29 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
29 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი ტრამპი ზელენსკის შეხვედრაზე: განიხილეს ყველაფერი – უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური დახმარება, საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგრამ ისტორიაში არც ერთი სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა პასუხის გარეშე მთავარ კითხვაზე – სად გადის საზღვარი?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში, აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ქართველიშვილი რუსულ-უკრაინული ომის დასრულების შესაძლო სცენარებზე წერს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდზე არ განხილულა, ის უმთავრესი საკითხი, რაც უკრაინის ტერიტორიებს ეხება, ანუ სად გავა საზღვარი.

„დონალდ ტრამპმა ფლორიდაში დასრულებული მოლაპარაკებების შედეგს 95%-იანი წარმატების დონე მიანიჭა. დარჩა “სულ რაღაც” ხუთი პროცენტიო – ტერიტორიული საკითხი. არა და ეს “სულ რაღაც 5%”, ასი პროცენტის ტოლფასია. ეს სწორედ ის “დეტალია”, რომელშიც “ეშმაკია”, ანუ თავად ომი.

ტერიტორიული საკითხი არ არის დღის წესრიგის ერთ-ერთი “ჯერჯერობით შეუთანხმებელი” პუნქტი. ეს არის მთელი შეთანხმების ჩონჩხი, რომლის გარეშე ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ განზრახვების პროტოკოლად იქცევა, ამიტომ ამაღამ მიღწეულია მორიგი “პროგრესის” ილუზია, რომელიც კრემლისთვის არაფერს წარმოადგენს.

განიხილეს ყველაფერი დანარჩენი – უსაფრთხოების გარანტიები, ქვეყნის აღდგენა, ეკონომიკური დახმარება, საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგრამ ისტორიაში არც ერთი სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა პასუხის გარეშე მთავარ კითხვაზე – სად გადის საზღვარი?

ამ საკვანძო საკითხზე დახურულ კარს მიღმა განხილული ფორმულა “მარტივი” და ცინიკურია. დე-ფაქტო ცეცხლის შეწყვეტის მომენტისთვის უნდა დაფიქსირდეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი საზღვარი, რომელსაც დე-იურე უკრაინა არ აღიარებს.

დიპლომატიურ ენაზე ამას „კომპრომისს“ უწოდებენ, ქართულ კინემატოგრაფიულ ენაზე კი “გამყრელიძის დასკვნას”, რომელსაც ზელენსკი იურიდიულად “ხელს არ მოაწერს”. ისტორიის ენაზე ამას კონფლიქტის გაყინვა ჰქვია. ტრამპის ლოგიკა გასაგებია, რუსეთი ხელს არაფერს მოაწერს, სანამ სამხედრო რეალობის უგულებელყოფას აქვს ადგილი, უკრაინა – ვერ დაიბრუნებს ტერიტორიებს NATO-ს იმედით და რუსეთის ომით დამარცხების გარეშე. ამიტომ სწორედ ტერიტორია არის ომის შეჩერების ფასი და არა აბსტრაქტული მორალური პრინციპი.

აქედან გამომდინარე მოდის ზეწოლა კიევზე: არ აღიაროთ ტერიტორიული დანაკარგი (მიბაძეთ ამაში საქართველოს), ეს შესაძლებელია, მაგრამ დააფიქსიროთ დე-ფაქტო დანაკარგი, აუცილებელია. ეს უკვე სცდება ქართულ პრეცედენტს, ჩვენ ჩვენი “დანაკარგი” დე-ფაქტო დონეზეც არსად დაგვიფიქსირებია.

ეხლა ჩავწვდეთ ზელენსკის ლოგიკას. მისთვის ტერიტორიული დანაკარგის თუნდაც ირიბი აღიარება ნიშნავს: შიდაპოლიტიკურ აფეთქებას, ლეგიტიმაციის შერყევას, პირად ისტორიულ განაჩენს. ამიტომ მისი “ხუთპროცენტიანი” სიჯიუტე ითვალისწინებს, მაქსიმუმ ცეცხლის შეწყვეტას და მინიმუმ არც ერთ ხელმოწერას განახლებული რუკის ქვეშ.
მის ამ პოზიციაში, მოლაპარაკებები გამოდის კონფლიქტის გადაწყვეტის დიპლომატიური ფორმატიდან და იქცევა ზელენსკის ხელისუფლების გადარჩენის ბრძოლად. თუმცა (რა გაეწყობა), გავყვეთ ტრამპის ოპტიმისტურ განწყობას, რომლის ყველაზე რეალისტური ვარიანტი, საბოლოო ჯამში “კორეული სცენარია”. სცენარი კი ითვალისწინებს: ცეცხლის შეწყვეტას, შეხების ხაზის ფიქსაციას, საზღვრების იურიდიულ არაღიარებას, უკრაინისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს, კონფლიქტის გრძელვადიან გაყინვას. შედეგად, არც ომია, მაგრამ არც მშვიდობა, მხოლოდ კონფლიქტის კონსერვაცია.

რჩება ასევე ჩვენთვის უკვე ჩვეული მეორე სცენარიც – შეთანხმების ჩაშლა, ზელენსკის შიდა ფაქტორის გათვალისწინებით, სადაც: ის უარს ამბობს დაკარგული ტერიტორიის ფიქსაციაზე, მოლაპარაკებები ფორმალურად „გრძელდება“, მაგრამ უშედეგოდ, აშშ ამცირებს მათში თავის ჩართულობას, ომი გადადის გაწელილ, გამოფიტვის ფაზაში.

აი აქ კი “სცენაზე” შესაძლოა გამოვიდეს მესამე სცენარი, იძულებითი კომპრომისი. აშშ თავისი დახმარების გაგრძელებას მკაცრ პირობებს უკავშირებს; ფიქსირდება დე-ფაქტო საზღვარი; კონფლიქტი ფორმალურად იხურება, მაგრამ პოლიტიკურად ფეთქებად რჩება. შედეგად მშვიდობა გაფორმებულია; უკრაინაში იწყება შიდა ტურბულენტობა;
საზღვრების საკითხის გადაწყვეტა გადაეცემა მომავალ თაობებს. ანუ, კვლავ ქართულ კინემატოგრაფიულ ენას რომ დავუბრუნდეთ,”აბესალომის” გადარჩენის მიზნით, “ქვევრის” გატეხვის გადაწყვეტილებას იღებენ პრობლემის ჩიხიდან გამოყვანისთვის.

თუ ვინმეს “მეოთხე ვარიანტი” აქვს, “უკრაინა ახლაც იგებს ფრონტის ხაზზე და რუსეთის და მისი ჟანგიანი ტანკების განადგურებამდე დღეები გვრჩება” – სიამოვნებით გავეცნობი…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

2025 წელს, კაია კალასის და...