მინდა, გამოვეხმაურო “გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც მოყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე აგენტურული ექსპერტების მხრიდან, – წერს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, სოციალურ ქსელში.
მისი განმარტებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსება და ფულადი გზავნილები არ იქნას გამოყენებული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
ზარქუას განცხადებით, მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე.
“მინდა, გამოვეხმაურო “გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც მოყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე აგენტურული ექსპერტების მხრიდან. მათი ყალბი განმარტებების თანახმად, ეს ცვლილებები თითქოსდა ზღუდავს ჩვენი დიასპორელების მიერ ოჯახის წევრებისათვის სოციალური დახმარების სახით ფულადი სახსრების გადმოგზავნას.
რეალურად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს:
• უცხოური დაფინანსება და ფულადი გზავნილები არ იქნას გამოყენებული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ;
• უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და იხარჯებოდეს კანონმდებლობის შესაბამისად;
• უცხოური დაფინანსება არ მოხმარდეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც დააზიანებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკას.
მინდა, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისათვის მკაფიოდ განვმარტო, რომ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე პოლიტიკურ ზეგავლენას, აგრეთვე საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას.
მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე.
დიასპორის მიერ ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული პირადი ფულადი გზავნილები ატარებს სოციალური მხარდაჭერის ხასიათს და არ უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან უცხოური იურიდიული პირის მიზნებს.
ცალსახად აღვნიშნავ, რომ პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს.” – წერს ირაკლი ზარქუა.
https://www.facebook.com/share/17mRBf3YYp/?mibextid=wwXIfr









