29 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
29 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ნანა კაკაბაძე: ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, თუმცა, ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია

არც უკრაინაში და არც მათ უცხოელ მხარდამჭერებში არ გამოჩნდა ძალაუფლებით აღჭურვილი არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ემოციების გარეშე, რეალურად და ობიექტურად შეაფასებდა ვითარებას და დროულად შეაჩერებდა უკრაინის დაშლის თვალხილულ ტენდენციებს, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში

მისი თქმით, უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები ის უკრაინელი და უცხოელი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც არათუ ომი ვერ აარიდეს ქვეყანას, არამედ უსაფუძვლო განცხადებებით ხელი შეუწყეს უკრაინის დაშლის პროცესს. ამ ფონზე კი, კაკაბაძის განცხადებით, “ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი” კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

“უკრაინა: რეალობა, სურვილები და ილუზიები

ამ პოსტის სათაური მიკარნახა ინტერნეტსივრცეში გუშინ გამოქვეყნებულმა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის ინტერვიუმ, რომელშიც კარგად ჩანს რეალობაც, სურვილებიც და ილუზიებიც.

ის ამბობს:“2025 წელი უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა.
პარტნიორმა ქვეყნებმა თავიდანვე ვერ უზრუნველყვეს ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც უკრაინას არა მხოლოდ აქტიური თავდაცვის, არამედ სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობას მისცემდა.
შეიარაღება მხოლოდ იმ მოცულობით მივიღეთ, რაც მტრის შეჩერებისთვის იყო საჭირო, ისიც არასრულფასოვნად და ნაწილობრივ.

შეერთებული შტატების პოლიტიკა, ფაქტობრივად, შეცვლილია… შესაბამისად, ამ ეტაპზე ზედმეტია იმის მოლოდინი, რომ ამერიკა უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ევროპაც არ არის ისეთი აქტიური, როგორც ვითარება მოითხოვს.
ევროკავშირის ქვეყნებს ეშინიათ, რუსეთი მათ საზღვრებს არ მიუახლოვდეს.

სწორედ ამ ლოგიკით ეხმარებიან უკრაინას იმდენად, რომ საფრთხე შეაკავოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ომის მსვლელობა რადიკალურად შეიცვალოს.

ასე რომ, უკრაინელები, მათ შორის ქართველებიც, ძირითადად, საკუთარი მოტივაციისა და თავგანწირვის იმედად ვართ დარჩენილი (რეალობა!).
მდგომარეობა უკიდურესად რთულია, მაგრამ არა უიმედო. მთავარი მოლოდინი მაინც ევროპის ქვეყნების გააქტიურებას უკავშირდება.

სწორედ ევროპული პოლიტიკური ნების გამყარება შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელმაც მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს (სურვილი!).

მჯერა, ახალი წლისთვის შესაძლებელი იქნება მტრის გარკვეული ტერიტორიებიდან უკან დახევა და ნაწილობრივი დეოკუპაციაც (ილუზია!)”.

მამუკა მამულაშვილი და მისი თანამებრძოლები მეომრები არიან და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ სამხედრო საქმის პროფესიონალიზმისა და თავგანწირვის ხარისხით შეიძლება შეფასდნენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში ბრძოლებისთვის მათ არაერთი სახელმწიფო ჯილდო აქვთ მიღებული, აშკარაა, რომ ამ კუთხით მათი შეფასებაც და დაფასებაც უკრაინაში ძალიან მაღალ დონეზეა.
სულ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკოსებს, რომლების სწორად გათვლები თუ შეცდომები განსაზღვრავენ კონკრეტული მოქალაქეების, საზოგადოების და მთელი ქვეყნის ბედს.

ამიტომ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები ის უკრაინელი და უცხოელი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც არათუ მარცხისათვის განწირული ომი ვერ აარიდეს ქვეყანას, არამედ თავისი უსაფუძვლო განცხადებებით ხელი შეუწყეს უკრაინის დაშლის მტკივნეულ პროცესს.
ალბათ გახსოვთ, ომის პირველ წლებში აჟიტირებებული პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც საკუთარ ხალხს ჯერ იმას აჯერებდნენ, რომ უკრაინას 1991 წლის ფარგლებში აღადგენდნენ, შემდეგ – 2014 წლის ფარგლებში, მერე – 2022 წლამდე არსებულ საზღვრებში, ხოლო დღეს მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, რომ ქვეყანამ უკვე ოკუპირებულ 20%-ზე მეტი ტერიტორია არ დაკარგოს.

აქ აღარ გავიმეორებთ იმ შედეგებზე დეტალურ საუბარს, რაც უკრაინამ ტერიტორიების დაკარგვის გარდა მიიღო “ნატო-ნატოს” ძახილით (მრავალი მილიონი დაღუპული, დაჭრილი, დეზერტირი, ქვეყნიდან გაქცეული, დანგრეული ეკონომიკა, დაქცეული ქვეყანა და ა. შ.). ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ უბედურების სათავეებთან (“მაიდანთან” და “ღირსების რევოლუციასთან”) იდგნენ, დღესაც ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და თავი პატრიოტებად და თავისუფლებისთვის მებრძოლებად მოაქვთ.

განსხვავებით სამხედროებისგან, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა იზომება მათი პოლიტიკის შედეგებით.
სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი არ არის ტაშის და შექების დამსახურების მიზნით ბრბოს ხუნტრუცზე აყოლა, პოლიტიკოსი მაშინაა ბრძენი და ძლიერი, როდესაც შეუძლია ქვეყნის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს მაშინაც კი, როცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს პოპულარული.

არც უკრაინაში და არც მათ უცხოელ მხარდამჭერებში არ გამოჩნდა ძალაუფლებით აღჭურვილი არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ემოციების გარეშე, რეალურად და ობიექტურად შეაფასებდა ვითარებას და დროულად შეაჩერებდა უკრაინის დაშლის თვალხილულ ტენდენციებს.
ამ კუთხით რეალურ სიტუაციას ყველაზე ადექვატურად ისევ პრეზიდენტი ტრამპი აფასებს.

მას, რასაკვირველია, უპიველესად, აშშ-ს ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ ამავე დროს, ის ნათლად ხედავს, რომ უკრაინისთვის ყოველი დაკარგული დღე უფრო და უფრო აუარესებს მათთვის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს,
უკრაინელებს ყოველ კვირაში 5-7-8 დასახლებული პუნქტის დატოვება უწევთ და ევროპელი ლიდერების წაქეზებების და დაპირებების მიუხედავად (რომლებსაც ასევე პირველ რიგში საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ), უკრაინის მდგომარეობა სამხედრო, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დღითიდღე უფრო უარესდება.
ამას ემატება ქვეყნის შიგნით ატეხილი ფართომასშტაბიანი კორუფციული სკანდალი.
ბრიტანელი, გერმანელი და ფრანგი ლიდერებისგან დატრენინგებული და იმედმიცემული ზელენსკი დღეს აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპს ხვდება და ეცდება, რომ ის უკრაინისთვის სასარგებლო შეთანხმებაზე დაითანხმოს.

ესეც ილუზიების ნაწილია, რადგან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა განაცხადა, არავითარი ზელენსკის გეგმა არ არსებობს, სანამ მე არ დავთანხმდებიო.
ადრე მან არაერთხელ მიანიშნა, რომ ანგარიშს უწევს მეორე მხარეს (უფრო სწორედ, ანგარიშს უწევს რეალობას), აპირებს დაეთანხმოს უკრაინის მხრიდან უარს ნატოზე, ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ა. შ.

ამ ფონზე ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს და გიჟურ ამოჩემებებს, თუმცა, მათ ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია და მხოლოდ რუსეთის გასაღიზიანებლად და დასავლეთის საამებლად კონსტიტუციაში ჩაწერილ ამ ფრაზას ზიანის მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია.
დღეს ამ მავნებლობის მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებელი არავინ ჩანს და რომც გამოჩნდეს, მისი პასუხისგება მკვდრებს გააცოცხლებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოიხსნის თუ ეკონომიკას ააღორძინებს?
მართალია, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ეს “უწყინარი” ჩანაწერი დღეს თითქოს არაფერს გვიშლის და პირდაპირ არ ემუქრება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ რუსეთის და თვითონ ნატოს წამყვანი ქვეყნების პოზიციები ამ ორგანიზაციის გაფართოების შეჩერების აუცილებლობასთან დაკავშირებით (რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში პირდაპირაც ჩაიწერა) უნდა მიანიშნებდეს ჩვენს ტვინგაცხელებულ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს თუ ანალიტიკოსებს, რომ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და 90-იანი წლების კატეგორიებით აზროვნება, მსჯელობა და პროგნოზირება უბრალოდ, ანაქრონიზმია.

დროა ყველამ რეალობას დაუქვემდებაროს საკუთარი სურვილები და ილუზიები.” – წერს ნანა კაკაბაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები