დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია. სწორედ ამგვარი საყრდენით შეიქმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს, ხალხის მმართველობის საფუძვლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, წერს.
როგორც მთავრობის მეთაურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, ევროპის კონტინეტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, არაფორმალურმა მმართველებმა ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება კი მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს.
„დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, დაწყებული სახალხო შეკრებებზე გამართული „საკამათო მოედნებით“ დასრულებული სატელევიზიო დებატებით, მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო – მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია.
რადგან დებატების კულტურა სწორედ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, დემოკრატიის ეს უალტერნატივო საყრდენი ყველაზე მეტად, თანაც უმაღლეს დონეზე, სწორედ ევროპის კონტინენტზე, ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული. დებატები იმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა თემაზე, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. ამ ფორმით, მოსახლეობა მაქსიმალურად იყო ინფორმირებული ნებისმიერ გამოწვევასა თუ მიღწევაზე, რაც საბოლოოდ ხალხს სწორი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევდა.
სამწუხაროდ, ევროპის კონტინეტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, არაფორმალურმა მმართველებმა თავად წარმოქმნეს ხელოვნური პრობლემები, როგორიცაა ლგბტ და გენდერული იდენტობის საკითხები, „მწვანე პოლიტიკა“ და სხვა, და თავადვე შესთავაზეს საზოგადოებას ამ ხელოვნური პრობლემების გადაჭრის გზები. ამ პროცესში მათ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა.“- წერს ირაკლი კობახიძე.









