3 იანვარი, შაბათი, 2026
3 იანვარი, შაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე: კარი არ იკეტება, მაგრამ შესვლა რთულდება მათთვის, ვინც წესების დაცვას არ აპირებს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შემოღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი 2026 წლიდან ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკის ეტაპობრივ გამკაცრებას და მართვად მოდელზე გადასვლას ემსახურება.

„ეს არის რბილი სტაბილიზაციის კლასიკური მოდელი — კარი არ იკეტება, მაგრამ შესვლა რთულდება მათთვის, ვინც წესების დაცვას არ აპირებს“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ტექნიკური რეგულაცია წინასწარი მიგრაციული კონტროლის მექანიზმად იქცევა და ქვეყნისთვის არალეგალური მიგრაციის რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

“სასწაული „არაბოფილიით“ იწყებს ხელისუფლება 2026 წელს — ქვეყნის „არაბიზაციის“ პირობებში, 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა ერთი შეხედვით წმინდა ტექნიკური წესი: ყველა უცხოელი ტურისტი ქვეყანაში შესვლისას ვალდებულია იქონიოს სამედიცინო დაზღვევა არანაკლებ 30 000 ლარის დაფარვით. სპარსეთის ყურის რეგიონში შემავალი არაბული ქვეყნების წამყვანმა მედიასაშუალებებმა (Gulf News, Travel and Tour World, Time Out Abu Dhabi) უკვე გააფრთხილეს ამის შესახებ საკუთარი მოქალაქეები.

მიგრაციული პროცესებისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა ექნება — ბოლო წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილში საქართველო აღიქმებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური შესვლის პუნქტი: ვიზალიბერალიზაციით, მინიმალური ფორმალობებითა და წინასწარი მკაცრი ფილტრაციის გარეშე. სწორედ მსგავსი ქვეყნები ხდებიან არალეგალური მიგრაციის მიზიდულობის ცენტრი. სავალდებულო, თანაც ძვირადღირებული დაზღვევის მოთხოვნა ამ აღქმას პრინციპულად ცვლის. ის არ კეტავს საზღვარს, მაგრამ ანგრევს ქვეყნის, როგორც „გავლითი ეზოს“, იმიჯს.

იქმნება ახალი — გამკაცრებული შემოწმებების, მოთხოვნებისა და შემოსვლაზე უარის თქმის — ასპექტები უკვე საზღვარზე. პოტენციური მიგრანტების ნაწილისთვის ეს სრულიად საკმარისია ალტერნატიული მიმართულების არჩევისთვის. ახალი წესი პრაქტიკულად არ შეეხება უზრუნველყოფილ ტურისტებს, ლეგალურ ბიზნესვიზიტორებსა და გრძელვადიან რეზიდენტებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტატუსით.

თუმცა ის პირდაპირ ურტყამს მათ, ვინც მინიმალური ფინანსებით შედის ქვეყანაში, ვინც საქართველოს განიხილავს არალეგალურად დამკვიდრების პოტენციურ წერტილად და ვინც გეგმავს დარჩენას ნებადართული ვადის გასვლის შემდეგ. ამ კატეგორიისთვის მოთხოვნების თუნდაც მცირე გაძვირება და ფორმალიზაცია კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს.

სპარსეთის ყურის რეგიონზე ყურადღება გამახვილებულია იმ მიზეზითაც, რომ ეს სივრცე სავსეა მილიონობით შრომითი მიგრანტით აზიიდან და აფრიკიდან, რომლებიც დროებითი სტატუსით იმყოფებიან და მუდმივად ეძებენ ახალ საიმიგრაციო მარშრუტებს. სწორედ ამიტომ მესამე ქვეყნებში შესვლის წესების ნებისმიერი ცვლილება იქ განსაკუთრებულად მგრძნობიარედ აღიქმება.

სავალდებულო და ძვირადღირებული დაზღვევის შესახებ ინფორმაციული გაფრთხილება ფაქტობრივად ასრულებს წინასწარი მიგრაციული კონტროლის ფუნქციას, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედებს. ეს არ არის რეპრესიული ინსტრუმენტი — ის არ ანაცვლებს მოქმედ სადეპორტაციო წესებს და არ იწვევს სავიზო შეზღუდვებს, თუმცა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს არსებულ სისტემაზე უარყოფითი და სახიფათო ზეწოლა.

ეს არის რბილი სტაბილიზაციის კლასიკური მოდელი: კარი არ იკეტება, მაგრამ შესვლა რთულდება მათთვის, ვინც წესების დაცვას არ აპირებს. 2026 წლიდან საქართველო ეტაპობრივად ტოვებს ულტრალიბერალურ მოდელს და გადადის მართვად მიგრაციულ პოლიტიკაზე, სადაც კონტროლი იწყება არა საზღვარზე, არამედ მგზავრობის გადაწყვეტილების მიღების მომენტში. სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონისთვის, ეს წესი შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვა”- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები