პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საქართველოში EMAAR-ის 6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმასა და მასთან დაკავშირებით რადიკალების კრიტიკულ განცხადებებზე მედიასთან ისაუბრა.
ექსპერტი გლობალურ პროექტს უწოდებს საქართველოში EMAAR-ის 6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმას.
მისი თქმით, ზემოთხსენებული გლობალური პროექტის გამო, ხელისუფლებას უპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ექსპერტებითა და პროცენტნახევრიანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური პარტიებით, რომელთა არგუმენტების უკან მხოლოდ პოპულიზმი და აღქმები დგას.
„ამ გლობალური პროექტის გამო, ხელისუფლებას ღიად უპირისპირდება „ნაცსექტა“, ეკონომიკის დარგში თავისი ექსპერტებითა და პროცენტნახევრიანი რეიტინგის მქონე სხვა პოლიტიკური პარტიებით. მათი არგუმენტების უკან კი, პოპულიზმი და აღქმები დგას. არანაირი საგნობრივი ოპონირება მათგან, სამწუხაროდ, არ გამიგია.
მსურს მივმართო „ნაცსექტის“ ექსპერტებს, როდესაც რუსეთს თქვენმა ბელადმა და რეჟიმმა აჩუქა მთელი რიგი ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტები, სად იყო თქვენი ხმა? როდესაც თქვენმა ბელადმა საქართველოში ჩამოიყვანა ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ყაზახი ბიზნესმენები – აბლიაზოვი და ტატიშევი, დააჯილდოვა ღირსების ორდენით და ზუსტად ორ წელიწადში აბლიაზოვმა თავისი კომპანიონის ტატიშევის ძმის მკვლელობა შეუკვეთა ქილერს, სად იყო თქვენი ხმა? როდესაც 2011 წელს „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ნაზარბაევის სიძე, კულიბაევი ჩამოიყვანა ინვესტიციებით აჭარაში, ვინმემ ხმა ამოიღო?
ჩვენ სამწუხაროდ ისეთ საინვესტიციო გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ჩრდილოეთით რუსეთია, როგორც ოკუპანტი, დასავლეთით ბრიუსელი, რომელსაც ჩვენთვის არ სცალია იმიტომ, რომ 600 მილიარდიანი ინვესტიცია აქვს ჩასადები ამერიკის შეერთებულ შტატებში. გლობალურ სამყაროს წარმოადგენენ არაბები, რომელთა ხელშიც არის ფული და ჩინეთი, სადაც ჩინელები ცხოვრობენ. რა ვქნათ, ინვესტიციები არ მოვიზიდოთ საქართველოში? არ გავამყაროთ ეკონომიკა? არაერთხელ გვსმენია ჰუალინგის გარშემო ატეხილი ამბავი – საქართველოს დაღუპავს ჩინეთიზაციაო. დაიღუპა საქართველო ჩინელების გამო? ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ ფანტაზიის სფეროში,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.









