდიშის მოხდა არ არის საჭირო. მეორე – სინანულის გამოუთქმელობით ცდილობს არ შეასუსტოს თავისი პროტესტის მნიშვნელობა და არ მისცეს ხელისუფლებას საბაბი, ბოდიში სისუსტედ ან მის მიერ დაშვებულ შეცდომად წარმოაჩინოს. ორივე ზემოთაღნიშნული დამოკიდებულება საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელთათვისაც ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.

(მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მომდევნო სხდომა 6 მარტს გაიმართება. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს – რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, თუმცა, ალბათ, მზია ამაღლობელის მხრიდან სინანულის გამოხატვას, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. (სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და სინანულის გამოხატვა ხშირად განიხილება მსჯავრის შემსუბუქების ფაქტორად. თუმცა, რადგან სინანულის გამოხატვა, შესაძლოა, განიხილებოდეს როგორც პასუხისმგებლობის აღიარება, ეს ამაღლობელის პოზიციას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მისი მხრიდან სინანულის გამოხატვა, მომავალშიც ნაკლებად სავარაუდოა).

9. სხვადასხვა მარშის მონაწილეები არ შეუერთდნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციებს – მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, მისი ახლო გარემოცვის წევრები მხარდასაჭერ აქციებს სხვადასხვა ლოკაციებზე მართავდნენ. პარალელურად, თბილისში იმართებოდა სხვადასხვა შინაარსის მარშები, ამ მარშის მონაწილეები კი არ უერთდებოდნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციებს. შესაძლოა ამ ქმედებას მოეძებნოს სხვადასხვა ახსნა: მაგალითად, განსხვავება მოთხოვნებში (მარშის მონაწილეები ახალ არჩევნებს ითხოვდნენ, ამაღლობელის მხარდამჭერი აქციების მოთხოვნა კი, მისი გათავისუფლება იყო). სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფები და მათ შორის კომუნიკაციის არარსებობა ან განსხვავებული სტრატეგიები, თუმცა, ის რომ ერთი შეხედვით ერთი მიზნისთვის მებრძოლი ხალხიც კი რომ აღნიშნული ძალადობის გამართლების „ფერხულში“ ერთად არ იყვნენ ჩართული, საზოგადოებაში ტოვებდა გარკვეული დისკუსიისთვის ველს – როგორც ჩანს, აქციის სხვა მონაწილეებისთვისაც მიუღებელი იყო ძალადობა.

10. გმირობის ნარატივიდან პოლიტიკურ სიმბოლიზმამდე – მხარდამჭერთა ორმაგი სტანდარტი

მზია ამაღლობელის 37-დღიანი შიმშილობის პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ის გარემოება, რომ მისი მხარდამჭერების მხრიდან კომუნიკაცია ძირითადად გმირობის ნარატივზე იყო აგებული. დომინირებდა რიტორიკა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პროტესტი წარმოჩინდებოდა როგორც სიმამაცისა და შეუპოვრობის აქტი. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ კი, იგივე მხარდამჭერები მას უკვე მადლიერების და აღიარების შემცველი გზავნილებით მიმართავდნენ. ეს ტრანსფორმაცია მიუთითებს კომუნიკაციური სტრატეგიის ცვლილებაზე, რომელიც შიმშილობის პროცესში მობილიზაციისა და პროტესტის ლეგიტიმაციის გაძლიერებას ემსახურებოდა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ პროტესტის ნარატივის კონსოლიდაციისა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებისაკენ იყო მიმართული.

ფოტო: ჯგუფ “დაიტოვედან”

ამ მხრივ, განსაკუთრებული იყო ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, სადაც მან მზია ამაღლობელის შესახებ მისი შიმშილობის შეწყვეტიდან რამდენიმე საათით ადრე ისაუბრა: „დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.“ – თქვა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის განცხადება, აშკარად მხარდამჭერი და სიმბოლურად დატვირთული იყო, ელჩს არაფერი უთქვამს შიმშილობის შესაძლო საფრთხეებზე და ერთი სიტყვითაც არ მოუწოდა მზია ამაღლობელს შეეწყვიტა ის თვითდამაზიანებელი პროტესტი, რომელსაც შიმშილობა ჰქვია. შესაბამისად, მისი ეს გამოსვლა, აღქმული იყო, როგორც შიმშილობის ლეგიტიმაცია და წახალისება, რაც საერთაშორისო წარმომადგენლისგან უდავოდ შეუფერებელი გახლდათ. საერთაშორისო წარმომადგენლები, ნებისმიერ ქვეყანაში, წესით და რიგით, უნდა იცავდნენ ნეიტრალიტეტს და აქცენტს აკეთებდნენ კანონის უზენაესობაზე. ამ შემთხვევაში კი, ელჩის განცხადება აშკარად მხარდამჭერი გახლდათ, რაც შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც ოპოზიციური ნარატივის გაძლიერება. აღნიშნული მიდგომა, აჩვენებს, რომ მათთვის, ვინც მზია ამაღლობელის შიმშილობას უჭერდა მხარს, მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პროცესი და სიმბოლიკა და არა, ადამიანის ჯანმრთელობა და პირადი ბრძოლა. ყოველივე ზემოთაღნიშნულმა, თავად მზია ამაღლობელისთვისაც შესაძლოა გააჩინოს კითხვები – რამდენად გულწრფელი იყო მისი მხარდამჭერების პოზიცია და ვისთვის/რისთვის იბრძოდა სინამდვილეში?!

შესაძლოა, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების ჩამონათვალი არასრულია, თუმცა, მათი თითოეული მათგანი შესაძლოა იყოს პასუხი კითხვაზე  – რატომ ვერ მოიგო მზია ამაღლობელის პროტესტმა საზოგადოების გული?

P.S.  როდესაც საქმე დემოკრატიულ პროცესებსა და კრიტიკულ მოვლენებზე საზოგადოების ინფორმირებას ეხება მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. როდესაც მედიის წარმომადგენელი პროტესტში აქტიურად მონაწილეობს, ეს ფაქტი ბადებს კითხვებს მისი მიუკერძოებლობისა და პროფესიული ეთიკის დაცვასთან დაკავშირებით. პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა არ ჯდება არც მშვიდობიანი პროტესტის და არც ევროპული დემოკრატიული ღირებულებების ჩარჩოებში. ამ ტიპის ქმედება შესაძლოა იყოს სამართლებრივად დასჯადი, რაც მათ რეაგირების საფუძველს აძლევს. აქცია, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს ხელისუფლების შეცვლისა და ევროინტეგრაციისკენ დაბრუნების მოთხოვნით იმართებოდა, ამ ტიპის ინციდენტმა კი, სივრცე გააჩინა ძალადობრივ ტენდენციებზე სასაუბროდ და საზოგადოებამ ეს ბუნებრივად მიიღო, რაც ცხადყოფს, რომ ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობაში, ძალადობრივი ელემენტები შესაძლოა გახდეს არა პროტესტის გაძლიერების, არამედ მისი დისკრედიტაციის მიზეზი.


მოამზადა:  დიანა ლიპარტელიანი –  ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს მიწვეული ლექტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუ-ს მიწვეული ლექტორი

ავტორი:

ბოლო სიახლეები