„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დიდმა ქვეყნებმა თავისთავზე გამოსცადეს ძალადობის შედეგები, საქართველოსთან მიმართებით პოზიციას მაინც არ შეიცვლიან. დეპუტატის განმარტებით, ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებაში მყოფი პირები ემორჩილებიან „დიფ-სთეითს“.
„ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც კი არ არის – ეს შეურაცხყოფაა. ეს მაგალითი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამაგიდო წიგნი სტუდენტებისა და მომავალი თაობებისთვის, იმის საჩვენებლად, თუ როგორ არ უნდა მოიქცე არა მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში ხარ, არამედ საერთოდ, ნებისმიერ სფეროში.
ევრობიუროკრატია, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკავშირის წარმომადგენლები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა იმსახურებს სანქციებს, რომ დემოკრატია არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება შეიზღუდოს და ეს „მშვიდობიანი აქციები“ და აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა ყველა ქვეყანაში უნდა იყოს და ა.შ.
ახლა კი იგივე პიროვნებები, ანუ მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!
ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრობა, გვსურს ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ოდითგანვე იყო ევროკავშირში, მაგრამ წამყვანი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ მათთან ძალადობა მიუღებელია, ჩვენთან კი – მისაღები.
ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ, ზოგადად, ბიუროკრატიის მიდგომები არ შეიცვლება. ეს ხალხი თავის თავს არ ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“, იგივე „გლობალური ომის პარტიაზე“, ვგულისხმობთ იმ ე.წ. ელიტას, რომელიც მართავს ევროკომისიასა და ევრობიუროკრატიას. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებაშია და „დიფ სთეითს“ ემორჩილება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „მოლოტოვის კოქტეილს“ ვინც ესვრის პოლიციელს, ჩვენ მას მკვლელობის მცდელობისთვის დავაკავებთო. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრს იგივე განცხადება რომ გაეკეთებინა? აქ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროკავშირის ელჩმა არა მხოლოდ დააფინანსა, არამედ წააქეზა კიდეც და თქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა გამოხატვის თავისუფლებაა.
სამწუხაროდ, საქართველოს მეორეხარისხოვან ქვეყანად უყურებდნენ. ჩვენ სწორ პოზიციაზე დავდექით და ხასიათი გამოვავლინეთ, ვაჩვენეთ, რომ უსამართლობას ვერ ავიტანთ. ამის შემდეგ მოუწიათ, ეღიარებინათ ჩვენი პოზიციონირება. მოუწიათ ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებაც, რადგან „შუა დერეფანი“ სულერთი არ არის ევროკავშირისთვის, გნებავთ, ევრობიუროკრატიისთვის. თუმცა ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატია პოზიციებს შეცვლის,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









