15 აგვისტო, შაბათი, 2026
15 აგვისტო, შაბათი, 2026

POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს

BBC-ი ცდილობს სასამართლოში გამოიძახოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ქალიშვილი და სიძე – აღნიშნული დაკავშირებულია 10 მილიარდი დოლარის ცილისწამების სარჩელთან, რომელსაც პრეზიდენტი ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ აწარმოებს, – წერს გამოცემა POLITICO.

BBC-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ტრამპის ოჯახის წევრებს „უდავოდ გააჩნიათ პირადი ინფორმაცია“ პრეზიდენტ ტრამპის განზრახვების შესახებ იმ გამოსვლისას, რომელიც ამ საქმის ცენტრალური ეპიზოდია – საუბარია 2021 წლის 6 იანვარს მხარდამჭერებისადმი მის მიმართვაზე, როდესაც კაპიტოლიუმზე იერიში იწყებოდა.

პრეზიდენტის სარჩელის თანახმად, 2024 წელს დიდ ბრიტანეთში გასულმა BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა მისი რეპუტაცია შელახა – გამოსვლის ფრაგმენტების გაერთიანებით შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს იგი ძალადობას ახალისებდა.

BBC-იმ სამონტაჟო შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა აცხადებს, რომ ეს სასამართლო დავის დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არის.

წარმომადგენელთა პალატის 6 იანვრის კომისიის მიერ შეგროვებულ ჩვენებებზე დაყრდნობით, BBC-ის იურისტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპ უმცროსი და ივანკა ტრამპი ესწრებოდნენ პრეზიდენტის მიერ გამოსვლის ტექსტის ჩასწორებას და ახლდნენ მას სიტყვით გამოსვლისას. გარდა ამისა, BBC-ის მხარის განცხადებით, კუშნერმა მოამზადა განცხადების პროექტი, რომლითაც პრეზიდენტს ძალადობა უნდა დაეგმო.

უწყებების საფუძველზე, BBC-ი ტრამპის ოჯახის წევრებისგან როგორც სასამართლომდელ ჩვენებებს, ისე საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, BBC-ი მაისში შეეცადა უწყებები კუშნერისა და ივანკა ტრამპის მაიამის რეზიდენციაში ჩაებარებინა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. თავის მხრივ, საიდუმლო სამსახურის იურისტმა, ტროი ეპშტეინმა BBC-ის მხარეს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ უწყებას არ ჰქონდა უფლებამოსილება, აღნიშნული ოფიციალური შეტყობინებები მიეღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები