21 წლის იყო პირველი ლექცია რომ ჩაატარა. 35 წლის ასაკში პროფესორი გახდა, რაც სფეროს მცოდნე სპეციალისტების შეფასებით ფილოლოგიაში ძალიან ადრეა. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული: გახლავთ სახელმწიფო ეროვნული პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლის მფლობელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლის მფლობელი, გოგებაშვილის და ლეონიძის პრემიების ლაურეატი, 62 წიგნის და მონოგრაფიის ავტორი, თუმცა, მისთვის ყველზე დიდი და ძვირფასი ჯილდო სტუდენტების სიყვარულია. ადამიანი ხანში რომ შედის მოგონებები იმატებს, შთაბეჭდილებები კი იკლებს, ნანახი ჭარბობს სანახავს, რაც კანონზომიერიაო, გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ჩვენი, სტუდენტების თხოვნით გვიზიარებს თავის მოგონებებს ბავშობაზე, სტუდენტობაზე, თავის პირველ წარმატებებზე…
თემურ ჯაგოდნიშვილი ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
ბავშვობა
ჩემი ბავშვობა, დღევანდელი გადასახედიდან განსხვავებული იყო და საინტერესოც. დავიბადე და გავიზარდე საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში. დალოცვილი მხარეა, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი რამ აღბეჭდა ჩემს გონებაში, თავისი ჭალებით, ვენახებით, ტყისპირებით და მდელოებით… ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ვიცოდი ტყის ყველა ბილიკი, ტყის ხილის გემო: ტყის მაჟალო, პანტა, ზღმარტლი, შინდი, წიფლის ნაყოფი, რომელსაც მოხალავ და მზესუმზირაზე ბევრად გემრიელიც კია. შემოდგომით წიფლის ან წაბლის ტყეში სიარულს არაფერი შეედრება. ბუნების განცდა და ბუნების შვილობა იყო პირველი და ყველაზე გაუხუნარი შთაბეჭდილება, რამაც ბევრი მომცა… ახლაც, როდესაც რამეს ვკითხულობ, როგორც ფილმს, როგორც ფოტოგრაფიას ისე წარმოვიდგენ წაკითხულს. ვერბალურის ვიზუალიზება და ეს ვიზუალიზების საოცარი პროცესი აღქმა-გაცნობიერებას უწყობს ხელს.
კიდევ ერთ რამ, რაც ბავშვობიდან გამომყვა, ეს არის ნაბეჭდი სიტყვისადმი დიდი ნდობა. ჩემთან, სოფელში ძველი თაობა ახლაც ძალიან სერიოზულად შემოგედავება იმაზე, თუ ეტყვით, რომ წიგნში ან გაზეთში რაიმე ფაქტი არასწორია – რას ამბობ, თუ წერია, ე.ი. „წყალი არ გაუვაო…“
ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ მყარად იყო შემორჩენილი ზეპირსიტყვიერი თხრობის ტრადიცია: ზღაპრების, ამბების, ლეგენდების თხრობა. ჩვენ, ამ ზეპირსიტყვიერ ტრადიციას გვაზიარებდა ბაბო, (ბაბალე ოძელაშვილი, ჩემი ბებია). დაწყებითი განათლების მქონე ქალბატონი ასე უდგებოდა საკითხს: წამიკითხავდა რაიმე ზღაპარს, გამოტოვებდა პასაჟს და მეტყოდა: აბა როგორ შეავსებდიო… ან წამიკითხავდა ზღაპარს და მეტყოდა, აბა ამ ზღაპრის მიხედვით მოიფიქრეო რაიმე ამბავი. ახლა ვხვდები რაოდენ სერიოზული წვრთნა იყო ეს ჩემთვის, როგორც გონებრივი, ასევე ინტელექტუალური.
დღევანდელ ახალგაზრდებს არაფერს ვუწუნებ, ყველა ეპოქას თავისი ღირებულებები მოაქვს. უფროსი თაობის დიდი შეცდომა ის გახლავთ, რომ საკუთარი გადასახედიდან აფასებენ ახალგაზრდობას. ასე არ უნდა იყოს, თუ შეფასება გინდა, მათ დონეზე უნდა დადგე და იქიდან შეაფასო. ერთ რამეს კი მაინც შევადარებდი, ეს არის წარმოსახვა. წარმოსახვა გადამწყვეტ როლს თამაშობს გარე სინამდვილის გააზრებაში. ფაქტს, ცალკე, ეგზისტენციალურად ხომ არ ვხედავთ და განვიცდით?! მთლიანობაში ვაფასებთ. აქ წარმოსახვა ამბობს თავის სიტყვას, უამისოდ არაფერი გამოვა, არც ზეპირი მეტყველება და არც წერითი მეტყველება. აი, ეს მომცა ბავშვობამ და კიდევ ერთი, შრომის ყადრი და კულტურა მასწავლა.
სრულიად პატარა ბავშვი ვიყავი, როდესაც პატარ-პატარა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში საქმეებს მავალებდნენ, მაგალითად მახლობელი ტყიდან ფიჩხის მოტანას, თონის დასანთებად, სადაც ჩემი ბაბო პურს აცხობდა. ერთი ასეთი შემთხვევაც იყო, ცომი მოზილა, გაამზადა და ფიჩხი არ ჰქონდა. მოტანა დამიგვიანდა. უცებ გავიქეცი თანატოლებთან ერთად, მოვიტანეთ და არც გვაცალეს ფიჩხის დაყრა – თონე დაანთეს. პირველად მაშინ ვიგრძენი ჩემი საჭიროება, რომ რაღაც ისეთი გავაკეთე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის კი არ იყო ღირებულების მქონე – ოჯახს სჭირდებოდა, სხვებს სჭირდებოდა… აი, ეს გამომყვა მთელი ცხოვრება. ახლაც, თუ რამეს ვაკეთებ, რამეს ვწერ, სულ მიდგას წარმოსახვითი ადრესატი: როგორ შეხედავს, როგორ გამოადგება… ადამიანი, ერთდროულად დროის სამ განზომილებაში უნდა ცხოვრობდეს: ბავშვობა – წარსული, აწმყო და მომავალში უნდა იყურებოდეს. მაშინ აქვს ცხოვრებას ხიბლი, ფასი და შედეგიც…
მშობლები
მშობლები, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები გახლდნენ, მშრომელები. გვასწავლიდნენ სწავლის, განათლების ფასს. აი, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მეხსიერებაში ჩამრჩა. შესაძლოა, ბევრი რამ არ გვქონდა, გვიჭირდა… (მაგალითად, არ გვქონდა ნაძვის ხის სათამაშოები, ჩვენ თვითონ ვაკეთებდით. ვჭრიდით, ქაღალდით, წებოს დახმარებით…) მაგრამ წიგნი ყოველთვის გვქონდა სახლში. აი, ამას აკეთებდნენ ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება.
სკოლა
ამ თემაზე ვხუმრობ-ხოლმე. საქართველოში სკოლა არ დარჩენილა, რომ არ მესწავლა. ჯერ სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ, ჩემი მშობლების სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს, ამიტომ სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდი. სკოლაში სწავლის პერიოდში ვიყავი ლიდერიც, მაშინ ლიდერობა გამოიხატებოდა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავკაცობაში, კომკავშირი რომ ერქვა. შეიძლება ითქვას, სკოლა ჩემთვის ასოცირდება ადამიანური ყოფის ბედნიერ წლებთან.
სტუდენტობა
ხშირად მიფიქრია, რა არის საერთო და განმასხვავებელი ჩემი და დღევანდელი სტუდენტების სტუდენტობას შორის. პირველი განმასხვავებელი ნიშანი მაინც ის უდარდელობაა, უზრუნველი უდარდელობა, როდესაც ჩიტის გულივით ფართხალებს სიხარული ადამიანის გულში. ყველაფერს სიყვარულით სავსე თვალებით უყურებ და ვერც წარმოიდგენ, რომ შესაძლოა ამ ქვეყანაზე ბოროტება იყოს. ეს მოჭარბებულად იყო ჩვენში, რადგან ჩვენი ცხოვრების ფინანსურ ნაწილზე ნაკლებად გვიწევდა დარდი. ნუ იფიქრებთ, რომ ბევრი გვქონდა ფული და ამით ვიყავით დალხენილი, ფული ცოტა გვქონდა, მაგრამ მსყიდველუნარიანობა იყო მეტი. ერთი მანეთი გზის ფულადაც მყოფნიდა და სადილის ფულადაც. მებრალებიან ჩემი სტუდენტები. ჯერ სწავლის გადასახადი, ელემენტარულად, რომ წაიხემსონ რამდენი სჭირდებათ… რა ქნან ოჯახებმა?! დარბიან, მუშაობენ…მე სტუდენტს ვეღარ ვუწყრები, რატომ აცდენს ლექციას. უნდა იმუშაოს, რომ არ იმუშაოს რა ქნას, რით გადაიხადოს ან სწავლის ქირა ან როგორ უნდა იმოძრაოს, როგორ გამოიკვებოს…
პირველი სამსახური
ჩემი პირველი სამსახური დიდი ლეგენდაა, დაუფარავად ვიტყვი. მე ბედმა გამიღიმა, გამიმართლა და სახელმწიფო გამოცდაზე, როდესაც უნივერსიტეტს ვამთავრებდი, შემთხვევით გამოცდაზე შემოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, ბატონი გურამ ჭილაშვილი. ბედად, მე ვპასუხობდი და ჩემ პასუხს შეესწრო. ეს მომენტი გახდა, კარგი გაგებით, საბედისწერო. დაიმახსოვრა ჩემი პასუხი და ისე მოხდა, რომ იმ დროს ჩვენი რექტორი, აკადემიკოსი ილია ვეკუა ახალი არჩეული იყო „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის“ პრეზიდენტად, ნიკო მუსხელიშვილის შემდეგ. უკვე უნივერსიტეტი დასრულებული მქონდა, ასპირანტურისთვის ვემზადებოდი და ბატონმა გურამ ჭილაშვილმა მიხმო თავისთან, ბატონი ილია ეძებს თანაშემწეს და ხომ არ წახვალო… გავბედე დავთანხმდი. მივედი ბატონ ილიასთან, ამიყვანა გამოსაცდელი ვადით და შევრჩი… პრეზიდენტის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა და ვიდრე ბატონი ილია იყო აკადემიის პრეზიდენტი, მე მასთან ვმუშაობდი.
პირველი უნივერსიტეტი და პირველი ლექცია
ჩემი პირველი ლექცია ჩავატარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთადერთ და განუმეორებელ უნივერსიტეტში, ჩვენს ალმა-მატერში – 103-ე აუდიტორიაში, 1976 წელს. 21 წლის ვიყავი. ეს იყო ოქტომბერი.
ოქტომბერი, რაღაცნაირად, კარგი გაგებით საბედისწეროდ თან დამყვა. ოქტომბერში ჩავირიცხე უნივერსიტეტში, ოქტომბერში დავიწყე მუშაობა აკადემიის პრეზიდიუმში და ოქტომბერში დავიწყე ლექციების წაკითხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამახსოვრო
ბევრ უნივერსიტეტში მიმუშავია, დასამახსოვრებელი ბევრი კარგი რამ მაქვს, მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი სტუდენტებთან ურთიერთობაა. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ – ერთ დღეს შევედი აუდიტორიაში, სტუდენტებმა პატარა ყუთი გადმომცეს. შიგ იდო კალამი, რომელზეც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული. უამრავი ჯილდო მაქვს, ვარ სახელმწიფო ეროვნული პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლის მფლობელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლის მფლობელი, გოგებაშვილის და ლეონიძის პრემიის ლაურეატი, მაგრამ ამაზე დიდი და ძვირფასი ჯილდო მე არ მიმიღია. ეს იყო საოცარი სიყვარულის გამოვლენა სტუდენტებისგან. არასოდეს დამავიწყდება. ასე დამაქვს და ვუფრთხილდები.
ოჯახი
ბრწყინვალე ოჯახი მყავს. ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი მყავს.
მთავარი ადამიანური ღირებულება
სიკეთის დანახვა მთავარი ადამიანური ღირებულებაა. სიკეთე არამხოლოდ უნდა აკეთო, არამედ, უნდა დაინახო კიდეც. უმადურობა საშინელებაა და დაღუპავს ქვეყანას. ჩვენი ყველაზე დიდი, ეროვნულ ნაკლია უმადურობა და თუ რაიმე დაგვაჩოქებს ამ ქვეყანას, ეს ნაკლი იქნება. ასე მგონია.
ესაუბრა: ანა მიქაძე
(ანა მიქაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი)