5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით.

ირაკლი კობახიძემ ყაზახ კოლეგას საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.

„ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში, ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგროსასურსათო სექტორში. ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია. შესაბამისად, გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში. გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას მიულოცა და წარმატებები უსურვა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. ოლჟას ბეკტენოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ყაზახეთში ორმხრივ თანამშრომლობებში ახალ პერსპექტივებს აჩენს.

„ჩვენს ქვეყნებს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევას ყაზახეთ-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების თვალსაზრისით. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ყაზახეთი და საქართველო იქცნენ არა მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებად, არამედ სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებადაც. საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ. ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება. ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის დღესაც ყურადღების ცენტრშია. გვჯერა, რომ არსებობს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი. ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის/სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4.5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის ხუთმაგ ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნისა და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ. ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმების ფარგლებში“, – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები