19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024
19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

თქვენ სწავლობთ და ეძებთ – მერების ცოლები საქმდებიან – სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებული მერების ცოლების ნუხსა

დავიწყოთ შეკითხვებით – რამდენჯერ გიცდიათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება? რამდენჯერ გინახავთ ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ – წაგიკითხავთ მოთხოვნები, შეგიდარებიათ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებისთვის და გაგიგზავნიათ თქვენი რეზიუმე? – უამრავჯერ ხომ?! პასუხი რამდენისგან მიგიღიათ, დადებითი, ან უარყოფითი? – არც ერთისგან, ალბათ… რამდენია ასეთი თქვენს ირგვლივ, ვისაც უთვალავჯერ უცდია იგივე, მაგრამ უშედეგოდ? – დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი. მაშინ, ვინ საქმდება იმ ვაკანსიებზე? საინტერესოა არა?!

ამ ეტაპზე, საინფორმაციო პორტალი „მხარე“, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული, მუნიციპალიტეტების მერების ოჯახის წევრებით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო ორგანიზაციებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მერების უმეტესი ნაწილის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები. ოჯახის წევრთაგან, ყველაზე ხშირად მერების ცოლები გვხვდებიან და ხშირად არა ერთ, არამედ რამდენიმე თანამდებობაზე. ისეთი მერებიც გვხვდებიან, რომლებსაც სახელმწიფო ორგანიზაციებში, არამარტო ერთი, არამედ, ოჯახის რამოდენიმე წევრი ჰყავთ დასაქმებული.

ანუ, რა გამოდის? – გამოდის, რომ თქვენ ამთავრებთ სკოლას წარჩინებით, აბარებთ უნივერსიტეტებში, წვალობთ – იღებთ მონაწილეობას ათას კონფერენციასა თუ ტრეინინგში, ათენებთ ღამეებს, აღამებთ დღეებს სწავლაში, სწავლაში და სწავლაში… იღებთ ათასგვარ გამოცდილებას სხვადასხვა დაბალანაზაურებადი სამსახურებიდან. (რეგიონებში, ვერც დაბალანაზღაურებადი სამსახურებზე გადიხართ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ასეთები). გარკვეული დროის მერე თვლით, რომ უკვე იმხელა გამოცდილების პატრონი ხართ, საჯარო სამსახურებშიც გამოდგებით. ეძებთ სამსახურს სახელმწიფო უწყებებში. აგზავნით სივებს, უსასრულოდ… მერე, ელით, ასევე უსასრულოდ და შედეგად რა ხდება – თქვენ სწავლობთ, წვალობთ და მერების ცოლები საქმდებიან.

მაგალითად:

მაია დალაქიშვილი, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას მეუღლეა. ის, ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-6 ფილიალი მენეჯერია, საიდანაც რუსთავის მერის მეუღლემ, გასულ წელს, ანაზღაურების სახით 7 695 ლარი მიიღო.

გარდა სახელმწიფო ორგანიზაციისა, რუსთავის მერის მეუღლე, მაია დალაქიშვილი, სკოლა ლიცეუმ “ლაზარე”-ს პედაგოგია. საინტერესოა, როგორ უთავსებს ერთმანეთს ირაკლი ტაბაღუას მეუღლე საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მართვას და პედაგოგობას, რომელი სამსახურის გაცდენა ითვლება მისთვის საპატიოდ? დიდი ალბათობით, პასუხი ცალსახაა – მერების ცოლებს, ყველაფერი ეპატიებათ.

მაია შუშანია
ხობის მერის, გოჩა ქაჯაიას მეუღლეა. ის, საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორია, საიდანაც შუშანიამ, გასულ წელს, შემოსავლის სახით 9 360 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ხობის მერის მეუღლის სკოლის დირექტორად დანიშვნა იმ პერიოდს უკავშირდება, რა პერიოდშიც, გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. (2013 წელი).

დინარა კვარაცხელია, წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას მეუღლეა. ის, ერთდროულად ორ სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. კერძოდ – დინარა კვარაცხელია გახლავთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექიმი, საიდანაც მან გასულ წელს შემოსავლის სახით 8 200 ლარი მიიღო. წალენჯიხის მერის მეუღლე, ამავდროულად ლიის საჯარო სკოლა ექიმია, საიდანაც მან შემოსავლის სახით, გასული წლის მანძილზე 3 792 ლარი მიიღო.

მაკა ბერიძე, ასპინძის მერის, როსტომ მაგრაქველიძის მეუღლეა. ის, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო საინფორმაციო – ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელია, საიდანაც მან შემოსავლის სახით 11 878,92 ლარი მიიღო, რაც რეგიონების პირობებში, საკმაოდ მაღალი შემოსავალია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის მანძილზე, მაკა ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ, საიდანაც მან შემოსავლის სახით, წლის მანძილზე 12 500 ლარი მიიღო.

აქ ჩნდება კითხვა – არის თუ არა ყოველივე ზემოთაღნიშნული ინტერესთა კონფლიქტი და კანონდარღვევა? – არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დიახ არის, რაზეც, სავარაუდოდ, მერიც და მისი მეუღლეც გვიპასუხებენ, რომ კონკურსის საფუძველზე მოხდა დანიშვნა. აი, კონკურსის არსი ასეთ შემთხვევაში, როდესაც კონკურსანტის მეუღლე მერია, რა არის, ამის გაანალიზება მკითხველისთვის მიგვინდვია;

მერებს შორის, ყველაზე კარგად ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს აქვს „აწყობილი საქმე“.

ვენელი მელიქიძე, ახალქალაქის მერის მეუღლეა. ის, ქ.ახალქალაქის დემირჩიანის სახელობის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელია, საიდანაც მან, შემოსავლის სახით 11 199,79 ლარი მიიღო;

არკადი უნანიანი კი, მერის შვილია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელია, რომელმაც გასული წლის მანძილზე შემოსავლის სახით 20 209 ლარი მიიღო;

ელისაბედ ოსიძე კი, ახალქალაქის მერის რძალი გახლავთ. ის, ახალქალაქის რაიონული სასამართლო კანცელარიის უფროსი გახლავთ, რომელმაც გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით, 17 640 ლარი მიიღო.

ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ერთადერთია მერებს შორის, რომელსაც სახელმწიფო ორგანიზაციაში დედა ჰყავს დასაქმებული.

ნუნუ ხალაძე ბორჯომის მერის დედა გახლავთ და ის, ა(ა)იპ „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“-ის მასწავლებელია, საიდანაც მან, შემოსავლის სახით 2018 წლის მანძილზე 9 041,42 ლარი მიიღო.

მანანა პატარკაცაშვილი, ახმეტის მერის, სოსო ქარუმიშვილის მეუღლეა. ისიც, ერთდროულად ორ სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობს. კერძოდ: ააიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მთავარ სპეციალისტად, საიდანაც მან შემოსავლის სახით, გასულ წელს 2 560 ლარი მიიღო და ააიპ ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში, სადაც ის სამეურნეო ნაწილის გამგე გახლავთ, საიდანაც მას, გასულ წელს 2 356,36 ლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა.

თამარ ქადაგიშვილი, გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის მეუღლეა. ის, გურჯაანის #4 საჯარო სკოლის პედაგოგია, საიდანაც მან შემოსავლის სახით, 8 051,14 ლარი მიიღო.

მაია უსუფაშვილი, საგარეჯოს მერის, გიორგი ერბოწონაშვილის მეუღლეა. ის, ს.ს. “საქრუსენერგოში”, ქონების მართვის და კორპორატიული ურთიერთობების სპეციალისტია, საიდანაც გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით, 23 571,13 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს მერის მეუღლე, შემოსავლების მხრივ, მერების ცოლებს შორის ერთ-ერთი „ჩემპიონია“.

აქვე, ცნობისთვის: სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგო“ დაფუძნდა 1996 წელს საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის გადაწყვეტილებით. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა სააქციო საზოგადოება “ფედერალური საქსელო კომპანია“.

მარიამ ინანაშვილი სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის მეუღლეა, ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის მმართველია და მან, გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით, 11 370 ლარი მიიღო;

ქეთევან ტატიაშვილი, გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილის მეუღლე გახლავთ. ის, გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტო უფროსი სპეციალისტია და გასულ წელს, შემოსავლის სახით 7 200 ლარი მიიღო.

რუსუდან მდინარაძე, ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მეუღლეა. ის, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის და სარეაკრიაციო დაწესებულებათა გაერთიანებაში, მხატვრად მუშაობს, საიდანაც მან შემოსავლის სახით გასული წლის მანძილზე 4 555 ლარი მიიღო. 158 677

ელისო სიხარულიძე, ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას მეუღლეა, ის, სოფელ ზოტის უბნის ექიმია. მან, გასულ წელს შემოსავლის სახით 7 800 ლარი მიიღო.

მარგალიტა გოგლიძე ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მეუღლეა. ის, სსიპ – პროფესიული კოლეჯი ბლექსის პედაგოგია, საიდანაც მან წლის მანძილზე, შემოსავლის სახით 4 237,22 ლარი მიიღო.

ნესტან ფუტკარაძე, შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის მეუღლეა. ის. შუახევის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის ცენტრი კულტურის ცენტრის სპეციალისტია და მან, გასულ წელს, შემოსავლის სახით 2 880 ლარი მიიღო.

თამთა ფოფხაძე ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მეუღლეა. ის, ერთდროულად სამ პოზიციაზე მუშაობს: აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტში მიწვეულ პედაგოგად; შპს აისბრეიქერი-ში კონსულტანტად და საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ, სადაც ის, ქუთაისის მერმა, როგორ ჩანს თავის „მემკვიდრედ“ დატოვა. (ცნობისთვის, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მერად არჩევამდე, იმავე გუბერნიაში რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, მისი მეუღლე კი ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, ადმინისტრაციის უფროსად. ). ქუთაისის მერის მეუღლემ, გასული წლის მანძლზე, სახელმწიფო სამსახურებიდან შემოსავლის სახით, 18 500 ლარი მიიღო.

ნათია აზარაშვილი, ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის მეუღლეა, რომელიც ერთდროულად ორ სსიპში – ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრში კონცერტმაისტერად, ხოლო სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში ასოცირებული პროფესორად მუშაობს. საერთო ჯამში, მისი გასული წლის ხელფასი 26 554 ლარი გახლდათ, რითაც რეგიონების მერების ცოლებს შორის, შემოსავლის მხრივ პირველ ადგილზეა

შეჯამების სახით – გასულ წელს, მუნიციპალიტეტების მერების ცოლების შემოსავლების უზუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 221 548 ლარი გაიხარჯა.

(რედაქციისგან: მასალაში გამოყენებულია, მუნიციპალიტეტების მერების მიერ ბოლოს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციები.).

ავტორი:

ბოლო სიახლეები