გასულმა წელმა საზოგადოებას განსაკუთრებული გამოწვევებით, გამარჯვებებით და შიდა თუ გარე ბრძოლებით დაამახსოვრა თავი. რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი გასულ წელს და როგორი იქნება ახალი 2025 წელი საქართველოსთვის?
ონლაინგამოცემა „მხარე“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:
– ძალიან მრავალფეროვანი წელი იყო. იყო მოლოდინი, რომ არჩევნები ჩააწყნარებდა სიტუაციას, მაგრამ მოხდა პირიქით. ხელისუფლებამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ლამის თვითონაც აღიარა, რომ სპეციალურად გადადგა მაპროვოცირებელი ნაბიჯები, რათა გამოვლენილიყო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გამოვლენით კი გამოავლინა ასეთი ჯგუფები, მაგრამ, როდესაც პროვოცირებამ შეიძლება შეიწიროს პაციენტი, ეს მედიცინაში დადებით მოვლენად არ არის აღქმული და როგორ მოიძებნება გამოსავალი ჯერჯერობით არავინ არ იცის.
– რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი გასულ წელს თქვენი მოსაზრებით?
-პირველ რიგში ის, რომ წინასაარჩევნოდ წამოწეული ომის და მშვიდობის საკითხიდან, მოსახლეობამ აირჩია სტაბილურობისა და მშვიდობის მხარე. მათი ეს არჩევანი წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია.
-უარყოფითი რა იყო, რაზეც შეგიძლია გვითხრათ, რომ არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის კარგი?
-ასეთად მიმაჩნია მთელი რიგი სანქციები და ის შეფასებები, რაც დასავლეთის მხრიდან კეთდება. ეს კეთდება საიმისოდ, რომ სირთულეები შეექმნას ჩვენს ქვეყანას. არ მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია. შესაბამისად, სპეციალურად გამიზნული ბრალდებებია.
-ბატონო რამაზ, მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როგორი წარმოგიდგენიათ 2025 წელი, როგორ წელს ელოდებით?
-როგორც წესი, როცა ბედის ქანქარა ერთ მხარეს ძალიან ძლიერად გადაიხრება, შემდეგ, ცხოვრება ამ ქანქარას საწინააღმდეგო მხარეს გააქანებს ხოლმე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რადგან მიმდინარე წელს ბევრი უარყოფითი გზავნილი წამოვიდა დასავლეთიდან, ვფიქრობ, მომავალ წელს ეს მიდგომა შეიცვლება დადებითით.
-ახალი წელი მოდის და გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
-თქვენს მკითხველს ვისურვებ სტაბილურობა, სიუხვე და მშვიდობა ყოფილიყოს ყველა ოჯახში, თითოეულ ადამიანთან და მთლიანად ქვეყანაში.
ესაუბრა: ნინი მოდებაძე
(ნინი მოდებაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი)