12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

გივი მიქანაძე: გასულ წლებში სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისად სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე განწირული იყო, რომ უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით ვერასოდეს ისარგებლებდნენ

შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში, სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ.

„მაგალითად, გასული 5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3 598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600-დან 2 900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სტუდენტი ასეთი პერსპექტივისგან თავიდანვე დაიცვას და სპეციალობებზე კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაანაწილოს.

ანალოგიური ვითარებაა ასევე, მაგალითად, ეკონომიკისა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შემთხვევაში. კერძოდ: ეკონომიკის შემთხვევაში, ჩარიცხვის საშუალო მაჩვენებელი 1 053 სტუდენტია, სწავლას საშუალოდ 662 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა 150-ს შეადგენს;

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, ჩარიცხვის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4 916 სტუდენტია, აქედან სწავლას 2 591 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 400 კურსდამთავრებულზეა.

ამის საპირისპიროდ, მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით, სადაც გასული 5 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტებში წელიწადში საშუალოდ 2 225 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო სწავლა 1 200-მა დაასრულა, როდესაც შრომის ბაზრის მოთხოვნა 1 800 კურსდამთავრებულზეა.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით წლიდან წლამდე გაიზრდება.

ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოში შრომის ბაზრის მუდმივად მზარდი მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე, რასაც კვოტების განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი საექთნო და სამეანო საქმის სპეციალობაზე.

მთლიანობაში, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, სტუდენტების ჩარიცხვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად არის აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც იწვევს სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემებს შრომის ბაზარზე ადამიანური კაპიტალის მობილიზებისა და გამოყენების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები