ათწლეულზე მეტია, რაც სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივა თავის მდგრადობას ამტკიცებს. ახლა, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე 12 წლის წინ, როდესაც ეს ინიციატივა დავიწყეთ, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად შეკრება და ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა, – განაცხადა ილჰამ ალიევმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სხვადასხვა სირთულე და გამოწვევა ფიქსირდებოდა.
„მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებისა და ჩვენს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდებისა, აზერბაიჯანისა და მისი პარტნიორების მიერ მრავალი ქვეყნისთვის მიწოდებული ენერგოუსაფრთხოება გახდა ისეთი რამ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ.
საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული. ჩვენ ასევე განვიხილავთ ქსელის გაფართოებისა და ინტერკონექტორების მშენებლობის შესაძლებლობებს, რათა დავაკმაყოფილოთ ბაზრის მზარდი მოთხოვნა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შევძლოთ მაქსიმალური მოცულობის ექსპორტი“, – აღნიშნა ალიევმა.









