19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024
19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

კრიტიკული შეუსაბამობები ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში – ეს აუცილებალდ უნდა იცოდეს: გიორგი გახარიამ, სოზარ სუბარმა, ირაკლი შთაძემ…

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხონის მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეამოწმა და მიმდინარე წლის იანვრის თვეში დასკვნა დადო.  როგორც ჩანს, მაშინ, როდესაც მედიის ყურადღება ცენტრალურ ამბებზეა გამახვილებული, მთელი რიგი მუნიციპალიტეტების საქმიანობა სერიოზულ კრახს განიცდის. კრახის შემოქმედები კი შესაბამისი ყურადღების და რეაგირების მიღმა რჩებიან.

როგორც აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობებია თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის –  ინფრასტრუქტურული, სატენდერო, ქონების მართვასა და განკარგვაში, შემოსავლების ადმინისტრირებაში და ა.შ.

ამჯერად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შევჩერდებით.

კანონით ასეა გათვალისწინებული – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა იყოს ხარისხიანი, მისგან მიღებული შედეგი დადებითად უნდა აისახებოდეს მოსახლეობაზე და გონივრულ პერიოდში შესაძლებელი უნდა იყოს ამ შედეგით სარგებლობა. ინფრასტრუქტურული პროექტების ხანგრძლივი პერიოდით სარგებლობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია ჩაიბაროს ისეთი სამუშაოები, რომლებიც შეესაბამება სამშენებლო ნორმებითა და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ახლა ვნახოთ რა ხდება ხონის მუნიციპალიტეტში და როგორ ასრულებს კანონის მოთხოვნებს ხონის მერია:

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა ქ. ხონში ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩის ტროტუარების, ხობუასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების სანიაღვრე არხის, საცხოვრებელი სახლების ფასადების, ა(ა)იპ − სამუსიკო სკოლის შენობის, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის, ცენტრალური სტადიონის და სოლომონ მეორის ქუჩა №7-ში მდებარე შენობის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები. მერიის მიერ, სახელმწიფო აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შესრულებული პროექტები მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა საექსპერტო კომპანიების და მერიის ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

ხელშეკრულების პირობით, დასკვნით უნდა დადასტურებულიყო შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობის და ღირებულების შესაბამისობა – სამშენებლო ნორმებითა და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

დადებული დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ნაწილი პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა (ექსპერტიზა) განახორციელა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“. შესწავლით ირკვევა, რომ კომპანიამ შეამოწმა სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხის დასადასტურებლად დაეყრდნო მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილ ლაბორატორიულ დასკვნებს. იქედან გამომდინარე, რომ ლაბორატორიული დასკვნები მომზადებულია მიმწოდებლების მიერ, მათი სანდოობა დაბალია.

ზოგიერთ პროექტებს ექსპერტიზა ჩაუტარდა მიმწოდებლის დაკვეთით, სხვადასხვა საექსპერტო კომპანიის მიერ. წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით დადასტურებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის.

იმავე დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ საექსპერტო კომპანიებთან ერთად, პროექტებს ასევე ზედამხედველობდა მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. ინსპექტირების ჯგუფმა შეისწავლა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, ხოლო ხარისხი შეაფასა ვიზუალურად. აღსანიშნავია, რომ ვიზუალური დათვალიერება ვერ უზრუნველყოფს იმის დადასტურებას თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა ისეთი სამუშაოები, რომლის ხარისხი სათანადოდ შესწავლილი არ იყო.

აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული პროექტები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, კერძოდ:

მაგალითი #1 – ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაცია.

2018 წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით ხელშეკრულება გააფორმა შპს „ჯ და ჯ-სთან“, ქ. ხონში ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩების ტროტუარებისა და ლესელიძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით 431.5 ათასი ლარი. მათ შორის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 251.2 ათას ლარს. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი, აკმაყოფილებდეს საპროექტო ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ხელშეკრულებით, პროექტი უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 17 იანვარს.

2019 წლის 20 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩებზე ტროტუარების მოასფალტების სამუშაოები. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.

შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2018 წლის 26 დეკემბერს, თანხით 157.4 ათასი ლარი. სამუშაოების ტექნიკურმა ზედამხედველმა და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა ჩაიბარეს აღნიშნული სამუშაოები, რითაც დაადასტურეს მისი შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 157.4 ათასი ლარი. დანარჩენი სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა 2019 წლის 17 იანვარს. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში (2019 წლის ივნისის მდგომარეობით) მუნიციპალიტეტს სამუშაოები შემოწმებული და ჩაბარებული არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჩაბარებისათვის საჭიროა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საექსპერტო დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულებიდან გასულია 5 თვე, აღნიშნულ კომპანიას დასკვნა მომზადებული არ აქვს.

შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ 2019 წლის მარტში, (აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ) წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს, სადაც ატყობინებდა, რომ დასრულებულ სამუშაოებში აღმოაჩინა ხარვეზები, რომლის გამოსწორების შემდეგ განახორციელებდა ექსპერტიზას. კერძოდ, მოწყობილ ასფალტბეტონზე აღინიშნებოდა ფორიანობა, რამდენიმე ადგილას არსებობდა ზედაპირული და გამჭოლი ბზარები, ვიზუალური მხარე იყო არადამაკმაყოფილებელი, ტროტუარებზე გუბდებოდა წყალი და აღინიშნებოდა ჩავარდნები. ზედამხედველმა კომპანიამ მოსთხოვა მიმწოდებელს არსებული ხარვეზების გამოსწორება.

სახელმწიფო აუდიტისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით, 2019 წლის 30 აპრილისათვის მიმწოდებელმა, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ტროტუარებს გადააგო ორსანტიმეტრიანი ასფალტბეტონის ფენა. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოგვიდგინა მტკიცებულება, რამდენად საკმარისია და უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოები არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

აღსანიშნავია, რომ შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს“ ხელშეკრულებით ევალებოდა სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა, მიმდინარე პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება . მონიტორინგის ჯგუფმა ობიექტზე არსებული ხარვეზები გამოავლინა მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხოლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მათი გამოვლენა/გამოსწორება ვერ შეძლო. სამუშაოების ზედამხედველობის პროცესის არასათანადოდ განხორცილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტს შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიმართ არ გამოუყენებია საჯარიმო სანქციები, რომელიც გათვალისწინებული იყო მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

შპს „ჯ და ჯ-სთან“ 25 გაფორმებული ხელშეკრულება გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%. რაც დღეში შეადგენს 86.3 ლარს. (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 103 დღეს). საჯარიმო სანქციების გამოყენება სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში არსებული საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, საჯარიმო სანქცია უნდა იყოს მიყენებული ზიანის თანაბარზომიერი. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული საჯარიმო სანქცია მცირეა და ვერ უზრუნველყო სამუშაოების დაგვიანებით მიწოდების პრევენცია. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მიმწოდებელი სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე დაჯარიმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რასაც გაითვალისწინებენ ანგარიშსწორების პროცესში.

კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ასევე გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, თანხით − 21.6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტს შეეძლო მოეთხოვა აღნიშნული თანხის ანაზღაურება, რაც არ განუხორციელებია.

ამდენად, სამუშაოების ტექნიკურმა ზედამხედველმა და მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ წარმართეს სამუშაოების შესრულების კონტროლის პროცესი. მერიამ დროულად არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები. არასათანადო კონტროლის გამო, სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და გახანგრძლივდა მისი დასრულების პროცესი, რის გამო ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს. აღნიშნული გარემოების გარდა, ასევე დაზიანებულია და უხარისხოდ არის შესრულებული 4 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.

მიმწოდებლებთან გაფორმებული ყველა ზემოხსენებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ერთ შემთხვევაში არ მიმართა მიმწოდებელს პროექტზე არსებული დაზიანების გამოსწორების მოთხოვნით, 27 ხოლო დანარჩენ ობიექტებზე მოითხოვა ხარვეზების გამოსწორება. მიუხედავად მოთხოვნისა, მიმწოდებლებმა არ გამოასწორეს არსებული დაზიანებები. მერიას მათ მიმართ სხვა სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია.

მაგალითი #2 – ხობუასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები

2018 წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით შპს „საგზაოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდა ხობუასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 197.0 ათასი ლარი. ხელშეკრულება გულისხმობდა ქუჩების მოასფალტებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს.

სატენდერო დოკუმენტაციით სანიაღვრე არხებზე ბოგირების მოსაწყობად გათვალისწინებული იყო ახალი ლითონის მილების გამოყენება, რომლის ღირებულება სახელშეკრულებო პირობებით შეადგენდა 44.3 ათასი ლარს.

მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2) აჩვენა 197.0 ათასი ლარის შესრულება. ზედამხედველმა კომპანიამ − შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა ჩაიბარეს შესრულებული პროექტი, რითაც დაადასტურეს მისი შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების აქტებში, სანიაღვრე არხების მოწყობის მასალად მითითებული აქვს ახალი ლითონის მილები, შესაბამისი ღირებულებით. შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებელს სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალი ლითონის მილები არ გამოუყენებია. კერძოდ, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ სამუშაოების შემოწმებისას დაადგინა, რომ სანიაღვრე არხი მოწყობილია მეორადი მილებით. მიუხედავად იმისა, რომ მერია ექსპერტიზის დასკვნით ინფორმირებული იყო მეორადი, დაბალფასიანი მასალით სამუშაოების შესრულების შესახებ, მან აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა ასანაზღაურებელი ღირებულების განსაზღვრისას და სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში, რაც დაუშვებელია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ძველი მილებით შესრულებული სამუშაო, რაშიც მიმწოდებელს გადაუხადა ახალი მილების ღირებულება, თანხით 44.3 ათასი ლარი

მაგალითი #3 – გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები

2017 წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტმა შპს „ჯვჯ-სგან“ ტენდერის გზით შეისყიდა გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 4.9 ათასი ლარი. 29 სამუშაოები გულისხმობდა მოედანზე ქვიშის საფუძვლის, ბეტონის გვერდულების მოწყობას და სტადიონზე მეორადი გამოყენების ხელოვნური საფარის დაგებას. შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა განახორციელა შპს „ზაისი და კომპანიამ“. ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხი შემოწმებული არ არის.

2019 წლის 20 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სტადიონის ხელოვნური საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და გამოუსადეგარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენა ნაჩუქარი ხელოვნური საფარი, აღნიშნული საფარის ზომა სტადიონის ფართობის შეუსაბამოა. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები დაგეგმა არასათანადოდ, კერძოდ, სტადიონის საფუძველი მოაწყო ისე, რომ არ გაითვალისწინა არსებული ხალიჩის მდგომარეობა და ზომები. შედეგად, შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და მასში გადახდილი 4.9 ათასი ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.

ამდენად, ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტების (ქ. ხონში ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩის ტროტუარების, საცხოვრებელი სახლების ფასადების, ცენტრალური სტადიონის და სოლომონ მეორის ქუჩაზე მდებარე ბინა №7-ის სახურავის, ა(ა)იპ − სამუსიკო სკოლის შენობის და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინისტადიონის) დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის ხარისხი საექსპერტო კომპანიების და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შესწავლილი არ იყო. კონტროლის მექანიზმში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება.

როგორც აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 563.9 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტს აღნიშნული ღონისძიებები არ განუხორციელებია.

მიუხედავად ხონის მუნიციპალიტეტში არსებული მსგავსი მწვავე ვითარებისა, დღემდე არ დამდგარა ხონის მერიის მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, დღემდე არავის უგია პასუხი გაფლანგული მილიონების გამო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხონის მოსახლეობისთვის, იმ მოსახლეობისთვის, რომელთა წინაშე ისეთი პრობელემებიც კი დგას, როგორიც სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა.

შესაბამისად, ეს ამბავი უნდა აუცილებლად უნდა იცოდეს:

პრემიერ მინისტრმა – გიორგი გახარიამ!

რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა – სოზარ სუბარმა!

საქართველოს მთავარმა პროკურორმა – ირაკლი შოთაძემ!

და რაც მთავარია, უნდა იცოდეს ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, რომელმაც არსებულ მერიის მაღალჩინოსნებს ხმა მათთვის სასიკეთო ცვლილებების გატარებისთვის მისცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები