6 თებერვალი, პარასკევი, 2026
6 თებერვალი, პარასკევი, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლას უცხოურ ძალებთან ძლიერი, ერთგული და პატრიოტი გუნდი სჭირდება. ჰყავს კი ეროვნულობისგან დაცლილ ევროპას ასეთი მებრძოლები?

„დღეს ყველაზე დიდ განსაცდელში ევროპაა არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოებისგან მომავალი „ჩაყლაპვის” საფრთხით, არამედ შიდა ეროვნული იდეოლოგიური სიცარიელით,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ვრცელი პოსტით ეხმიანება ევროსაბჭოს სურვილს მოისმინოს საქართველოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღებული გამოცდილება.

თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ევროპა, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენების თავიდან აცილების სურვილისათვის ამუნათებდა, დღეს სწორედ ამ საქართველოსგან ელოდება რჩევას.

„ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას გვთხოვს. მათ დასჭირდათ იმ პოლიტიკის გატარება, რაც ჩვენ 4 წლის წინ დავიწყეთ და რაზეც ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ევროპიდან მივიღეთ. დღეს ევროპას უცხოური ჩარევისგან თავდაცვა ძირითადად ამერიკისგან სჭირდება, თუმცა არანაკლებ საფრთხეა მათთვის რუსეთი. სწორედ ამიტომ დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის მიყოლებით რუსეთთან მისასვლელი გზების ძიება და ღია განცხადებები.

ამერიკა-რუსეთის ტანდემი შთანთქავს ევროპას. ამიტომ, მათთვის უმჯობესია, თუკი რუსეთთან კვლავ აღადგენენ ურთიერთობებს და თუნდაც მისი გავლენის ქვეშ მოექცევიან. როგორც ჩანს, ამერიკის გეგმა ევროპასთან მიმართებით ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე რუსეთის. გუშინ ვაშინგტონმა ევროპულ „სიტყვის თავისუფლებას” ტირანია უწოდა და მათი ცენზურა „ევროპულ საფრთხედ” მიიღო. ბუნებრივია, ტრამპის მთავრობისგან შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

„ჰიბრიდული ომის” ავტორებისგან ადვილი სამართავია ბრძოლა ევროპის წინააღმდეგ, სადაც ათეული წლებია მყარად ჩამოაყალიბეს ულტრალიბერალური იდეოლოგია. დღეს კი, თითქოსდა ახალი იდეოლოგიით, სურთ მთელი ევროპის „პოლიტიკური რეორგანიზაცია”. ამ პროცესში კი, ევროპა ურჩობს და საქართველოდან, სადაც მათივე შეფასებით, თურმე „დემოკრატიის უკუსვლაა”, ითხოვს გამოცდილების გაზიარებას.

„ბედის ბორბალი” რომ ტრიალებს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. გუშინ რომ ჩვენ „რუსეთუმეებს” გვეძახდნენ, დღეს თავად დგანან პუტინის კართან დასავლელი პოლიტიკოსების გრძელ რიგში. გუშინ რომ ჩვენ რუსთაველი გადაგვიწვეს გამჭვირვალობის კანონის გამო, დღეს თავად დასჭირდათ იგივე და უფრო მკაცრი კანონის მიღება. გუშინ რომ ჩვენ გვაბულინგებდნენ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, დღეს თავად გვთხოვენ ბრძოლის წესების გაზიარებას. სიამოვნებით გადავცემთ გამოცდილებას, მაგრამ მათთან უკვე გვიანია, ამას ვეღარ შეძლებენ, რადგან სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლას უცხოურ ძალებთან ძლიერი, ერთგული და პატრიოტი გუნდი სჭირდება. ჰყავს კი ეროვნულობისგან დაცლილ ევროპას ასეთი მებრძოლები? რაც ჩვენ მათგან ავიტანეთ და გავუძელით, აიტანენ და გაუძლებენ იგივეს თავად ევროპელები უცხოური ძალებისგან? მე მეეჭვება.

ამიტომ არ უნდა მოკლა ერი და ეროვნება ქვეყანაში, რადგან არ იცი, როდის დადგება დრო და დაგჭირდება ეროვნულად მოაზროვნე ხალხი სახელმწიფოს დასაცავად. ეს ბრძოლა რთულია, მაგრამ ჭკვიანი მმართველი ყოველთვის ფიქრობს ამ გარდაუვალ საჭიროებაზე. დღეს ყველაზე დიდ განსაცდელში ევროპაა არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოებისგან მომავალი „ჩაყლაპვის” საფრთხით, არამედ შიდა ეროვნული იდეოლოგიური სიცარიელით. დგება დრო, როდესაც ევროპული ძლიერი სახელმწიფოები ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ, მაგრამ იდეოლოგიურად უფრო ძლიერ სახელმწიფოებს ამოეფარებიან გადასარჩენად. ამით თავად დარწმუნდებიან, რომ ყველანაირი ეკონომიკური სიძლიერე დროს რჩება, ეროვნული სიძლიერე და რწმენა კი – საუკუნეებს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები