31 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
31 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ! – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, გასული წელი სავსე იყო სირთულეებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხის გონიერებით და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პრაგმატული პოლიტიკით, ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცა.

„ძვირფასო თანამოქალაქენო! საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო!
გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
გამოწვევებით და სირთულეებით იყო აღსავსე გასული წელი. საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე. ჩვენ ყველა ერთად ვხედავდით იმ ღია, დაუფარავ და უთანასწორო დაპირისპირებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის წინააღმდეგ, დაპირისპირებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.
ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში.“ – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი საახალწლო მიმართვაში.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს აპირებს, რადგან სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები არიან, რომ დაიცვან ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რამაც მრავალსაუკუნოვანი ქართველი ერი დღემდე მოიყვანა.

„რა თქმა უნდა, გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი კულტურა და ტრადიციები დგას, ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები, ამიტომაც, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი! სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა, დავიცვათ ყველა ის ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!

ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!“ – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები