28 აპრილი, ორშაბათი, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

“ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებული მამუკა კვარაცხელია მამიდაშვილის მონათხრობს იხსენებს: ერთ-ერთი სამმართველოს სარდაფში ჩამიყვანეს და მაჩვენეს ჩემს ოჯახზე გადაღებული ფილმი, ჩემი მეუღლე სად აყენებდა მანქანას, დედაჩემი პურის რომელ მაღაზიაში მიდიოდა, ჩემი ძმისშვილი ჩემს რძალს რომელ ბაღში მიჰყავდა – და მითხრეს, გადაეცი კვარაცხელიას, თუ არ გაჩერდება, ყველაფერი ვიცით მასზეო

უეფას მედიაოფიცერმა, ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობისა და განსხვავებული პოზიციის გამო, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მასა და მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

კვარაცხელიამ გაიხსენა მისი მამიდაშვილის სტუმრობა და მონათხრობი, რომლის თანახმად, ერთ-ერთი სამმართველოს სარდაფში, მას საკუთარ ოჯახზე გადაღებული კადრები აჩვენეს და მამუკა კვარაცხელიასთან დააბარეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა, “მასზე ყველაფერი იცოდნენ”. ამ ნაამბობის გამო, კვარაცხელიას განცხადებით, ის ოჯხის წევრების უსაფრთხოების მიზნით, დანიაში გაემგზავრა.

“ჩემი ალალი მამიდაშვილი, რომელიც წალენჯიხის რაიონიდან, სოფელი საჩინოდან იყო, ხშირად მსტუმრობდა. ჩემთან მოვიდა, მოულოდნელი ვიზიტი იყო, სახეც შეშლილი ჰქონდა და რა მოგივიდა-მეთქი ვკითხე. დამიჭირეს, მტკვრის სანაპიროსთან ამიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, მობილური ეგრევე მტკვარში გადააგდეს, წამიყვანეს, შემამოწმეს ნარკომანი ხომ არ არისო და ვინც მამოწმებდა, იმათ ეუბნებოდნენ, ჩაწერეთო – ისინი გადაირივნენ, კაცს არაფერი აქვს და როგორ ჩავწეროთო [რომ ნარკომანია].

არ ვუცემივარ, მაგრამ მამუშავებდნენ, რაღაცებს მეუბნებოდნენო, წამიყვანეს ერთ-ერთ სამმართველოში – ვერ იხსენებს რომელში, სარდაფში ჩამიყვანეს და მითხრეს, რომ ვიცით, შენი ბიძაშვილი რომ არის მამუკა კვარაცხელია, ვიცით რომ შიმშილობდა და შენც ხშირად სტუმრობდიო და მაჩვენეს ჩემს ოჯახზე გადაღებული ფილმი – ჩემი მეუღლე როგორ და სად აყენებდა მანქანას, დედაჩემი პურის რომელ მაღაზიაში მიდიოდა, ჩემი ძმისშვილი ჩემს რძალს რომელ ბაღში მიჰყავდა – ეს მაჩვენეს და მითხრეს, გადაეცი კვარაცხელიას, თუ არ გაჩერდება, ყველაფერი ვიცით მასზეო. იმ დღის შემდეგ, გესმით, რაც მომივიდოდა – ჩემი თავი ჯანდაბას, ოჯახის წევრებისთვის რომ რამე არ დაეშავებინათ, მეორე თუ მესამე დღეს დანიაში წავედი, იქ დიდი სამეგობრო მყავს, ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ და მეგობრებთან ჩავედი, სხვა გზა არ მქონდა.” – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები