22 იანვარი, ხუთშაბათი, 2026
22 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

გიორგი ცუცქირიძე: მსხვილ ქსელებს აქვთ მასშტაბის ეკონომიის უპირატესობა, ანუ უფრო დაბალი შესყიდვის ფასები და ეფექტიანი ლოჯისტიკა – ეს უპირატესობა არ აისახება საბოლოო ფასზე. პირიქით, ფასები ხშირად სტაბილურად მაღალი რჩება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი ფუნქციონირებს ოლიგოპოლიური ლოგიკით

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მაღალი ფასები შესაძლოა მარკეტების სიმრავლეს უკავშირდებოდეს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინტერპრეტაცია დამახინჯებულია და არ ასახავს მოთხოვნა-მიწოდების ეკონომიკურ პრინციპს.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, პრემიერის მიერ გერმანიის მაგალითის მოყვანა ამ კონტექსტში ნიშანდობლივია, გერმანიაში შეიძლება მარკეტების რაოდენობა ნაკლები იყოს, მაგრამ დამოუკიდებელი ქსელების რაოდენობა მეტია და მოქმედებს ძლიერი ანტიმონოპოლიური კონტროლი. შედეგად, ფასები დაბალია. საქართველოში კი 2–3 დიდი ქსელი აკონტროლებს ბაზრის უმეტეს ნაწილს, რაც მათ აძლევს ბაზრის ძალას და შესაძლებლობას, ფასები კოორდინირებულად მართონ.

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოში სუპერმარკეტების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს კონკურენციის გაძლიერებას, არამედ პირიქით – ბაზრის კონცენტრაციის ზრდას, რაც ამცირებს ფასების ბუნებრივი შემცირების შესაძლებლობას.

„რადგან მიწოდება ანუ სიმრავლე წესით დაბლა წევს ფასებს (მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით) პრემიერის განცხადებების დამახინჯებული ინტერპრეტირება ხდება, როდესაც მან მაღალი ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილ მარკეტების რაოდენობას დაუკავშირა, და მაგალითად გერმანია მოიყვანა, სადაც მარკეტების რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლების ვიდრე საქართველოში, ხოლო ფასები დაბალი, თითქოს პრემიერმა ეს ეკონომიკური ანა – ბანა არ იცოდეს.

რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს თუ ერთი და იგივე კომპანიების ფილიალების ქსელები იზრდება და არა ახალი კომპანიების ბაზარზე შემოსვლით. სწორედ ეს არის პრობლემა, დემპინგისაც და ფასების მანიპულაციისაც.
უფრო, რომ დავკონკრეტდეთ მარკეტების (ობიექტების) რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს კონკურენციის ზრდას, თუ იზრდება იმავე კომპანიების ფილიალების ქსელი და ბაზარზე ახალი დამოუკიდებელი მოთამაშეები არ შემოდიან, რაც არის კლასიკური ოლიგოპოლიური ბაზარი.

გერმანიის მაგალითად მოყვანა არ არის შემთხვევითი. გერმანიაში შეიძლება იყოს ნაკლები მარკეტი, მაგრამ მეტი დამოუკიდებელი ქსელია, რასაც ემატება ძლიერი ანტიმონოპოლიური კონტროლი. მომწოდებლების არჩევანი გაცილებით ფართოა, ხოლო საქართველოში სადაც 2–3 დიდი ქსელი აკონტროლებს ბაზრის დიდ ნაწილს, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ ბაზრის ძალა (market power) და ფასებიც ხშირად კოორდინირებულად მოძრაობს, თუნდაც ფორმალური შეთანხმების გარეშე.

ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა შეზღუდულია მაღალი შესვლის ბარიერებით — მიწის, ლოჯისტიკის, მომწოდებლებთან კონტრაქტებისა და კაპიტალის კონცენტრაციით.

თავის მხრივ, მსხვილი ქსელები სარგებლობენ მაშტაბის ეკონომიით: მათ აქვთ დაბალი შესყიდვის ფასები, უფრო ეფექტიანი ლოჯისტიკა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. წესით, ეს უნდა იწვევდეს ფასების შემცირებას. თუმცა, რეალობაში ფასები ხშირად სტაბილურად მაღალი რჩება ან ერთდროულად იზრდება სხვადასხვა ქსელში.

ამ დროს პირიქით უნდა ხდებოდეს, თუ ეს კომპანიები იზრდება ფასებიც უნდა იკლებდეს, რადგან საწარმოს მაშტაბი პირდაპირ უკავშირდება თვითღირებულებას და შესაბამისად ფასს. მაშტაბის ეკონომიისას (Economies of Scale) როდესაც წარმოების მოცულობა იზრდება, ფიქსირებული ხარჯები (ქირა, დანადგარები, ადმინისტრაცია) ნაწილდება მეტ ერთეულზე თითოეული პროდუქტის თვითღირებულება მცირდება.
მაშინ რატომ არ იკლებს ფასი მაშტაბის ზრდისას საქართველოში?

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი ფუნქციონირებს ოლიგოპოლიური ლოგიკით, სადაც კონკურენცია ფასებზე სუსტია, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ მაღალი მარჟები მომხმარებელზე მნიშვნელოვანი ზეწოლის გარეშე, რადგან არ აქვთ ზეწოლა ფასის დაკლებისთვის.

სასურსათე პროდუქციაზე ისევე როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტზე, მოთხოვნა შედარებით არაელასტიურია, რადგან საკვები და მედიკამენტები აუცილებელია ყოველდღიური პროდუქტია და ხალხი იძულებულია მაინც იყიდოს.

ამასთან როდესაც ბაზრის კონცენტრაცია მაღალია, ფასების მანიპულაციის და მარჟების გაზრდის შესაძლებლობაც მაღალია. ხშირად დემპინგი გამოიყენება შესვლის ბარიერად დროებით დაბალი ფასით, ხოლო შემდეგ კი ფასების ზრდით და რაც სამწუხაროდ ჩვენ ყოველდღიურობაში ვხედავთ.

თუ რეალური კონკურენციაა და ბევრი დამოუკიდებელი მოთამაშეა მაშინ პრემიერის განცხადებებზე რატომ უნდა წევდენ მყისიერად დაბლა ფასებს? ფასების სწრაფი და ერთდროული რეაქცია პოლიტიკურ განცხადებებზე სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ბაზარი მგრძნობიარეა კოორდინაციაზე, სადაც მოთამაშეებს აქვთ ფასების მართვის შესაძლებლობა, რაც კონკურენტულ ბაზარში შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, სუპერმარკეტების ქსელების ზრდა საქართველოში წარმოადგენს არა კონკურენციის გაძლიერებას, არამედ ბაზრის კონცენტრაციის ზრდას, რაც ამცირებს ფასების ბუნებრივი შემცირების შესაძლებლობას.

დიდწილად ამის შედეგია, რომ მაშტაბის ეკონომია მაღალი ფასნამატით გარდაიქმნება მოგების ზრდად, და არა ფასის შემცირებად!“ – წერს ცუცქირიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები