„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2026 წლის პირველ სხდომაზე.
კახა კალაძემ მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა.
„დღეს ვმართავთ 2026 წლის მთავრობის პირველ სხდომას, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რაც მთავარია, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის შესახებ. ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით, რაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელმაც მესამედ გვანდო ამ ქალაქის ბედი და მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო. ამის გარეშე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება რთული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
„როდესაც ვიწყებთ ქუჩების რეაბილიტაციას, გამზირების განახლებას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სამუშაოები. პირველ რიგში, ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვიწყებთ. მსგავს სამუშაოებს თან მოჰყვება ხმაური, გზების გადაკეტვა. არის შემთხვევები, როცა ბუნებრივი აირის და წყლის შეზღუდვაც ხდება. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას მხარდაჭერა. ყველამ უნდა მოვითმინოთ, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს. ეს ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელსაც არაერთი მსგავსი პროგრამა დაფინანსდება.
„რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკურად ვითარდება, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტი, წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ და არ დავტოვოთ პრობლემების პირისპირ“, – განაცხადა თბილისის მერმა.









