პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსეთის „საკონსულო პუნქტების“ საქმიანობის შეჩერებას გაგრაში, ოჩამჩირესა და სოხუმში და დონის-როსტოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელის, ირაკლი ბჟინავას დაკავებას. ანალიტიკოსის შეფასებით, ყველა ეს მოვლენა არაა დამთხვევა და მოსკოვის სიგნალს წარმოადგენს:
„ჯერჯერობით არა პირდაპირი, არა დიპლომატიური, არამედ ისეთი, რომელიც ქვეტექსტში იკითხება. რუსეთი აჩვენებს, რომ აფხაზეთის აღიარება არ ნიშნავს მისი “სუბიექტურობის” უპირობო და შეუქცევად გაძლიერებას“ – წერს ქართველიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთის თემა უფრო ფართო გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ნაწილია, სადაც ცვლილებები არის მოსალოდნელი, ხოლო საქართველოსთვის ესაა ნიშანი, რომ კარი სამუდამოდ არაა ჩაკეტილი.
„მოსკოვის გადაწყვეტილებების სინქრონულობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ფორმალური შინაარსი. რუსეთის “საკონსულო პუნქტების” საქმიანობის შეჩერება გაგრაში, ოჩამჩირესა და სოხუმში (სადაც პარალელურად აფხაზური პასპორტის მქონე პირებს რუსეთის მოქალაქეობას უგრძელებდნენ) დროში “დაემთხვა” დონის-როსტოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელის, ირაკლი ბჟინავას ხმაურიან დაპატიმრებას. ნორმალურ ლოგიკაში ეს შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც პარალელური და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენები. მიგრაციული ბიუროკრატიული პროცესი ერთ მხარეს, და სისხლის სამართლის საქმე, მეორეზე. თუმცა, რუსულ პოლიტიკურ პრაქტიკაში ასეთი დამთხვევები თითქმის არასოდეს არის შემთხვევითი.
მოსკოვმა დიდი აჟიოტაჟისა და დეკლარაციების გარეშე დაიწყო აფხაზეთის დე ფაქტო „სახელმწიფოებრიობის“ ერთ-ერთი საკვანძო სიმბოლოს შეზღუდვა – რუსეთის მოქალაქეობის ლეგიტიმაციის საკუთარი არხის შეჩერება. პარალელურად, დარტყმა მიადგა არაფორმალურ ინფრასტრუქტურასაც: დიასპორულ შუამავლებს, რომლებიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ სოხუმსა და რუსეთის რეგიონებს შორის ავტონომიურ კომუნიკაციას, ხშირად ფედერალური ცენტრის გვერდის ავლით. ეს ნაბიჯი უფრო აფხაზეთის ელიტებისკენ არის მიმართული, ვიდრე თავად აფხაზეთისკენ: დამოუკიდებელი თამაშის სივრცე ვიწროვდება, ზემოდან დელეგირებული წესები გადაიწერება, ხოლო ძველი შეთანხმებები შეიძლება გაუქმდეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ამ კონტექსტში იზრდება მკაფიო სიგნალი ოფიციალური თბილისის მიმართულებითაც. ჯერჯერობით არა პირდაპირი, არა დიპლომატიური, არამედ ისეთი, რომელიც ქვეტექსტში იკითხება. რუსეთი აჩვენებს, რომ აფხაზეთის აღიარება არ ნიშნავს მისი “სუბიექტურობის” უპირობო და შეუქცევად გაძლიერებას. პირიქით, ამ “სუბიექტურობის” ინსტრუმენტები შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიყინოს, დაიშალოს ან სრულად გადავიდეს “ხელით მართვის” რეჟიმში. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს გამოიყურება მინიშნებასავით: სტატუს-ქვო “რკინა-ბეტონით” არაა ნაშენები, ხოლო აფხაზეთის თემა კვლავ რჩება უფრო ფართო გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ნაწილად, სადაც კორექტირებები შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, დიდი თამაში შეიცვლება. და ეს თამაში აშკარად იცვლება ჩვენ თვალწინ.
მაგრამ, მთავარია, ეს სიგნალი არ გადაფასდეს: ეს არ არის პირდაპირი მოწვევა მოლაპარაკებებისკენ და არც 2008 წლის გადაწყვეტილებების გადახედვის მზადება. ეს უფრო გაფრთხილებაა ყველა მხარისთვის ერთდროულად: აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ მართვადი აქტივი, რომლის კონფიგურაციაც შეიძლება შეიცვალოს ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე. თბილისისთვის ეს იშვიათი მომენტია, როცა მოსკოვიდან მოდის არა „დახურული კარის“ სიგნალი, არამედ დემონსტრირება იმისა, რომ კარი სამუდამოდ არ არის ჩაკეტილი, უბრალოდ გასაღები სხვის ხელში რჩება, და საქართველომ ამას სწორი შეფასება უნდა მისცეს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.









