21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

“ვფიქრობ, დღევანდელი განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხვდა, რომ „პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემა“ არის კლასიკური სისულელე”- ინტერვიუ დავით ფერაძესთან

საჯარო სკოლებში დირექტორების დანიშვნის პრობლემაზე და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე ონლაინგამოცემა „მხარეს“ ექსპერტი განათლების საკითხებში, დავით ფერაძე ესაუბრა:

_დირექტორების შესარჩევი კონკურსი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამართულიყო. თუმცა, მაშინაც დაგვიანებული იყო. განათლების სამინიტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პანდემიის მომიზეზით კონკურსი გაურკვეველი ვადით გადადო. შეიძლება ითქვას – გაუმართლათ. ზოგადად, მოვალეობის შემსრულებელ დირექტორს არ ირჩევენ სკოლაში, მას  დისკრეციულად ნიშნავს განათლების მინისტრი. ამ შემთხვევაში, მისი მართვა უფრო გარანტირებულია, ვიდრე მაშინ, თუ ის არჩეულია. მართალია, ის სკოლის სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს და არა თავად სკოლის მასწავლებელებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა და მართალია, თავად ეს სამეურვეო საბჭოები, უმრავლესად, თავად დირექციების ჩარევითაა არჩეული, მაგრამ, მაინც უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს არჩეულ დირექტორს, ვიდრე დანიშნულ მოვალეობის შემსრულებელს. თუ ის პროფესიონალია და ძლიერი პიროვნებაცაა, ამ ლეგიტიმაციასაც სათანადოდ გამოიყენებს და დამნიშნავის მითითებებსა და დირექტივებზე არ იქნება დამოკიდებული. წინა მინისტრებს კი ის სიტუაცია მოსწონდათ, რომ თავად ნიშნავდნენ.

_ახალი მინისტრის პირობებში შეიცვალა რამე ამ მიმართულებით?

_მე მისადმი მიმართვაში აღვნიშნე, რომ მან პოზიტიურად დაიწყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა. სისტემაში უამრავი პრობლემა დახვდა, ისეთი, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს კაცი. თუმცა, ახლებური ხედვით დღევანდელ ხელმძღვანელობას სურს, რომ დირექტორები აღარ იყვნენ შემსრულებლები და ადგილზე პრობლემის გადაჭრა შეძლონ თვითონ. არ შეიძლება დირექტორი სამინისტროს ეკითხებოდეს. მაგალითად, რამდენი ცალი ცარცი და რამდენი შეკვრა თაბახი იყიდოს. თქვენ გახსოვთ, ჯერ კიდევ ექსმინისტრმა შაშკინმა გამოსცა განკარგულება, რომ დირექტორი მედიასაც კი არ უნდა დაელაპარაკოს, თუ სამინისტრომ არ მისცა თანხმობა. ასეთი მეთოდები კარგად გამოიყენეს შემდგომმა მინისტრებმა და დღეს, ამ ეტაპზე ეს დიქტატი არ შეინიშნება.

_თუმცა, დირექტორების ახალი სტანდარტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს დირექტორის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ჩხენკელის მინისტრობის დროს ამოქმედდა.

_უფრო სწორია თუ ვიტყვით, რომ გამოქვეყნდა, მაგრამ მისი რეალიზება არ დაწყებულა.

_ბატონო დავით, თავად იღებთ მონაწილეობას დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. როგორც ჩვენთვისაა ცნობილ, საკმაოდ კარგი შედეგებით გახვედით გასაუბრების ეტაპზე. რატომ მოინდომეთ დირექტორობა?

_ამაზე ვისაუბრე გასაუბრებაზე და აღარ ვთვლ საჭიროდ რამე დავამატო. არ დაიდო დირექტორების სია? – თითქმის ყოველდღე მეკითხებიან…

იმდენი გულშემატკივარი აღმომაჩნდა – ვერც ვიფიქრებდი. თუნდაც მარტო მათ გამო ვარ ვალდებული, მეც მინდოდეს შედეგების დადება, თორემ, მართლა იმდენხანს გაიწელა შერჩევის პროცესი,  რაც ჩემს მეგობრებს და ნაცნობ-უცნობებს, ჩემზე მეტადაც კი გაწუხებთ, ლამისაა გადავიფიქრო დირექტორობა. ბევრს, პირიქით,  უკვირთ – რად გინდოდაო… ჩემ გარშემო რადგან აინტერესებთ, მეტის ამბიცია რატომ არ მაქვს, გაგიმხელთ, რაც ვუთხარი კომისიას და ისედაც ამას ვფქირობ: დირექტორობა მიზანი კი არა, საშუალებაა. უბრალოდ, მეტი ლეგიტიმური საშუალება -ჩემი იოტისოდენა წვლილი ჩავდო განათლების დაუსრულებელ მშენებლობაში. ალბათ, მკითხავთ, დაუსრულებელი რატომ? იმიტომ, რომ განათლება დინამიკური პროცესია, რომელსაც მართვა უნდა დაჩემს შესაძლებლობასა დაგამოცდიილებას თუ დავუჯერებ, მთელ პროცესსს თუ არა, მის ცალკეულ უბანს უდავოდ შემოქმედებითად ვმართავ. ხოლო, თუ თქვენ მიერ დეკლარირებულ „დირექტორის სტანდარტს“ მივენდობით, ერთ-ერთი გამოწვევა ხომ დირექტორის ლიდერობაა. ჰოდა, ეს „სტანდარტიც“ ერთ-ერთი ფაქტორია, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. ოღონდ, ვიმედოვნებ,  ის, მართლა რეალურად იმოქმედებს და მხოლოდ მუხლებად და პუნქტებად არ შემორჩება ვირტუალურ თუ ხილულ თაროებს.

_ყველაზე დიდ სირთულე განათლების სისტემაში ე.წ. „პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემა“ მიგაჩნდათ. წლებია, ამას აკრიტიკებთ. ახლაც მიმართე მინისტრს ამის თაობაზე?

_ე.წ. სქემა იყო კატასტროფული შედეგების მომტანი განათლების სისტემისთვის. როდესაც მისი შემოღება იწყებოდა, მაშინვე გავაკეთე პროგნოზი და იმის მერეც არაერთხელ საჯაროდ ვსაუბრობდი უკვე „მომკილი ნაყოფებზე“. ჩვენ არავის არ ვერჩოდით პიროვნულად, მაგრამ დიალოგისადმი მწყრალად ყოფნამ თანამდებობით მიღებულმა ტკბობამ დააბრმავა მავანნი. მგონია, დღევანდელი მინისტრი მიხვდა, რომ „პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემა“  არის კლასიკური სისულელე, რომ ურემი გადაბრუნებულია, მაგრამ ახლა ცოტა რთულია ეს ურემი ისე წამოაყენო, რამე არ დააზიანო. უკვე გვყავს ავად თუ კარგად „კარიერულად დაწინაურებული„ მასწავლებლები. დგება საკითხი: მათ რა ვუყოთ? ამაზე გვაქვს შეთავაზება და პრობლემის მოგვარების კონცეფცია, რომელიც უკვე შევთავაზე სამინისტროს. ცხადია, არსებობს ალტერნტაიული გზებიც. ჩვენ მოვიწონებთ ალტერნატიულ არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მთავარია სისტემის განვითარების მთავარი დაბრკოლება, ე.წ. კარიერული წინსვლის სქემა შეჩერდეს და განათლებას მიეცეს თავისუფალი განვითარების საშუალება.

_მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი:

ბოლო სიახლეები