17 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
17 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს

მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა საჭიროებს მოწესრიგებას, – განაცხდაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას, რომელთა მიღებას პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

მისი განცხადებით, რამდენიმე წელია დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება, ინიციირებული ახალი რედაქცია კი სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნებში გარე ჩარევის გაზრდილ შემთხვევებზე მსოფლიო მასშტაბით, შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას და ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას.

„ახალი „საარჩევნო კოდექსით“ მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსის აღქმადობის გაუმჯობესება. ეს ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.

კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების – უცხოეთში მყოფი პირების – არჩევნებში ხმის მიცემის წესს.

ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.

არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რაოდენ ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.

დეზინფორმაციის ეპოქაში მათი ინფორმირებულობა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე, ხშირად სრულად დამოკიდებულია მედიასა და სოცმედიაზე, რის პირადად გადამოწმების ინსტრუმენტები მათ არ გააჩნიათ. იზრდება მანიპულაციის, შეცდომაში შეყვანისა და არაინფორმირებული არჩევანის რისკი.

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს.

ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.

კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები