„მიუნხენი-2026“-მა აჩვენა, რომ ის არა „უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“, არამედ მესამე მსოფლიო ომის შინაარსის მქონე ჰიბრიდული გლობალური დაპირისპირებების გაგრძელებაზეა, სადაც ლონდონი ცდილობს თავისი ლიდერობის უზრუნველყოფას წესების, კოორდინაციის მექანიზმებისა და ალიანსის ფორმატების ქსელის მეშვეობით,“ – ასე შეაფასა ვრცელ პოსტში მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
რიგორც ის აღნიშნავს, ლონდონი აცხადებს პრეტენზიას ცენტრალური კოორდინატორის როლზე და თავის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოთა კოალიციას, რომელიც ორიენტირებულია ევროპის სამხედრო მობილიზაციის გაღრმავებაზე
„მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, 16 თებერვალს, ბუდაპეშტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „მსოფლიო, როგორც წესი, მიესალმება მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ომებს შორის, რომლებიც მე ოდესმე მინახავს, სადაც საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წევრი გმობს მის შეჩერების მცდელობას“. ეს განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ჩამოყალიბებულ ატმოსფეროზე პირდაპირ კომენტარად იქნა აღქმული. კონფერენცია იმდენად არა დისკუსიის ფორუმად წარმოჩნდა, რამდენადაც ბრიტანეთის პრეტენზიის დემონსტრირების მოედნად, რომ სწორედ ის წარმოადგენს ევროპის „ძველი რეჟიმის“ დაცვის არქიტექტორს შეერთებულ შტატებში ახალი პოლიტიკური კურსის ზემოქმედების ფონზე.
14 თებერვალს, ბავარიის დედაქალაქში გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჩამოაყალიბა თეზისი, რომელიც სტრატეგიულ დირექტივას ჰგავდა: „მკაცრი ძალა − ეპოქის ვალუტაა“. ეს არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ჟურნალისტური მეტაფორა: სტარმერის განცხადება ბრიტანული პოლიტიკური ისტებლიშმენტის კონსენსუსის გამოხატულებაა. ამის უკან დგანან სამხედრო სარდლობა, სადაზვერვო სამსახურები, ბიუროკრატები და ლონდონის სიტის ფინანსური ინსტიტუტები. ოფიციალური რიტორიკა „დეზინფორმაციას“, „კიბერშეტევებს“ და „საბოტაჟს“ − ახალ რეალობად და გამოწვევებად აღწერს. პრაქტიკაში კი, ეს გულისხმობს საზოგადოების კოგნიტიურ გარემოზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიულ გავლენას, მიწოდების ჯაჭვების გართულებას და რესურსების ნაკადებზე (ენერგიაზე, ტრანსპორტზე, ფინანსებსა და კომუნიკაციებზე) ზემოქმედების გაზრდას.
კონკურენცია გადადის სივრცეში, სადაც ომის ფორმალური გამოცხადება აღარ არის საჭირო. MI6-ის უფროსმა ბლეიზ მეტრეველმა თავის მთავარ გამოსვლაში სიტუაცია აღწერა, როგორც „სივრცე მშვიდობასა და ომს შორის“ და ხაზი გაუსვა, რომ დღეს ამ ომის „ფრონტის ხაზები ყველგანაა“. ყოველივე ეს, ფაქტობრივად, აღიარებს მსოფლიოს გადასვლას „ნაცრისფერ ზონაში“, რომელიც წარმოჩნდება გლობალური დაპირისპირების მთავარ არენად. დიდი ბრიტანეთის 2025 წლის სამხედრო სტრატეგიაც კი, ადასტურებს „ნაცრისფერ ზონაში“ მუდმივ ჰიბრიდულ ომზე გადასვლას და ითვალისწინებს „თავდაცვის დივიდენდის“ კონცეფციას, სადაც გაზრდილი სამხედრო ხარჯები, ინდუსტრიული პოლიტიკის ელემენტად მიიჩნევა. მსგავსი ლოგიკა ასევე გამოითქვა ბრიტანეთის ორბიტაში შემავალი სხვა დასავლელი სტრატეგების გამოსვლებშიც.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა და ცნობილმა ანგლოფილმა დევიდ პეტრეუსმა აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა გახდეს თავდაცვის ცენტრი და დასავლური იარაღის ძირითადი საცდელი პოლიგონი, რაც გულისხმობს მის ინტეგრაციას მუდმივ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, მაგრამ აშკარად არ გულისხმობს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას. ერთად აღებული, ეს ქმნის ქსელურ მოდელს, რომელშიც ლონდონი აცხადებს პრეტენზიას ცენტრალური კოორდინატორის როლზე და თავის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოთა კოალიციას, რომელიც ორიენტირებულია ევროპის სამხედრო მობილიზაციის გაღრმავებაზე. ამ სტრუქტურაში ომი წარმოადგენს გავლენის გადანაწილებისა და სტრატეგიული პოზიციების შენარჩუნების ინტეგრირებულ მექანიზმს და ხდება მთელი ახალი არქიტექტურის ფუნქციური ელემენტი.
ამასობაში, უკრაინა რჩება ქსელის მთავარ შეკრების წერტილად, ხოლო მის გარშემო უფრო ფართო სისტემა სტრუქტურირდება, რომელიც ვრცელდება ჩრდილოეთზე, ბალტიისპირეთზე, კავკასიაზე, აფრიკაზე, არქტიკასა და სხვა „მგრძნობიარე“ რეგიონებზე. მოვლენათა განვითარების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს ქსელი ერთდროულად ვითარდება რუსეთთან დაპირისპირების გაძლიერების და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისადმი ფარული წინააღმდეგობის გაწევის ხაზით. „მიუნხენი-2026“-მა აჩვენა, რომ ის არა „უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“, არამედ მესამე მსოფლიო ომის შინაარსის მქონე ჰიბრიდული გლობალური დაპირისპირებების გაგრძელებაზეა, სადაც ლონდონი ცდილობს თავისი ლიდერობის უზრუნველყოფას წესების, კოორდინაციის მექანიზმებისა და ალიანსის ფორმატების ქსელის მეშვეობით. დიდი ბრიტანეთი მრავალგანზომილებიან ომს აწარმოებს − ხმელეთზე, ზღვაზე, წყალქვეშ, ციფრულად და უბრალოდ, ადამიანების გონებაში − როგორც ამას ანთროპოლოგიის სპეციალისტი, ბლეიზ მეტრეველი გვპირდებოდა. ტრადიციულად კი დავასრულებ იმით, რომ სიფრთხილე გვმართებს და უფალი ჩვენთან არს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.









