3 მარტი, სამშაბათი, 2026
3 მარტი, სამშაბათი, 2026

ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ – არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი ველი არ არსებობს, როგორი ტრამპლინიც არ უნდა შეუქმნას ნებისმიერმა გარე ბიუროკრატმა

სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფარავს ყველა დანარჩენს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე მეტი ხალხი უყურებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რასაკვირველია საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს.

ბრიტანეთშიც, ბორის ჯონსონი გვიყურებს თურმე, – განაცხადა “პოს ტვ”-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

ოდიშარიას განცხადებით, “იმედის” და “პოს ტვ”-ის სანქცირების მიზანი იყო ამ არხებისთვის რუსული პროპაგანდის მანქანის იარლიყის მიწებება, ოპოზიციური არხებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა და ჩამქრალი ოპოზიციური მუხტის როგორღაც გამოცოცხლება.

“ერთი იყო, რომ იარლიყი მიეწებებინათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის მანქანა, ოღონდ, თან ეს ადამიანები ვინც ტაშს უკრავენ, არიან ისინი, აგენტის იარლიყს ნუ გვაწებებთ, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტები ვართო, ამბობდნენ გამჭვირვალობის კანონზე, როდესაც აგენტის ჩანაწერის ამოღებას ითხოვდნენ.

მეორე ნაწილია, რომ იქნებ, როგორღაც დახმარების ხელი გაეწვდინათ იმ მომაკვდავი ოპოზიციური არხებისთვის, რომლებიც რეიტინგებში ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იქნებ, როგორღაც ამ არხებს ფუნქციონირებაში ისე შევუშალოთ ხელი, რომ მაყურებელი აქეთ გადმოვიდეს, როგორღაც ამათი დემონიზება ისე მოხდეს, რომ სხვა გზა არ იყოს და ამათი მოსმენა და ყურება ხალხისთვის ‘გასატეხი” გახდეს.

მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მინავლებული ოპოზიციური მუხტისთვის, ამ აქტივიზმისთვის, როგორღაც ახალი ფითილი შეენთოთ, იმიტომ, რომ ნახავდით, რაც გააკეთეს პირველი, იყო სლოგანით – “უარი სანქცირებულ ტელევიზიებს”- ამ სლოგანით მარში დაძრეს.” – აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, გარე ძალები და შიდა აგენტურა არ აღიარებე საკუთარ დიაგნოზს, რაც მდგომარეობს მათი პოლიტიკური მომავლის არქონაში. ოდიშარიას შეფასებით, მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე არ არსებობს, იმის მიუხედავად, თუ რა სახის დახმარებას შესთავაზებს ოპოზიციას ნებისმიერი ევროპელი ბიუროკრატი.

“ჩვენ ამ მუდმივ წრებრუნვას ვუყურებთ. როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, ისე შედეგს ვერ მიიღებენ – ეს ადამიანები არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში მათ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ , ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ერს, ჩვენ კოლექტიური მეხსიერება გაგვაჩნია, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის თავის ეროვნულ ინტერესსა და მოსახლეობაზე ორიენტირებული და მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე და ველი ფიზიკურად არ არსებობს, როგორი ტრამპლინიც არ უნდა შეუქმნას ნებისმიერმა გარე ბიუროკრატმა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან,” – განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები