პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტს. ანალიტიკოსი წერს, რომ სანქციები შეეხება აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-სა და მასთან დაკავშირებულ აქტივებსაც, მათ შორის ყულევის ნავთობის ტერმინალს. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს აღარაა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ეხება მესამე და მეოთხე ქვეყანასაც:
„როდესაც სასანქციო ზეწოლის ქვეშ ექცევა მესამე ქვეყნის ინფრასტრუქტურა მეოთხე ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქართველო/აზერბაიჯანის პოზიციიდან სურათი კიდევ უფრო მკაცრია: სასანქციო რეჟიმი სცილდება ევროკავშირის საკუთარ საზღვრებს“ – წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან იღებს გაზს, ამერიკული ძვირადღირებული გაზის შესყიდვის შემცირების ფონზე. სწორედ ამიტომ, ქართველიშვილის სიტყვებით, ახალი სანქციები არა ევროკავშირის, არამედ „დიპ სტეიტის“ მიღებული გადაწყვეტილებაა, ევროპის დასასჯელად.
„ევროკავშირმა დაიწყო ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტის შემოღების პროცედურა, მათ შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან და მასთან დაკავშირებული აქტივების მიმართ, მათ შორის ყულევის ნავთობის ტერმინალის წინააღმდეგ. ფორმალურად საუბარია რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის გაფართოებასა და შესაძლო გვერდის ავლის მექანიზმების შემოწმებაზე. ფაქტობრივად კი სასანქციო მგრძნობელობის ქვეშ ექცევა აზერბაიჯანული აქტივი, რომელიც საქართველოს იურისდიქციაშია.
მართალია, ეს არ არის „შუა დერეფანზე“, მის სახმელეთო-ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმა, არც კონტეინერებზე, არც რკინიგზაზე, არც ტრანსკასპიურ მარშრუტზე, მაგრამ ეს არის წერტილოვანი დარტყმა ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთ ჰაბზე. თუმცა, სწორედ ასეთი წერტილოვანი გადაწყვეტილებები ქმნის სტრატეგიული ტოქსიკურობის ატმოსფეროს. ყულევი არ არის Middle Corridor-ში შემავალი არტერია, მაგრამ ის არის ნდობის ელემენტი ზოგადად რეგიონისადმი, როგორც ტრანზიტულად უსაფრთხო სივრცისადმი.
როდესაც სასანქციო ზეწოლის ქვეშ ექცევა მესამე ქვეყნის ინფრასტრუქტურა მეოთხე ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქართველო/აზერბაიჯანის პოზიციიდან სურათი კიდევ უფრო მკაცრია: სასანქციო რეჟიმი სცილდება ევროკავშირის საკუთარ საზღვრებს. როდესაც საეჭვო სავაჭრო ნაკადები ფიქსირდება თავად ევროკავშირის შიგნით და იგივე ბალტიისპირეთი იქცევა რუსეთის დასავლური ალკოჰოლური პროდუქციის მომარაგების რეკორდსმენად, ეს არის „შიდა რეგულირების საკითხი“. როდესაც საქმე ეხება სამხრეთ კავკასიას, ეს ხდება საჯარო ზეწოლის საფუძველი. სწორედ ეს ქმნის მორიგი ორმაგი სტანდარტების განცდას, მიუხედავად ფორმალური იურიდიული არგუმენტებისა.
დღეს აზერბაიჯანი ევროპისთვის სტრატეგიული გაზის მომწოდებელია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე. ამჟამად სწორედ ბაქო აწვდის იმავე გერმანიას და ავსტრიას ბუნებრივი აირის ძირითად მოცულობებს. ხომ არ ნიშნავს მისი დასჯა იმ ოლიგარქიული კლანების მხრიდან შურისძიების აქტს, ევროპაში ძვირადღირებული ამერიკული გაზის შესყიდვების შემცირების გამო? და ხომ არ ამტკიცებს ეს ფაქტი უკვე მერამდენედ, რომ ამ სასანქციო პოლიტიკაში ევროკავშირი კვლავ არ წარმოადგენს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს, არამედ კვლავინდებურად მხოლოდ “დიპ სტეიტის” მორჩილი ინსტრუმენტია.
საქართველოსთვის ეს სიგნალი კიდევ უფრო მგრძნობიარეა, თურმე ინფრასტრუქტურული ნეიტრალიტეტი აღარ ნიშნავს ჩვენთვის სასანქციო იმუნიტეტს. თუ სასანქციო ლოგიკა ვრცელდება მესამე ქვეყნების ტრანზიტულ აქტივებზე, ჩნდება მთავარი კითხვა: ბოლობოლო ვინ განსაზღვრავს თამაშის წესებს ევრაზიაში – სუვერენული სახელმწიფოები თუ ზენაციონალური რეგულაციები? და ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ყულევის საკითხი. ეს არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძზე ტრანზიტის მომავალი არქიტექტურის საკითხი და ჩვენზე “მაღლა” მდგომი “მონსტრი-სახელმწიფოები” უნდა ჩამოყალიბდნენ, ხომ არ წარმოადგენს “დიპ სტეიტი” და მისი ჩამოშლილი ინსტრუმენტები, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს“ – წერს დავით ქართველიშვილი.









