დღეს წარდგენილი ახალი პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტმა თავად გამოისყიდოს ფართები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებში. ჩვენ მივდივართ, სამხარაულის ეროვნული ბიურო შეაფასებს, ვიხდით საბაზრო ღირებულებას და მოგვაქვს ეს ფართები, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძეს იმედი აქვს, რომ პროგრამით ბევრი მოქალაქე დაინტერესდება.
“დღეს დავამატეთ ახალი ინიციატივა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები, ეს არის ჩვენი ქალაქის სიმდიდრე, რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა, თუმცა ხშირად ვაწყდებით პრობლემებს მოსახლეობასთან, თუ არ იქნება 100%-იანი თანხმობა მოსახლეობის, რეაბილიტაციას ვერ ვახორციელებთ. ამიტომ წარვადგინეთ ინიციატივა, რომ მუნიციპალიტეტმა თავად გამოისყიდოს ფართები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები. ჩვენ მივდივართ, სამხარაულის ეროვნული ბიურო შეაფასებს, ვიხდით საბაზრო ღირებულებას და მოგვაქვს ეს ფართები. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგრამაა, აქაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს მოსახლეობის მხრიდან 100%-იანი თანხმობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი მოქალაქე დაინტერესდება”, – განაცხადა კალაძემ.
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მხრიდან ქირით უზრუნველყოფის წესშიც.
“ვხედავთ თუ რა გამოწვევა დგას ქალაქის წინაშე, პირველ რიგში იმ ოჯახების წინაშე, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც აქვთ უფრო მეტი ფართის მოთხოვნა. ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მივცეთ იმაზე მეტი ფართი, ვიდრე დარეგისტრირებული აქვთ. კიდევ იყო პრობლემა, ჩვენ გაგვყავდა ოჯახები და წლების განმავლობაში ისინი არ თანხმდებოდნენ პროგრამაში ჩართვას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ 6 თვის განმავლობაში ოჯახი უარს განაცხადებს, მუნიციპალიტეტი შეუწყვეტს ქირის გადახდას. ეს ვფიქრობ უფრო წაახალისებს, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს პროგრამაში და მოვახდინოთ ავარიული შენობების დემონტაჟი”, – აღნიშნა კალაძემ.
ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიამ საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ წარუდგინა. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, რომ ავარიული სახლები ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ქირით ცხოვრობენ, დაუბრუნდეთ გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები.
“პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია ამ ადამიანების უსაფრთხოება, რომ ნორმალურ პირობებში ცხოვრობდნენ. ეკონომიკური თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ იმ გაუბედურებულ საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ აქვთ გარკვეული ღირებულება, თუმცა ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ფართი ათჯერ, ოცჯერ უფრო ძვირადღირებულია”, – განაცხადა თბილისის მერმა.









