12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი

მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, პრეზიდენტის სასახლეში. მივესალმები მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებას ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტია საქართველო-ხორვატიის ურთიერთობებში, დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი კავშირების გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში, – აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ეფუძნება ხალხებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებს, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.

„როგორც შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, ჩვენი ქვეყნებისთვის ისტორიული მეხსიერება, კულტურული იდენტობა, ტრადიციები და ქრისტიანობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით, ჩვენი ერები იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს სწრაფად ცვალებად სამყაროში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ხორვატიის პრეზიდენტთან საუბრისას განიხილეს როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.

„ბატონ ზორანთან საუბრისას განვიხილეთ როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.

საუბრის დროს აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგში სუვერენიტეტის ფუნდამენტს წარმოადგენს ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ინფორმაციული სუვერენიტეტი.

ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების კონტექსტში, შეხვედრის დროს ყურადღება გავამახვილეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის პარტნიორობის სტიმულირებაზე. ამასთანავე, ხაზი გავუსვით ახალგაზრდობის პოლიტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

აქვე, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო გახდება და ვეცდებით, რომ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნისთვის და ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს და ხორვატიას, რომ ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები