საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე განიხილება, სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ მისი გატაცების და ცემის ფაქტზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე პირი 30-45 წუთის განმავლობაში სცემდა, ათი თითი, ექვსი ნეკნი, ლავიწი და სხვა ძვლები ჰქონდა მოტეხილი, შემდეგ კი ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს ვაშლიჯვრის ტყეში. მისივე თქმით, უკვე სხეულს ვერ გრძნობა, როდესაც ძაღლმა იპოვა.
„შავი ზღვის ქუჩაზე ვარ და როგორც კი ავუხვიე, დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახება. მეთქი ეტყობა მთვრალია ვიღაცა და გვერდზე გადავაყენე მანქანა. სანამ მე გადავაყენებდი ოთხი 2 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმომხტრები არიან, გამოგლიჯეს კარები და ეგრევე მეცნენ, შემათრიეს თავის მანქანაში, რაღაც წამებში, კინოებში რომ გინახავთ ეგეთი რაღაც მოხდა. თავზე რა თქმა უნდა ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს. არავის არ ვუსურვებ ესეთ მდგომარეობაში ჩავარდნას, როცა ვეღარ ხედავ გონება მოქმედებს და დაახლოებით მივხვდი, რომ თბილისის ზღვაზე ამიყვანეს.
იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება, ძალიან პროფესიული ცემა. სამი ტიპი მირტყამდა როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ, რომ რაციის ხმა ისმოდა სულ და იყო საშინელი შეურაცხყოფა. მესმის, რომ დავალება რომ გაქვს მიღებული და ადამიანის ცემ, ეს კიდე მესმის, მაგრამ როდესაც ადამიანს აგინებ, მის ახლობლებს, მის ოჯახს, ნიშნობის ბეჭედიც კი მომაძვრეს ხელიდან და ალბათ იცოდნენ ჟურნალისტი ვიყავი და ათივე თითი მოტეხილი მქონდა, თითებში მირტყეს. რაც მოვახერხე უკან, მახსოვს, რომ მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები. 6 ნეკნი მოტეხილი, მერე როგორც დასკვნიდან წავიკითხე, ლავიწის ძვალი, უკანა ძვალი და ა.შ. თავში არ მირტყამდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშულიყავი და გამეგო რატომ მსჯიდნენ.
მეუბნებოდნენ, რომ შენ კაი ბიჭებზე რაღაცეები გითქვიაო და ესაო და ისაო და ჩვენ ცხინვალიდან ჩამოვედით შენი მანქანის მოსაპარადო. ესე იგი 12 წლის „Mitsubishi Pajero“-ს მოსაპარად ჩამოვიდნენ ცხინვალიდან. ომამდე დარჩენილია თვე-ნახევარი, ჩიტი ვერ შეფრინდება ცხინვალში და აქეთ, გესმით ახლა რა პერიოდია. შეიძლება იღებდნენ კიდეც, რადგან მე მივხვდი, რომ ცოტახანს რომ გავუძალიანდი, ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი ტკივილს და მერე მივხვდი, რომ ამათ უნდოდათ პირიქით მეხვეწა, რომ ბიჭებო არ მომკლათ და რაღაცა. დაახლოებით 30 – 45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ერთ წერტილში 10-ჯერ რომ ურტყამენ ადამიანს ეს არის საშინელი ტკივილი და ჭკუიდან გადაჰყავხარ ტკივილს, თან გაგინებენ. მერე რატომღაც ისე მოხდა, რომ მანქანაში მქონდა ჩემი სამი პასპორტი ვიზებით, მობილურები, რაღაცეები და რომ ნახეს ეტყობა ეს ნამეტანი სამშობლოს მოღალატეს არ გავსო, ინფორმაცია ჰქონდათ უბრალოდ სახელი, გვარი და მანქანა და მერე ეტყობა რაციაზე ვინც იჯდა უთხრა, რომ UEFA-ს ვიღაც არის და მერე ეტყობა მიიღეს გადაწყვეტილება, ძლიერი ტიპები იყვნენ, ცალი ხელით ამწია ერთმა მახსოვს და წამიყვანეს ვაშლიჯვრის ტყეში, დამაგდეს გზასთან ახლოს. სადღაც ერთი საათი ვეგდე იქ, უკვე ვცივდებოდი მახსოვს, ხელებს და ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ძაღლმა მიპოვა, ყეფა მესმოდა, ძაღლი მოვიდა, მერე პატრონი მოყვა“, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.