პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს მედიასთან ეხმიანება.
„ჩვენ ვიცით ის უსამართლობები, რასაც ერქვა არაერთი რეზოლუცია, ან ბიძინა ივანიშვილის შეყვანა იმ ადამიანების სიაში, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, ისეთი ოდიოზური ორგანიზააციის მხრიდან, როგორც არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ის შედეგი მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო – უკრაინა და მოლდოვა დაწინაურდნენ, საქართელომ კი ნეგატიური შეფასებები მიიღო.
დავით ქართველიშვილის განმარტებით, საქართველოს რომ გაეთვალისწინებინა ბრიუსელის მოთხოვნები მაგალითად, გაეუქმებინა გამჭვირვალობის და არასრულწლოვანთა დაცვის კანონები, ქვეყანა ნეგატიურ შეფასებას არ მიიღებდა.
„ამ შეფასებებიდან [ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან] აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ის შედეგი, რომლის მიხედვითაც, რა თქმა უნდა, მოლდოვა და უკრაინა მოწინავე პოზიციებზეა და საქართველომ კი ნეგატიური შეფასება მიიღო. ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა პარამეტრში, ასრულებს იმ მოთხოვნები, რაც დაწესებული აქვს ევროკავშირსა და ევროკომისიას, არ წყვეტს იმ ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც გაცხადებული აქვს, მათ შორის, საკონსტიტუციო დონეზეც. დარწმუნებული ვარ, ამ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს რომ გაეუქმებინა არასრულწლოვანთა დაცვის კანონები, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, დაენიშნა უზენაესი საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ ჯო უილსონი ან გადაედგა სხვა მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც აკვიატებულად ითხოვდნენ ევროპელები, ქვეყანა დღეს მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა. ამ სიას თუ დაუმატებდა მაგალითად იმ პროგრამაში ჩართვას, რომელიც 2030 წლამდე ევროკავშირის სივრცეში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის გამარტივებულ წესს ითვალისწინებს ან უკრაინასავით შემოიღებდა პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონს, დღესვე ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი. შესაძლოა, პატრიარქიც რომ შეგვეცვალა დოროთე ყურაშვილით, ბრიუსელიდან ევროკავშირის ცენტრს თბილისში გადმოენაცვლა. ჩვენ ვიცით ის უსამართლობები, რასაც ერქვა არაერთი რეზოლუცია, ან ბიძინა ივანიშვილის შეყვანა იმ ადამიანების სიაში, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, ისეთი ოდიოზური ორგანიზააციის მხრიდან, როგორც არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
ევროპელი ბიუროკრატები იმ ყველაფერზე თვალს ხუჭვენ, რასაც ადგილი აქვს მოლდოვაშიც და უკრაინაშიც. თუნდაც ამ კომპონენტში, უკრაინაში ექვსი ცენტრალური ტელევიზია გაქრა ტელეეთერებიდან, მოლდოვაში ათამდე ტელევიზია გაქრა, მაგრამ მათ ამას დემოკრატიის წინსვლად უთვლიან,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.









