კლასის კუთხეში მდგარი ექსპერიმენტული აპარატურა, დაფაზე წაწერილი ფორმულა E=mc², და უკან მწკრივში მყოფი, ხუმრობაში გართული ორი მოსწავლე… შოხრათ ადიგეზალოვი ამას უკვე მიჩვეულია. ის მხოლოდ 1 წელია, რაც მასწავლებლად მუშაობს, თუმცა უკვე სკოლაში ერთ-ერთი იმ პედაგოგთაგანია, რომლის გაკვეთილებსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ესწრებიან. ჩვენ მასთან ერთად გაკვეთილის პროცესს დავაკვირდით და გავიგეთ, როგორ დაიწყო ახალგაზრდა მასწავლებლის გზა.
– რა იყო თქვენი მოტივაცია, გამხდარიყავით ფიზიკის მასწავლებელი?
– თვითონ საგანი იყო ჩემთვის საინტერესო. ყოველთვის მიზიდავდა ფიზიკის სფერო. ბავშვობაში ვწერდი და ვაანალიზებდი სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებს სამყაროსთან კავშირში. მაინტერესებდა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები, დედამიწის გრავიტაცია, ამ ტიპის თემებზე კი ფიზიკის საგანი მცემდა პასუხს.
– როგორია ფიზიკა თქვენს ცხოვრებაში — მხოლოდ საგანი თუ რაღაც მეტიც?
– ფიზიკა ჩემთვის მხოლოდ საგანი არ არის, ეს არის გზა სამყაროს შესაცნობად. ფიზიკა, დღეს არის მეცნიერების მიღწევების ცენტრში და არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის შედეგი.
– როგორ ახერხებთ რთული ფორმულების ბავშვებისთვის მარტივად ახსნას?
– სიმულაციებით ვიხსნი რეალურ ცხოვრებაში განხორციელებულ ფიზიკურ პროცესებს. მოცემული მეთოდი საკმაოდ კარგია, რადგან ბავშვები ინტერესდებიან, ხედავენ და შემდეგ თვალს ადევნებენ გარშემო.
– რას ფიქრობთ მოსწავლეების მოტივაციაზე ფიზიკის სწავლის მიმართ — როგორია ეს დღეს?
– ეს დამოკიდებულია მოსწავლის ინტერესებზე, თუმცა, მოსწავლეთა უმეტესობას სჯერა, რომ ეს რთული საგანია.
– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული მიდგომა მოსწავლეებთან მუშაობისას?
– რა თქმა უნდა, ვდილობ, ბავშვებთან ურთიერთობისას გამოვიყენო სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რომ მათთვის საგანი უფრო მიმზიდველი გახდეს.
– როგორ რეაგირებთ, როცა მოსწავლე გეუბნებათ – „არ მიყვარ ფიზიკა“?
– მე ჩვეულებრივ ვიღებ ამას. არავინ არაა ვალდებული, რომ ფიზიკა უყვარდეს, ისევე როგორც არ არის ყველა დაინტერესებული ლიტერატურით, არ არსებობს კანონი, რომ ყველას უნდა მოეწონოს ფიზიკა. ყველა მოსწავლე განსხვავებულია თავისი ინტერესებით.
– როგორ იყენებთ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ მეთოდებს გაკვეთილზე?
– ხშირად ვიყენებ ვირტუალურ ლაბორატორიებს.
– რა განსხვავებაა თქვენი აზრით “ძველ სტილის” და თანამედროვე მასწავლებლებს შორის?
– ასაკოვანი მასწავლებლები ვერ ახერხებენ, რომ მოზარდებს სათანადო ყურადღება მიაქციონ. ეს ხშირად კომუნიკაციის პრობლემებს ქმნის და კლასში კონფლიქტებს იწვევს.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ შეფასების სისტემის მიმართ? საკმარისად ობიექტურია?
– საკმარისად ობიექტურია.
– რას ფიქრობთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ — გეხმარებათ თუ გზღუდავთ?
– რა თქმა უნდა, გვეხმარება.
– როგორ ავითარებთ საკუთარ პროფესიულ უნარებს? (ტრენინგები, ონლაინ კურსები, კოლეგებთან ურთიერთობა…)
– თანამშრომლებთან განვიხილავ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, ვკითხულობ წიგნებს, ვიკვლევ სხვადასხვა თემებს და ვიყენებ ახალ ციფრულ/არაციფრულ მეთოდებს.
– თქვენი აზრით, რატომ უნდა შეიყვარონ ფიზიკა ბავშვებმა?
– ის გვიხსნის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, ინტელექტუალური ღირებულებაა და გვეხმარება ჩვენი გარშემო მიმდინარე მოვლენების აღქმაში.
– რა არის თქვენი მთავარი პროფესიული მიზანი უახლოეს წლებში?
– მასწავლებლის სტატუსის ამაღლება და მაგისტრატურაზე სწავლა.
– და ბოლოს, როცა გაიზრდებიან თქვენი მოსწავლეები, როგორ გინდათ რომ გაგიხსენონ – როგორც კარგ მასწავლებლად თუ როგორც კარგ ადამიანად?
– თითოეული ადამიანი სურს, რომ კარგად გაიხსენონ. რა თქმა უნდა, მეც მსურს მოსწავლეებს კარგ ადამიანად დავამახსოვრდე. ამისთვის ყურადღებით ვმუშაობ მოსწავლეებთან და ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო მათთვის.
-მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!
ესაუბრა: ფირუზა ადგეზალოვა
(ფირუზა ადგეზალოვა არის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი)