მორიგ ბლოგში 31 წლის მარია გასვიანზე გიამბობთ. მარია აფხაზეთიდან დევნილია. დაიბადა უკრაინაში, კერძოდ კიევში. აფხაზეთის ომის დროს მთელი ოჯახი თბილისისკენ გამოემართა. როგორც გვიყვება, იმ პერიოდიდან ბევრი არაფერი ახსოვს. „ერთი ის ვიცი რომ ციგნის ბავშვივით დედას ზურგზე ვყავდი მოკიდებული და ისე გადმოვიარეთ სვანეთი…“- იხსენებს მარია.
როგორც გვიყვება თბილისში ცხოვრება იმ იმედით დაიწყეს, რომ სულ მალე, უკან, აფხაზეთში დაბრუნდებოდნენ, მალე დაუბრინდებოდნენ დიდ სახლს სოხუმში და აგარაკს „აჩადარაში,“ სადაც მანდარინის ბაღი ყვითლად გადაპენტილი ელოდათ.
„დიდი ოჯახის და სანათესაოს წყალობით არასდროს მიგვრძვნია რაიმეს ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ყველა ოჯახში იყო გაჭირვება და სირთულეები. ერთი გათამამებული პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც ყველა ყველაფერს უსრულებდა. ზაფხულობით ბიძაჩემთან სამეგრელოში ვისვენებდი. დღემდე მახსოვს ის განსაკუთრებული დღეები ღამით ვარსკვლავებს რომ ვითვლიდით, დილით ფეხშიშველები რომ დავბროდით ცვრიან ბალახზე და შუადღეს ხობის წყალზე რომ გავრბოდით საბანაოდ. როგორც ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, არ მქონდა სოფელი და მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო სახლ -კარი პატარა ეზოთი, სადაც ნებისმიერ დროს წავიდოდი დასასვენებლად, ისევ ვირბენდი ცვრიან ბალახზე, დავთვლიდი ვარსკლავებს დავრგავდი ჩემს საყვარელ ყვავილებს, წავიკითხავდი წიგნებს და დავტკბებოდი ბუნებით.“- გვიყვება მარია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილება უფრო ოჯახს ეკუთვნოდა, ვიდრე მას. ამ მიზეზს მიაწერს იმ ფაქტს, რომ მისი პირველი სამსახური ტურისტულ კომპანიაში იყო და არა რომელიმე იურიდიულ კომპანიაში.
„შემიყვარდა მოგზაურობა! საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული! ერთი შაბათ-კვირაც კი არ შემეძლო გავჩერებულიყავი თბილისში ცუდად ვიყავი, მთები მენატრებოდა, სიმშვიდე, ხედები, სიმწვანე, ჰაერი. საზღვარგარეთაც ვმოგზაურობდი მაგრამ თვითმფრინავი თბილისში რომ დაეშვებოდა ეგ იყო ჩემთვის ნეტარება. სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც ყველაზე გამორჩეული მოგზაურობისას, კაპადოკიაში გავიცანი.“- აღნიშნავს მარია.
2015 წელს საკუთარი ტურისტული კომპანია „მუვ თრეველი“ გახსნა. კომპანია საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებდა. საქართველოს ბაზარზე მისი მომხმარებლები, ძრითადად ყაზახი და არაბი ტურისტები იყვნენ. ასევე მუშაობდა გამყვან ტურიზმზე.
„ყველაზე შემოსავლიან და კარგ პერიოდში როცა მეგონა ეს ჩემი სიყვარულით შექმნილი კომპანია სასწაულებს იზავდა დაიწყო პანდემია და ფაქტიურად 2-3 წელი ყველაფერი მოკვდა…“- ამბობს მარია.
პანდემიის დროს, როცა ყველამ სოფელს მიაშურა, მარია ისევ თბილისში დარჩა.
„ზაფხულში ავდიოდით თიანეთის რაიონ დაბა სიონში რომელიც თბილისთან ახლოს იყო და „კორონაც არ ეკარებოდა“ . ჩემი სიონელი მეგობრების სიყვარულმა ამ ადგილის მიმართ გამიმძაფრა სურვილი ამესრულებინა ჩემი ბავშობის ოცნება!
ბევრი ეჭვის თვალით მიყურებდა – ეს რის მყიდველიაო, რათ უნდა, სადღაც ტყე-ღრეში სახლი, თბილისში იყიდოს, სოფელია, გზა არ არისო…
მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა ოცნების ქოხი ტბასთან ჩემია. საოცარი ხედები, სიგრილე, ტბა, ტყე, მთა, იორი… აქ ნამდვილად ყველა ფერია რაც ადამიანებს გააბედნიერებს.
ყიდვიდან ერთ თვეში დავიწყე კოტეჯის გაქირავება ვცდილობ სიმყუდროვე და უბრალოება შევინარჩუნო. რა თქმა უნდა, სამეწარმეო საქმის დაწყებისას არის ბევრი სირთულე, თუნდაც ფინანსური, ყველაზე დიდი პრობლემაა ქოხამდე მისასვლელი გზა, ასევე წყალი, რომელიც ჩვენ მხარეს არ მიეწოდება.
საერთოდ, ჩემით და ბევრი სირთულეების გადალახვით ვაღწევ ყველაფერს. როცა ადამიანს რაღაც უნდა, მიუღწეველი და შეუძლებელი არაფერია. სამომავლო გეგმაში მაქვს დავამატო კოტეჯი და ძალიან მინდა გავაკეთო აუზი. ამ ეტაპზე ჩვენი რესურსებით რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. ხარჯი შემოსავალზე მეტია ჯერ-ჯერობით, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია კმაყოფილი დამსვენებელი! მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს მათი დამოკიდებულება. სულ მინდა შევმატო რაღაც კოტეჯს, დავრგო, გავალამაზო ეზო… დასვენებით ჯერ აქ ვერ ვისვენებთ, სულ შრომაში ვართ.
ყოველთვის მესმოდა თიანეთში ხისტი ხალხიაო და ფრთხილად იყავითო, მე შემხვდნენ ყველაზე გამორჩეული სიონელები. ყველამ ისე კარგად მიგვიღო, გვეხმარებიან და მხარში გვიდგანან… ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს გარემოს და დამოკიდებულებას, როგორ მიგიღებს სოფელი, ჩვენ კი სიონშიც ოჯახი შევიძინეთ.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, (მის გარეშე ნამდვილად ვერაფერს შევძლებდი) და მათ,ვისაც ჩემი წინსვლა გულწრფელად ახარებს!“ – აღნიშნავს მარია.
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი