„ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი მხრივ, ვითომ დიალოგზე საუბარი და, მეორე მხრივ, იმპერატიული ტონით [დიალოგის გარეშე] ულტიმატუმების დაყენება: უკან გავიწვიოთ ჩვენს მიერ მიღებული კანონები, შემოვიღოთ ვეტინგის სისტემა და სხვ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატიამ საქართველოსთან დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტა, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ.
დეპუტატის განცხადებით, ევრობიუროკრატია ცდილობს საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გახლეჩას, რაც ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯია.
„ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი მხრივ, ვითომ დიალოგზე საუბარი და, მეორე მხრივ, იმპერატიული ტონით [დიალოგის გარეშე] ულტიმატუმების დაყენება: უკან გავიწვიოთ ჩვენს მიერ მიღებული კანონები, შემოვიღოთ ვეტინგის სისტემა და სხვ.
ევროინტეგრაციის საკითხზე საქართველოსთან დიალოგი მათ თავად შეწყვიტეს, რადგან ამ საკითხის გამოყენება საქართველოში რევოლუციური პროცესების პროვოცირებისთვის სურდათ. დღეს ევრობიუროკრატები დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა მის დასაწყებად არანაირ ნაბიჯს არ დგამენ. განა დიალოგის დაწყებას ულტიმატუმების წამოყენება და რაიმე პირობების წაყენება სჭირდება? ან რა აუცილებელია დიალოგის დაწყებამდე რაიმე წინაპირობის შექმნა? საჭიროა, დავსხდეთ, ღიად და გახსნილად ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემატურად მიაჩნია ევროკავშირს ან ჩვენ.
სწორედ ეს დიალოგის სივრცე ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას. რაც შეეხება მარტა კოსის განცხადებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ, საბედნიეროდ, ევროკავშირში არსებობს საღი აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება გადამჭრელი და უსამართლო ზომების მიღებას, რომლის შედეგადაც საქართველოში კიდევ უფრო გამძაფრდება ანტიევროპული განწყობები, რომელიც ბოლო პერიოდში მომატებულია სწორედ მათი ასეთი უსამართლო განცხადებების გამო.
ჩვენ გამოვთქვამთ დიალოგისთვის მზადყოფნას, თუმცა მეორე მხარე ამისთვის მზად არ არის. ბრიუსელის უსამართლო მიდგომები კიდევ ერთ საკითხში გამოიხატება: ისინი ცდილობენ ხალხისა და ხელისუფლების გახლეჩას, რაც ასევე ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯია. აცხადებენ, რომ საზოგადოებას გვერდში უდგანან, თუმცა ხელისუფლებას არ ესაუბრებიან.
რას ნიშნავს ეს? სწორედ ქართველმა ხალხმა აირჩია მთავრობა; დემოკრატიული პრინციპების თანახმად, ქვეყანას სწორედ ეს ხელისუფლება მართავს, რადგან მან დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა და ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირს საუბარი არ სურს?! სად ირღვევა ევროპული ფასეულობები – საქართველოში თუ ევროკავშირში?“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









