ბავშვობა
დავიბადე გაგრაში. არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ გაგრადან.
ბევრი არაფერი მახსოვს 5 წლამდე, თუმცა 5 წლის მერე იყო გაუცხოება, ტკივილი, შიში, უცხო ქალაქი, უცხო ხალხი და გარემო. შავები, ტირილი, ომი და დანაკარგი. მე მაინც დღემდე, სადღაც გულის კუნჭულში მჯერა, რომ მამა დაბრუნდება. მისი საფლავიც არ გვაქვს, არ ვიცით რა ბედი ეწია, თუმცა ის გმირია. ეს აღიარა სახელმწიფომ და მეც სიამაყით ვატარებ ამ სტატუსს. ახლა რაც მისგან მაქვს, ერთადერთი, მისი სახელია, რომელიც გმირთა მემორიალზე არის დაწერილი.
ერთადერთი დევნილი ვიყავი კლასში, თუმცა ეს არასოდეს არ მიგრძვნია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემს კლასს და მასწავლებლებს. სკოლაში ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი ჩუმი, წყნარი, კარგად ვსწავლობდი მოკლედ ბეჯითი მოსწავლე ვიყავი.
მახსოვს, სახლში, სანატორიუმში, სადაც ბევრნი ვცხოვრობდით, ვცდილობდი უფერული დღეები გამელამაზებინა და ძალიან ხშირად ვუწევდი ორგანიზებას ღონისძიებებს ჩემს ორ მეგობართან ერთად. ჩვენ ვწერდით, ვგეგმავდით, ვამზადებდით ნომრებს ჩვენზე პატარებს და ასე დაუვიწყარ საღამოებს ვაწყობდით ჩვენთვის, სანთლის შუქზე. ორგანიზატორული და ლიდერული უნარები ალბათ სწორედ მაშინ გამომივლინდა.
ბავშვობაში მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა მერე მასწავლებელმა (ლელა მანდარიამ) ისე შემაყვარა ინგლისური ენა, რომ პროფესიად ავირჩიე. მე-8 კლასში ვიყავი პირველად არასამთავრობო სექტორში რომ მივედი, მივედი და ამით მოვიწამლე, გამიტაცა არაფორმალურმა განათლებამ. ყველაფერი მაინტერესებდა და ყველაფერს ვისრუტავდი. უფრო საინტერესო გავხადე ჩემი ცხოვრება სხვადასხვა პროგრამებით და მოხალისეობრივი საქმიანობით.
უნივერსიტეტი
შემდგომ მოვიდა პირველი „ერთიანი ეროვნული გამოცდები“ და 100%-იანი გრანტით თბილისში ჩავაბარე. ისევ მომიწია ქალაქის შეცვლა, თუმცა უკვე დიდი ვიყავი და ეს გამიმარტივდა. სტუდენტობის დასრულების შემდეგ დავბრუნდი წყალტუბოში. წყალტუბო პატარა მწვანე კურორტია, მაშინ ბევრი რამით არ გამოირჩეოდა აქ ვერ განვვითარდებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე გამეხსნა ჩემი ტრენინგ-ცენტრი, რომლითაც დავეხმარებოდი ახალგაზრდებს სასურველი არაფორმალური და ფორმალური განათლების მიღებაში. წარმატებით დავიწყეთ ფუნქციონირება და დღემდე ვატარებთ ტრეინინგებს მოთხოვნის შესაბამისად. ბევრს დავეხმარეთ ჩვენთან მიღებული ცოდნით და ეს დიდი წარმატებაა ჩვენი ორგანიზაციისათვის, რომელსაც “მომავლის ლიდერები” ჰქვია.
პარალელურად დავიწყე მუშაობა სასტუმროში, ადმინისტრატორად. ამ საქმიანობამ ისე გამიტაცა რომ დამოუკიდებლად შევისწავლე სასტუმრო საქმე და სერვისის სფერო. ერთ ადგილზე არასოდეს გავჩერებულვარ და დღესეც ესე ვარ. ორ-სამ სამსახურში ერთდროულად ვმუშაობდი და ეს მსიამოვნებდა. ყოველთვის ვცდილობდი სხვისთვის მაგალითი მიმეცა, ყოველთვის საკუთარი თავის იმედად ვიყავი, მე არასოდეს მყოლია ვინმე გავლენიანი პირი რომელიც რამეში დამეხმარებოდა, ამიტომაც საკუთარი შესაძლებლობებით ვცდილობდი წინ წავსულიყავი და არ გავჩერებულიყავი. ვმუშაობდი და ვსწავლობდი. ვვითარდებოდი. არასოდეს მიფიქრია, რომ გავთხოვდებოდი და ქმარი მარჩენდა. და დღეს ვამაყობ იმით, რომ შემილძია ვთქვა: ვარ დამოუკიდებელი ქალი!
ჩემი საქმე
ოჯახის შექმნის შემდეგ მალევე შემეძინა პირველი ბიჭუნა, ანდრია. სახლში მომიწია დაჯდომა და სულ უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი, გავიხსენე ბავშვობის ჰობი და საოცარი რამეები მოვუქსოვე ჩემს ბიჭუნას. ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ერთხელაც ფეისბუქის სქროლვისას გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი გვერდი და დამედო ჩემი ნამუშევრების ფოტოები, მაშინ არ ვიყავი სოც. მედიაში ასე გაცნობიერებული. გვერდის შექმნის პროცესშივე გავასაჯაროე ჩემი ნამუშევრები და იმ წამსვე ავიღე 3 შეკვეთა. ეს იყო იმხელა მოტივაცია, რომ ენით ვერ გადმოვცემ. სახლში ძაფიც კი არ მქონდა დარჩენილი. ამიტომ დილითვე ავდექი და გავიქეცი მასალების შესაძენად. შეკვეთას შეკვეთა მიემატა, მომხმარებლები გამრავლდა, მოწონებებმა იმატა, ამიტომაც დავიწყე ფიქრი განვითარებაზე და ტანსაცმლის ქსოვას დავამატე სათამაშოები.
ახლა, ძირითადად ვაწარმოებ უსაფრთხო ანტიალერგიულ სათამაშოებს, რომლებიც არის ექსკლუზიური, უსაფრთხო და სიცოცხლიუნარიანი ნივთი ნებისმიერი ასაკისათვის. შემდეგ მოვიპოვე ელკანას გრანტი, უბედნიერესი ვიყავი მიმიწვიეს გამოფენებზე, ყველას ძალიან მოსწონდა ჩემი ნამუშევრები, მონაწილეობა მივიღე აწარმოე საქართველოს პროექტში და იქაც გრანტი მოვიპოვე, თითქო ყველაფერი ხელს მიწყობდა და ჩამოვაყალიბე ბრენდი Kristi’s.
მიღწევები
ყველაზე დიდი მიღწევად შემიძლია ჩავთვალო ის, რომ მუნიციპალიტეტისგან მივიღე მადლობის სიგელი. მიწვევებმა გამოფენებზე იმატა, თბილისში ვიყავი სათამაშოების გამოფენაზე. ეს ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემი ახლადშექმნილი ბრენდისთვის. შემდგომ ისევ დამოუკიდებლად მოვხვდი არაჩვეულებრივ პროექტში „ქალები ტექნოლოგიებში“, შევისწავლე პროგრამირება და სოც. მედია მენეჯმენტი. კიდევ ერთი პროფესია შევიძინე, გადავახალისე ჩემი ბრენდის გვერდი და დავიწყე მისი პროფესიონალური მართვა. ასევე, თავისუფალ დროს, რომელიც თითქმის არასოდეს არ მაქვს ვიღებ შეკვეთებს საიტის დასამზადებლად. ვარ არასამთავრო ორგანიზაცია “დევნილ ქალთა კავშირის“ წევრი და უკვე მე-5 წელია მონაწილეობას ვიღებ წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ორგანიზებაში.
ორი წლის წინ გადავწყვიტე გავმხდარიყავი პედაგოგი და წავედი სკოლაში. დავბრუნდი ჩემს გიმნაზიაში, რომელიც ძალიან მიყვარს და მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა ერთ-ერთი სულიერი განტვირთვის ადგილია ჩემსთვის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია და ჩემი მოსწავლეები.
ეს, რაც შეეხებოდა საქმიანობას, თუმცა, ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა და წარმატება ჩემი შვილებია, ვცდილობ მათთვის მაგალითის მიმცემი ვიყო, მინდა პატარაობიდანვე გააცნობიერონ, რომ მხოლოდ და მხოლოდ შრომით და ბრძოლით წავლენ წინ.
უამრავი დაბრკოლება არის ცხოვრებაში, ბევრი ტკივილი და დაცემა. დავვარდნილვარ, თუმცა ისე არა წამოდგომა რომ გამჭირვებოდა. სულით არასოდეს დავცემულვარ, უფლის რწმენა არასოდეს დამიკარგავს, არც მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ მე და ჩემი მეორე ბიჭუნა ლუკა ვერ გადავიტანდით სირთულეებს, ნაადრევ მშობიარობას და დღენაკლულობას, თუმცა ისევ და ისევ უფლის რწმენით და ნებით ორივენი დღეს ძალიან კარგად ვართ.
კიდევ ერთ მიღწევას ვიტყვი და ეს არის რწმენა, სამწუხაროდ ჩემი გიჟური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ხშირად ვიყო ღმერთთან ახლოს, სამაგიეროდ ვგრძნობ, რომ ის არის ჩემთან ყოველ წუთს და წამს, სწორედ მისი იმედით ვრისკავ ყოველი ნაბიჯის გადადგმას, მისი იმედით ვიბრძვი და მივდივარ წინ. დახმარებაზე არასოდეს ვამბობ უარს, ვცდილობ მაქსიმალურად ყველას გავუწოდო დახმარების ხელი და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეებით ჩემს შვილებს გავუკვალო გზა.
ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი გარემოებები
ალბათ ძალიან ბევრი დაბრკოლება და ხელის შემშლელი ფაქტორი აქვს ქალს წარმატების მიღწევაში, ერთ-ერთი და ყველაზე მთავრი არის ის, რომ ხარ ქალი. რთულია იყო აქტიური ქალი, დედა, შვილი, ცოლი…
ყველა ეჭვის თვალით გიყურებს არ სჯერათ შენი შესაძლებლობის, პატარა ქალაქი სადაც ყველა გიცნობს და ყველას იცნობ, რთულია მოიპოვო სიყვარული და პატივისცემა, თუმცა ვფიქრობ ეს ნაწილობრივ მოვახერხე კიდევაც.
პასუხისმგებლიანი მეწარმე ქალი
ალბათ ბევრი ქალი ეხლა ამ კითხვას ასე უპასუხებდა, რომ ქალის მთავარი პასუხისმგებლობა არის მუდამ ცხელი ჰქონდეს კერძი სამზარეულოში და გაუთოებული ჰქონდეს მეუღლის პერანგი, თუმცა ჩემთვის პასუხოსმგებლობა არის მივაწოდო შეკვეთილი პროდუქტი მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და პუნქტუალურად, ვიზრუნდო მუდამ ჩემი ბრენდის განვითარებაზე, დავგეგმო და სისრულეში მოვიყვანო შვილების მომავალი. ჩემი პროდუქცია იყოს ხარისხიანი და სიცოცხლისუნარიანი. ჩემზე დაკისრებული სამუშო შევასრულო ზედმიწევნით კარგად და არ გავუცრუო ვინმეს იმედი.
სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმებში გარდა ჩემი ფუმფულა სათამაშოების საერთაშორის ბაზარზე გატანისა, შედის ჩემი გეგმა, განვვითარდე, როგორც პედაგოგი. კიდევ მაქვს თუ არა გეგმა?! მაქვს და არაერთი. როცა გამოვა აუცილებლად მოგიყვებით მათზეც.
განსაკუთრებული მადლობა
თუ ვინმე მკითხავს უარყოფითი რა გაქვსო, ვამბობ-ხოლმე: ერთი ის, რომ მოთმინების ძალიან დიდი უნარი მაქვს და მეორე ის, რომ გრძნობების გამოხატვა არ შემიძლიათქო.
ახლა არ დავიწყებ: მადლობა ბებიებს, ბაბუებს, მეზობლებს… სამადლობელი საკმაოდ ბევრი ადამიანი მყავს ცხოვრების გზაზე, თუმდა ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მადლობა ჩემს დედიკოს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა არ მეგრძნო უმამობა, ყოველთვის ვყოფილვიავი იქ, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ, რომ რამეზე არ დამწყვეტოდა გული. ის იყო მუდამ ჩემთან და ესე არის დღემდე. რომ არა ის, ალბათ დღეს იმის ნახევარიც ვერ ვიქნებოდი რაც ვარ.
ასევე, მადლობა უფალს იმ გამძლეობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მაძლევს, მიფარავს და მიცავს.
საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ქრისტინა ქუთათელაძეს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.
წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ “ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.
ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.