საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშს განცხადებით გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ ანგარიშში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა, რომ ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან.
„დღეს 4 ნოემბერია და ჩემი ბრიფინგი მინდა დავიწყო შეხსენებით, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, 4 ოქტომბერს რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერის ფონზე, ძალადობრივი შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე. სახელმწიფო ბეწვზე გადაურჩა სისხლისღვრასა და წარსულ ქაოსში დაბრუნებას. კარგი იქნებოდა, დღეს მაინც, მოგვესმინა ბრიუსელის მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია საქართველოში რადიკალურ ჯგუფებზე, ხელისუფლების დამხობაზე, რომლის უკანაც, არცთუ უარგუმენტოდ, ძაფები მიდის თავად ბრიუსელთან.
სწორედ ეს თვალსაჩინო ფაქტია იმ ფონისა თუ დამოკიდებულების ყველაზე ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორ ეპყრობა ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და მის არჩევანს ევროპული ბიუროკრატია. ბიუროკრატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებასა და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას.
ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სადაც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან.
ზუსტად ამგვარი, უკვე ტრადიციად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშიც, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა.
სწორედ ამიტომ, გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს.
წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა „რუსულ დეზინფორმაციას“, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, ენჯეოებისა და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგით დაფინანსების შესახებ, ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე.
ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელსაც მოქმედი ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნების შესახებ, რითიც კიდევ ერთხელ დგება სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს.
ცრუობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ, როდესაც დასავლური ანალოგებიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნ დოკუმენტს ფუნდამენტური უფლებების დარღვევად წარმოაჩენს და არაფერს ამბობს სიმართლეზე, რომ ევროკავშირის ფული რადიკალიზმის და დეზინფორმაციის დასაფინანსებლად გამოიყენება. არაფერს ამბობს იმიტომ, რომ საკუთარ სქემებზე მოუწევს საუბარი.
დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს.
საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა განსაკუთრებით გამოჩნდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშკარად იყო, და არის, მოლდოვასა და უკრაინაზე წინ, ევროკავშირთან ინტეგრაციის ყველა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით. ხელის გულზე დევს, რომ ამ უსამართლობის მიზანი საქართველოში არეულობის გამოწვევა იყო.
მას შემდეგ, დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური პასუხისმგებლობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის ნაცვლად, ვხედავთ ბრიუსელის მცდელობებს, საქართველოს მთავრობა იდეოლოგიური და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მოაქციოს. ეს დიქტატი არა მხოლოდ იდეოლოგიურია, არამედ პოლიტიკურად მართული და მოტივირებულია კომისიისა და ევროპარლამენტის ზოგიერთი ფრაქციის მიერ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ევროპოლიტიკოსი, თავიანთ ვიწრო გეოპოლიტიკურ ნარატივებსა და ინტერესებს პედალირებს, რათა აიძულოს საქართველო, რუსეთთან უფრო ღრმა კონფლიქტში შევიდეს, საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასად. ეს ყველაფერი კეთდება იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ძვირფასი ევროპული იდეალი უნდა იყოს მშვიდობა და კონფლიქტის გადაჭრა, და არა ომისა და კონფლიქტის დათესვა და გაღვივება.
ღირებულებებში უკუსვლა აშკარაა იმაშიც, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოში, როდესაც მხარს უჭერს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სიძულვილის ენას შერიგების ნაცვლად; პოლარიზაციას კონსენსუსის ნაცვლად; ძალადობას დიალოგის ნაცვლად:
• ამ ნაბიჯებს შორისაა ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების უარყოფა, თანაც ნულოვანი მტკიცებულებით და არჩევნებზე დაკვირვების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ეუთო/ოდირის ანგარიშების ფეხქვეშ გათელვით, რამაც 2020 წლიდან სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა.
• ასეთი მიუღებელი ნაბიჯია ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, თითქოსდა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, მაგრამ, რეალურად რადიკალური, ძალადობრივი ოპოზიციის მხარდაჭერის მიზნით, რომლის დიდი ნაწილიც წარმოიშვა სააკაშვილის რეპრესიული, დიქტატორული რეჟიმიდან
• ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს.
ახლა ბრიუსელი ცდილობს ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას: ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები – ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითარება.
სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთისა და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად, არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებებსა და ინსტრუქციებს.
უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არამხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გვქონდა.
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა.
ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გამოღვიძებას ევროპაში, როდესაც ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით, ირჩევენ მთავრობებს და სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირს ნამდვილი ღირებულებების სისტემაში აბრუნებს, უარყოფს ბრიუსელის უსამართლო და არასათანადო ჩარევას შიდა საქმეებში, ეროვნულ ღირებულებებში, ხალხის ნებაში, ნამდვილ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ერწყმის საქართველოს მომავალი ტრაექტორია ევროკავშირის სათანადო ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარების გზას.
ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









