28 აპრილი, ორშაბათი, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭიჭინაძე- 2005 წლიდან დაიწყო მასირებული შეტევა, იძულების წესით მიმიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც დაიწყო ჩემი დამუშავება. შეთითხნილი ბრალდება დამიდეს და მითხრეს, რომ „უნდა დათმო შენი წილიო“

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე განიხილება, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭიჭინაძე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

„2005 წლიდან დაიწყო მასირებული შეტევა და ამას მიაღწიეს. ჯერ იყო ძალისმიერი მეთოდით, როდესაც დამაკავეს. იმ პერიოდში თბილისის საკრებულოს წევრი [„მრეწველებიდან“] გახლდით, ამავე დროს ვიყავი ფილიპინების გენერალური კონსული და გარკვეული იმუნიტეტები მიცავდა, მაგრამ საკრებულოდან რომ გამოვედი ორი მამაკაცი დამხვდა. მთხოვეს, რომ გავყოლოდი. მე უარი ვუთხარი გაყოლაზე, წამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ წინ და უკან ესკორტი გამიკეთეს და იძულების წესით ჩემი მანქანა მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, მაშინ ნახალოვკაში იყო, სადაც უკვე დაიწყო ჩემი დამუშავება. ეს იყო 2005 წლის 12 იანვარი“-აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, პოლიციაში დაიწყო მისი დამუშავება, რაც შვილების ხსენებითაც გამოიხატებოდა.
მისივე თქმით, საბოლოოდ მიაღწიეს იმას, რომ წილი დათმეს, რადგან წნეხს ვეღარ გაუძლეს.

„შემიყვანეს ოთახში და დაიწყეს დამუშავება. ჯერ შეთითხნილი საქმე მანახეს. მე ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. როგორც მოგეხსენებათ მართვაში სამეთვალყურეო საბჭო არ ერევა და რაღაც შეთითხნილი ბრალდება დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა უკვე წარდგენილი, რომელიც მე არ ვიცოდი, წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ „უნდა დათმო შენი წილიო“. იმ პერიოდში საკრებულოში საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა. „მრეწველები“ კონსტრუქციული ოპოზიცია ვიყავით და ბოლომდე არ მეგონა თუ რაღაც ასეთი [მოხდებოდა]. მოვითხოვე ადვოკატი და უარი მითხრეს. მოვითხოვე კეზერაშვილთან შეხვედრა, კეზერაშვილი არ იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ იმ პერიოდში სულ იქ მოძრაობდა, მიცნობდა, ვიცნობდი და ისიც დაიმალა. ჩემი გულუბრყვილობით ვთხოვე, იქნებ პრეზიდენტთან დამარეკინეთ მეთქი და ყოველგვარ იზოლაციაში მომაქციეს. დაიწყო დამუშავება, ხან შვილებს მიხსენებდნენ, სამი ბიჭი მყავს და „უნდა დათმო“. პარალელურად დაუკავებიათ [შპს „ჟინერის“ დირექტორი] ბატონი ჩაჩხიანი, რომელიც ჟინვალიდან ჩამოიყვანეს და სხვა ოთახში დასვეს.

მას წინ დაუდეს ჩემი ბრძანება, რომ მე ბრალდება მაქვს და მაკავებენ, მასზეც ეს ზემოქმედება იყო. მე თავისთავად, რომ მას იჭერდნენ. ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა. მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ასეთი დამუშავება.

არ დამაკავშირეს იურისტებთან, რომ არ ხარ შენ ბრალდებულიო, მოწმე ხარო და ყოველ შემთხვევაში მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ წილი დავთმეთ. ვეღარ გავუძელით ამ წნეხს“-განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები