როგორც თქვენი, რიგითი მოკვდავების, ჩემი დილაც ახალი ამბების და სოციალური ქსელების „სქროლვით“ იწყება. დილის აღნიშნული რუტინა, გარდა სიახლეების გაცნობისა, იმითაა „საინტერესო“, რომ ერის „შინაარსობრივ“ ხასიათსაც ვეცნობით, რომელსაც ადამიანები ვირტუალურ სამყაროში თამამად ავლენენ.
დღევანდელი „საერო თემა“ ირაკლი კობახიძის დასვენების ამსახველი კადრებია. სათვალავი ამერია, იმდენი სახის „ნაწარმი“ შემომეფეთა: რეალური ფოტოები და ფოტომანიპულაციები, მიმები, გიფები და ა.შ.
რა მოხდა: მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას არ დაესწრო, იგი სპორტდარბაზში ვარჯიშობდა – ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი მოკლე ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულა“-მ გამოაქვეყნა. მოგვიანებით მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს განმარტებები, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე აღნიშნულ ღონისძიებას 2019 წლიდან არ დასწრებია.
პირადი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი აქტივობების სენსაციად წარმოჩენა, ყოველთვის შეიცავს გარკვეულ მანიპულაციურ შტრიხებს, როგორც ზემოთხსენებული შემთხვევის დროს მოხდა. კობახიძის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „ფორმულას“ აღნიშნული მასალის გამოქვეყნებით სურდა ეთქვა ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც ე.წ. რუსული კანონპროექტის მხარდამჭერი გახლდათ, შემდეგ რუსეთიდან ფრენები არ აკრძალა, დასავლეთი ღიად დაადანაშაულა მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში, რუსთაველზე კი ევროკავშირის დროშები არ დაკიდა, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი რომ 26 მაისის ღონისძიებას რომ არ დაესწრო, ეს ბოლო ფაქტო ბეჭედს ურტყამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია და რუსეთისკენ მიგვათრევსო. სხვა ამბავია, ეს მანიპულაციური მცდელობა ვისთვის აღმოჩნდა დამაჯერებელი. (ნუ, თუ სოციალურ ქსელებში თვალს შევავლებთ კომენტარების სახით გამოხატულ უკუკავშრს, ერთი შეხედვით ბევრმა აიტაცა აღნიშნული ნარატივი).
სინამდვილეში რა მოხდა: მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადამიანია, რომელიც ბევრისთვის წარმოუდგენელ რამეებს სჩადის – სუნთქავს, ჭამს, მუშაობს, იღლება, სძინავს… და ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს ივარჯიშოს და მზის აბაზანები მიიღოს.
ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ საბჭოური მითები „მასწავლებელი საპირფარეშოში არ დადის“ და მისთანანი დღესაც არ დანგრეულა გარკვეული ადამიანების ცნობიერებაში და მსგავს მიდგომებს ხშირად და წარმატებით გამოიყენებენ პროპაგანდისტული აქტოვობებისას, ეს კი ბოლომდე გაუაზრებელი და მავნე ტენდენციაა.
გაუაზრებელი და მავნე ტენდენციის განვითარება იყო მაშინაც, როდესაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დასვენების კადრები „ფრიალებდა“ სოციალურ ქსელებში, იმის საჩვენებლად, რომ პრეზიდენტი ფუქსავატია, უსაქმურია და დარდები არ გააჩნია. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კადრები 2019 წლით თარიღდება, აღნიშნულ პერიოდში კი არ იყო ღია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებები, ჯერ კიდევ პრომთავრობისტულ პრეზიდენტად მოიზრებოდა, მისი დასვენების კადრები კი, როგორც სენსაცია და კოპრომატი ოპოზიციური მედიის მხრიდან იყო გამოყენებული).
პირადი ცხოვრების კომპრომატად გამოყენება მოხდა 2022 წელსაც, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას შემთხევავში, როდესაც გვაჩვენებს კადრები, როგორ ისვენებს გიორგი გახარია სიცილიის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში როცა მისი პარტიის წევრები თვეები ხელფასს ვერ იღებენ. აღნიშნულ მასალას, ძირითადად სახელისუფლებო მედია ავრცელებდა.
არასწორი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება 2013 წელს, მერის არჩევნების პერიოდში. დავით ნარმანია პლიაჟზე, საზამთროთი, ალბათ ყველას გახსოვთ…. ეს „ნაწარმიც“ ხელისუფლებისადმი ოპოციზიურად განწყობილი მედიის მხრიდან ვრცელდებოდა, არ ჩავშლი, რაზე მიგვანიშნებდნენ…
უფრო ადრე იყო, მიშა პლიაჟზე, როგორც გიჟი პრეზიდენტის ხატი და გიგი ბარში, ბიუჯეტის ხარჯზე “მოგრიალე” მერი… და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი გვინახავს….
მოდით, ყველამ ერთად გადავიმეოროთ: ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 15).
პირადი ცხოვრება არ არის კომპრომატი, ზემოთხსენებული სახის აქტივობების სენსაციად წარმოჩენა კი აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო პირების ოჯახებს, უდანაშაულო ადამიანებს და არ მოაქვს არავითარი პოლიტიკური სარგებელი.
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი