22 დეკემბერი, კვირა, 2024
22 დეკემბერი, კვირა, 2024

„ჟურნალისტმა სიმართლე უნდა თქვას, რაც უნდა მწარე იყოს, მაგრამ უნდა თქვას კეთილმოსურნის პოზიციიდან, მაშინ ხარ გამარჯვებული!“ – ინტერვიუ რუსუდან ლორთქიფანიძესთან

ჩვენი რესპონდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ლორთქიფანიძეა. მეამაყება, რომ უდიდესი გამოცდილების პრაქტიკოსი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, სწორედ, პროფესიულ ოსტატობას გვასწავლის.

რუსუდან ლორთქიფანიძეზე სიტყვა რომ თქვა , მასავით უნდა წერდე. ვიცი, იქამდე შორია, მაგრამ მაინც გავბედე.

რუსუდან ლორთქიფანიძე  გაზეთსაქართველოს რესპუბლიკისსპეციალური კორესპონდენტი გახლდათ, (წლების განმავლობაში იგი ამ გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილეიყო). 1999 წლის 27 აპრილს, როდესაც საქართველო სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკიდან პირველი გაწევრიანდა ევროპის საბჭოში, ის  თან ახლდა სტრასბურგში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს,

მოცემულ ინტერვიუში, რუსუდან ლორთქიფანიძე გვესაუბრება 1999 წლის 27 აპრილის, ისტორიული დღის შთაბეჭდილებებზე, რაც ერთგვარად, დღევანდელ ვითარების გამოხმაურებაცაა. ასევე, თანამედროვე ჟურნალისტიკის რიგ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე.

– ევროპისკენ ლტოლვა თანამედროვე ქართველის ახირება კი არ არის,  საუკუნოვანი ფიქრისა და სურვილის შედეგია. მას ღრმა სულიერი ფესვები აქვს. ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია , ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და რადგან ასეა ,ქვეყანაში უმთავრესი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი თავისუფალი მედიის არსებობა.

– გაიხსენეთ საქართველოს ევროპის საბჭოში ოფიციალურად გაწევრიანების დღე.

– იმ დღეს მღელვარებას ვერ ფარავდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ქართველი დეპუტატები, საქართველოს დელეგაციის წევრები, ჟურნალისტები, ემიგრანტები…. სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღმართულ ქართულ დროშას სიამაყით ცრემლმორეული შევყურებდით.

ევროპის სასახლეში „ქართული ხმები“ „მრავალჟამიერს“ აგუგუნებდა. იშვიათად – ადამიანი ღირსების, სიამაყის ისეთი გრძნობით აივსო, როგორითაც მაშინ ვიყავით აღვსილები. ვრცლად და დაწვრილებით ამ ისტორიულ მოვლენაზე საქართველოში დაბრუნებულმა 1999 წლის  30 აპრილის ნომერში მოვუყევი მკითხველს წერილით: „მოახლოებული ჰორიზონტი“.

თანამედროვე ქართულ მედიაზე თქვენი შეხედულებაც გაგვიზიარეთ.

– ჟურნალისტობა მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა არ არის. (ბევრმა ხეირიანად ესეც არ იცის).  სურვილის გარდა, ამას ღვთისგან ბოძებული ნიჭიც უნდა, ასევე, პრინციპულობა, ალღო, ეთიკა,  ტაქტი… ეს ჩემი მოგონილი სულაც არ არის, ჟურნალისტიკის სფეროს ელემენტარული მოთხოვნებია.

თითზე  ჩამოსათვლელადაა ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ყოველ ნაკლსა თუ სატკივარზე დახვეწილი ქართულითა და დახვეწილი კრიტიკით მიანიშნებენ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჭარბობენ ისეთები, მაინცდამაინც, ავს რომ ჩასაფრებიან, ნეგატიური ამბების, სკანდალისა და სენსაციის ძებნაში არიან.

მედია და თავისუფლება. ამ საკითხზეც რომ ვისაუბროთ.

– მედია თავისუფალი უნდა იყოს. შიშისა და მლიქვნელების მიზეზით აზრის კორექტირება რა საკადრებელია… თუმცა, შენი უადგილო, უტაქტო ნათქვამით ხალხსა და ქვეყანას არ უნდა ავნო.

თუ ნეგატიურ ამბავზე გსურს საუბარი, ისაუბრე,  ოღონდაც არგუმენტებით, ფაქტებით და არა ჭორებზე დაყრდნობით.  სიმართლე უნდა ითქვას, რაც უნდა მწარე იყოს, მაგრამ უნდა ითქვას კეთილმოსურნის პოზიციიდან, მაშინ ხარ გამარჯვებული.

ოდესმე, პროფესიის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო, პროფესიით ყოველთვის ჟურნალისტობას ავირჩევ. ჟურნალისტი ქვეყნისა და ხალხის მსახურია და მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა, რომელიც არასოდეს მომიტყუებია და დამიზაფრავს. ჟურნალისტი ერთგვარი მემატიანეა, იგი ეპოქის მაჯისცემას უტოვებს ისტორიას.

რამდენადაც ვიცი მალე გამოიცემა თქვენი, ერთგვარი, საკითხავი წიგნიპრაქტიკული პუბლიცისტიკის წახნაგები“, სადაც თეორიულ მასალასთან ერთად თქვენმსჯელობით სავარჯიშოებისსახით შეიტანთ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ თქვენ პუბლიცისტურ წერილებს. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

– დიახ, ნაშრომში შესულია ჩემი პუბლიცისტური წერილების ერთი ნაწილი, რომლებშიც აშკარად ჩანს 90-იანი წლებისა თუ შემდგომი პერიოდის საქართველოს ჭირ-ვარამი. ეს ისტორიაცაა, რომელშიც არაერთი მწარე რეალობა იკითხება. ბევრი პრობლემა, შესაძლოა,  დღევანდელობასაც მოერგოს. მინდა თითოეული წერილი დღევანდელმა თაობამ თავისი თავისუფალი აზროვნებით გაანალიზოს. ამავე დროს, იმსჯელონ როგორ ისაუბრებდნენ იმავე  პრობლემაზე დღეს.

ესაუბრა: ანა მიქაძე

(ანა მიქაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი)

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები