15 იანვარი, ხუთშაბათი, 2026
15 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: ევროპას შეუძლია აღშფოთებული შეშფოთების გამოხატვა, მაგრამ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს თავისი წევრისა და მეგობრის დაცვას, თუ აშშ გადაწყვეტს საკითხის პრაქტიკულ დონეზე გადაყვანას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროპარლამენტარებთან კერძო საუბრისას კაია კალასის განცხადებას „მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა კარგი მომენტი იყოს დალევის დასაწყებად“ და დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 იანვარს თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები სიგარეტს ნერვიულად ეწევიან.

ქართველიშვილის თქმით, ნერვიულად მწეველი მინისტრების ისტორია, არც დრამა და არც სენსაციაა. ეს არის გააზრების მომენტი, რომ აშშ უკან არ დაიხევს.

„სანამ ბრიუსელში კაია კალასი თავის კოლეგებს სთავაზობს: “ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დროა სმას მივეძალოთ”, ვაშინგტონში დი ვენსთან და რუბიოსთან ჩასული დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები სიგარეტის ნერვიულად მოწევას ეძალებიან.

სწორედ ეს ვიდეოკადრები გავრცელდა დღეს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ და ეს არ არის ყოფითი დეტალი და არც „ადამიანური სისუსტე“. ეს არის ვიზუალური სიმპტომი იმისა, თუ როგორ გამოიყურება ასიმეტრიული ზეწოლა გლობალური ჰეგემონის მხრიდან ფორმალურად თანასწორ მოკავშირეებზე.

ვაშინგტონი დღეს მათ მკაფიოდ აჩვენებს: არქტიკული მიმართულებაა მისი პრიორიტეტი, ხოლო მოკავშირეთა მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება კონტროლის გაზიარების მზადყოფნით და არა სუვერენიტეტის დეკლარაციებით. აქ საუბარი არ არის „გრენლანდიის ყიდვაზე“, არამედ ბაზებზე, ლოჯისტიკაზე, აეროდრომებზე, დაზვერვაზე და საჰაერო-საზღვაო სივრცის მართვაზე წვდომის გაფართოებაზე. ეს არის ფაქტობრივი კონტროლი იურიდიული ანექსიის გარეშე. გასაგებია, რომ დანია ღრმად ინტეგრირებულია ამერიკულ უსაფრთხოების სისტემაში. მისგან გასვლა შეუძლებელია, ხოლო დაპირისპირება უკიდურესად სახიფათო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აშშ არ ითხოვს მომენტალურ თანხმობას („აქ და ახლავე“) . იგი აყალიბებს მიმართულებას და პირდაპირ მიანიშნებს, რომ საკითხი არ არის დახურული და ის აუცილებლად დაბრუნდება დღის წესრიგში, მაგრამ უფრო მკაცრი ფორმით.

ასეთი საუბრების შემდეგ დიპლომატები იშვიათად ტოვებენ შენობას ღიმილით და ან კაია კალასის რჩევას ითვალისწინებენ, ან სიგარეტს ეტანებიან. გამწარებული და ნერვიული მოწევის კიდევ ერთი მიზეზი იმაშია, რომ ყველას ესმის – ევროპა დანიის დაცვას შეძლებს მხოლოდ ფორმალური დეკლარაციების ფორმით, პოლიტიკურად ვერა, სტრატეგიულად, მით უმეტეს.
ევროკავშირი დღეს არ წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში დამოუკიდებელ ძალოვან ცენტრს, მან ამ კუთხითაც დაკარგა თავისი სუბიექტურობა. მისი წამყვანი სახელმწიფოები კი არიან ნატოს წევრები, მაგრამ მანდაც გადამწყვეტი სიტყვა ვაშინგტონს ეკუთვნის. არც ბერლინი და არც პარიზი არ შევა კონფლიქტში აშშ-თან გრენლანდიის სუვერენიტეტის გამო, განსაკუთრებით ისეთი პირობების ფონზე, როგორიცაა:
კონფლიქტი რუსეთთან, ენერგეტიკული მოწყვლადობა, ევროკავშირის შიდა კრიზისი, ამერიკულ სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულება.
მარტივად რომ ითქვას: ევროპას შეუძლია აღშფოთებული შეშფოთების გამოხატვა (საქართველოზე ამაში გაწვრთნილები არიან), მაგრამ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს თავისი წევრისა და მეგობრის დაცვას, თუ აშშ გადაწყვეტს საკითხის პრაქტიკულ დონეზე გადაყვანას.

კოპენჰაგენისთვის ეს ნიშნავს ძალიან უხერხულ რეალობას. მოკავშირეები მხარს არ დაუჭერენ, თუ ვაშინგტონთან დაპირისპირების ფასი ზედმეტად მაღალი გახდება. არა და რა არის ამაში მოულოდნელი. აშშ ყოველთვის ასე მოქმედებს მოკავშირეებთან მიმართებით. ეს არ არის ანომალია და არც ცალკეული პერსონების ემოციური პოლიტიკა. ეს არის სტაბილური ამერიკული შაბლონი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ იქნა გამოყენებული: ზეწოლა იაპონიაზე თავდაცვის საკითხებში; გადაწყვეტილებების თავსმოხვევა თურქეთისთვის სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტებით; ევროპული ქვეყნების იძულება სანქციურ დისციპლინაზე საკუთარი ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ; ნატოს შიგნით როლების გადანაწილება აშშ-ის სასარგებლოდ „საერთო უსაფრთხოების“ ლოზუნგით და ა.შ.

ასე რომ, ნერვიულად მწეველი მინისტრების ისტორია, არც დრამაა და არც სენსაცია. ეს არის გააზრების მომენტი, რომ აშშ უკან არ დაიხევს.

ევროპა ვერ დაიცავს. მანევრის სივრცე თანდათან შეიკვეცება. ასეთ ვითარებაში ხელშეკრულებებს არ აწერენ ხელს და არც განცხადებებს აკეთებენ. ასეთ ვითარებაში თეთრი სახლის ეზოში გამოდიან, სიგარეტს უკიდებენ და ხვდებიან: თამაში მხოლოდ იწყება და ამ თამაშის წესებს არც კოპენჰაგენი წერს და არც ბრიუსელი. ჩვენ კი, დანარჩენები – “ევროატლანტიკური ინტეგრაციის” უძღები შვილები, არც ალკოჰოლურ და არც ნარკოტიკულ თრობაში გახვევას არ ვაპირებთ. ჩვენ, ამ საყოველთაო სიგიჟის არაწევრი ქვეყნები, თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს წევრი-ქვეყნები და მორიგ ჯერზე მადლობას ვუხდით გამჩენს ჩვენთვის მინიჭებული მრავალსაუკუნოვანი სიბრძნის გამო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები