5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

საკანონმდებლო ორგანომ შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებულ „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 82 ხმით მიიღო „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც ჰერალდიკის საბჭოს, ეროვნულ ბიბლიოთეკას და კვლევით ცენტრს შეეხება.

„ეს ცვლილებები დიდი ხნის განსჯის შედეგია. ჩვენ ამაზე წინა მოწვევის პარლამენტშიც გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს პარლამენტის უფრო ეფექტიანი სტრუქტურების შემუშავება, პროცედურების დახვეწა და ეს არის სწორედ პირველი ნაბიჯი. ცვლილების თანახმად, პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება და პარლამენტი იქნება ერთიანი ორგანიზაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცვლილებათა პაკეტი 10 კანონპროექტისგან შედგება.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან ლიკვიდირებული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პარლამენტის კვლევითი ცენტრი. პარლამენტის კვლევითი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხება პარლამენტის ბალანსზე. პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნას. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხას და შრომის პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს კულტურის მინისტრი.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბაზაზე შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხოლო, დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, კანონის პროექტის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება ის ღონისძიებები რომლებიც გარდამავალ პერიოდში უნდა იქნეს გატარებული.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში ასევე გათვალისწინებული იქნება სამი საკითხი, რომელიც აისახება მეორე მოსმენის დროს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტში ჩაიწერება, რომ პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შვიდის ნაცვლად პარლამენტის სამ წევრს ექნება. ამასთანავე, ერთი საპარლამენტო სიით გასულ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან საპარლამენტო ჯგუფი, თუ ისინი პარტიას დატოვებენ. მესამე ცვლილება საპარლამენტო ჯგუფის ორგანიზაციული საკითხია – სამწევრიან საპარლამენტო ჯგუფს ერთი მოადგილე ეყოლება, შვიდ წევრიან ჯგუფს კი – ორი მოადგილე.

პარლამენტმა სწორედ ამ დათქმებით მიიღო წარდგენილი ცვლილებები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები