7 ივნისი, შაბათი, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

„ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია – ეს ჩვენი კლასის დევიზია“- ინტერვიუ მარნეულის მე-3 სკოლის პედაგოგთან, მაია ბარბაქაძესთან

დაწყებითი კლასების მასწავლებლობა, მხოლოდ საგნების სწავლება არ არის – ეს იმავდროულად ნიშნავს იყო ის ადამიანი, ვისაც ბავშვი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაიხსენებს, როგორც გზის მაჩვენებელს. ჩვენი ინტერვიუს რესპონდენტი, მაია ბარბაქაძეა. ის, გულწრფელად გვესაუბრა მასწავლებლის პროფესიის სირთულესა და სიხარულზე. მასთან ერთად ვისაუბრეთ ბავშვებთან პირველ შეხვედრებზე, სწავლების მეთოდებსა და იმ სიყვარულზე, რაც მასწავლებლობას ახლავს თან.

– როგორ გაიხსენებთ თქვენს ბავშვობას? როგორი მოსწავლე იყავით?

– ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, ზაფხული იყო როცა ერთი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან და დედას სთხოვა კლასში ავეყვანე. მე ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, დედა ამის გამო თავს იკავებდა, მაგრამ მაინც ჩამწერეს პირველი კლასის სიაში. მე სწავლა დავიწყე 5 წლისამ. ეს საყვარელი ქალბატონი კი, ჩემი პირველი მასწავლებელი
აღმოჩნდა. კარგი მოსწავლე ვიყავი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანი.

– რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი უნდა გამხდარიყავით?

– დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ეს ქალბატონი ლუიზა ტაბატაძე, რომელიც 11 გოგოს და 11 ბიჭს დიდი სიყვარულით, სითბოთი და სიყოჩაღით გვზრდიდა, იმდენად მომწონდა მისი მიდგომები, მინდოდა მეც ასეთი ვყოფილიყავი. სასახელო, მოსიყვარულე და ყურადღებიანი.

– რა შეიცვალა მასწავლებლობაში
მას შემდეგ, რაც პირველად კლასში შეხვედით?

– მასწავლებლობა ძალზედ საპასუხისმგებლო პროფესიაა. ბავშვი, რომელიც შენგან ელოდება საოცარ სითბოს, ყურადღებას, მოლოდინები არ უნდა გაუცრუო. თითოეული ბავშვის უნარები უნდა შეისწავლო და მოარგო მათი შესაძლებლობები, აიყვანო იმ დონეზე რაც ჩაიფიქრე და დაისახე მიზნად.

– ⁠რა გახსენდებათ ყველაზე ემოციური ან დასამახსოვრებელი შემთხვევა მოსწავლესთან?

– თავიდანვე დაწყებითებში დავეუფლე
ჩემს პროფესიას, იყო მაღალი კლასიც, მაგრამ ვატყობდი ყველას ერთნაირი სიყვარულით ვუყვარდი, ისეთი თვალებით მიყურებდნენ თვალებში, მგონი ამან კიდევ უფრო გამააქტიურა.

– როგორ აძლევთ მოტივაციას ბავშვებს, რომლებიც თავდაპირველად უინტერესოდ ეკიდებიან სწავლას?

– ერთმანეთს ვეკითხებით: რა არ შეგვიძლია? ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ესაა ჩვენი დევიზი. ღმერთმა გვიბოძა ყველაფერი, რომ ვიყოთ საუკეთესოები.

– ⁠რას ნიშნავს თქვენთვის თანამშრომლობა მშობლებთან? როგორ აგვარებთ რთულ სიტუაციებს ან გაუგებრობებს?

– ეს მთავარია. მშობელი უმთავრესია ჩაერთოს შვილის სწავლა-განათლებაში, ისევე შეაქოს და დაუდგეს მის შვილს გვერდით, როგორც მე ვცდილობ დავანახო მისი შვილის შესაძლებლობები და დამიდგნენ გვერდით.

– რა არის ყველაზე რთული თქვენს საქმეში?

– ოჯახური მდგომარეობა ბავშვების, მძიმე სოციუმი… ირგვლივ ამდენი პრობლემა… თითქოს, მათზე ყველაფერი ერთად მოქმედებს, თუმცა, მე ვცდილობ მშობლებს ვუთხრა, ზოგჯერ ვსაყვედურობ ბევრი დრო დაუთმონ მათ, ესაუბრონ ხშირად სიკეთეზე, სიყვარულზე, გააკეთონ მათთან ერთად საშინაო დავალებები, თითოეული წარმატება დაუფასონ.

– რას თვლით თქვენი საქმიანობის ყველაზე დიდ მიღწევად?

– ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ჩემს „შრომისუნარიანობას“ ყოველი დღე და ღამე გაკვეთილის დაგეგმვაში, რესურსების შექმნასა და მეტი ნოყიერი გაკვეთილის ჩატარების ფიქრში ვარ.

– რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა ერთი სიტყვით?

-კეთილსინდისიერი.

– რომ არ ყოფილიყავით მასწავლებელი, ვინ იქნებოდით?

-მასწავლებელი ვიქნებოდი, მე სხვა სამსახურით დავკავდი. ჩემმა მეგობარმა მირჩია – არა, მოდი შენ უნდა იყო… რომ არ ვყოფილიყავი მასწავლებელი, ალბათ ოცნებაში ამომხდებოდა სული.

– როგორი ადამიანია თქვენი
აზრით კარგი პედაგოგი?

– განათლებული. მიუხედავად იმისა, რომ 4 +1 წელი ვისწავლე, ერთი წელი პრაქტიკას გავდიოდი სრულად მთელი დღე დაწყებითებში, შემდეგ ჩავაბარე გამოცდა უმაღლესი ქულით და ამაყი ვარ, რომ კარგი, განათლებული, კეთილსინდისიერი და სამართლიანი პედაგოგი ვარ.

– რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც ახლა იწყებს მუშაობას?

– ყველა მაძიებელს გვერდით ვუდგავარ. ვხვდები ხალისით, მგონია, რომ ტყუილად არ შემოსულან იმ სკოლის კედლებში, სადაც თავიანთ საქმიანობს უნდა დაეუფლონ. ყველა პედაგოგს ვურჩევდი იყვნენ კეთილსინდისიერები განათლებულები, ტოლერანტები და შრომისმოყვარეები.

ესაუბრა: ფირუზა ადგეზალოვა

(ფირუზა ადგეზალოვა გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პრიგრამის ||| კურსის სტუდენტი)

ავტორი:

ბოლო სიახლეები