17 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
17 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: პოლარიზაციის დასამარცხებლად საჭიროა ჯერ კიდევ შემორჩენილი, ადამიანების გამაერთიანებელი ელემენტარული ფასეულობებისა და გრძნობების გაღვივება

„დღეს „პოლარიზაცია“ აღარაა უბრალოდ საზოგადოებრივი ტენდენცია − იგი იქცა მართულ და მიზანმიმართულ იარაღად გამოცდილი და პროფესიონალი მანიპულატორების ხელში. თაობებს, ოჯახებსა და სოციალურ ფენებს შორის გაჩენილი ბზარები გამოიყენება როგორც შიდა დაპირისპირების ტრიგერები, ხოლო ამ პროცესის უკან ხშირად იკვეთება ორგანიზებული გავლენების − მედიასაშუალების თუ სპეცსამსახურების კონტურები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, პოლარიზაციის დასამარცხებლად საჭიროა ჯერ კიდევ შემორჩენილი, ადამიანების გამაერთიანებელი ელემენტარული ფასეულობებისა და გრძნობების გაღვივება.

„თანამედროვე სადაზვერვო საინფორმაციო ოპერაციები იშვიათად ცდილობენ საზოგადოებაზე კონკრეტული იდეოლოგიის თავსმოხვევას − მათ სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ: ნდობის დარღვევა, მტრობის დათესვა და საზოგადოების გარდაქმნა ურთიერთეჭვიანობის ველად. პოლარიზაცია იქცევა იარაღად, რომელიც თითქოს „არ ისვრის“, მაგრამ შიგნიდან ასუსტებს სახელმწიფოებს − მათ ერთობის უმთავრეს რესურსს ართმევს. და ასეთ საზოგადოებრივ მდგრადობაგამოცლილ სოციუმში ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულება გაადვილებულია.

საქართველოში თვალნათლივ ვხედავთ ამ ინსტრუმენტის მრავალფუნქციური გამოყენების კატასტროფულ შედეგებს. გამოცდილი მანიპულატორები ჯერ ამზადებენ ნაყოფიერ ნიადაგს პოლარიზაციის ქანქარას ასამოქმედებლად − აქვეითებენ საზოგადოების ინტელექტუალურ, აზროვნებით, ანალიტიკურ პოტენციალს ნულამდე და შემდეგ ხდება სოციუმის „დაინფიცირება“, ხშირად „ფეიკ“ საფრთხეებით − ხელოვნური რისკ-ფაქტორების გარშემო ოჯახებისა და თაობების გახლეჩის მიზნით. ეს ინსტრუმენტი არაა მხოლოდ „შიდა ქართული“ მოხმარების, მას ეფექტურად იყენებენ მთელ მსოფლიოში:

აშშ − პოლარიზაცია გადის ხაზზე „რესპუბლიკელები VS დემოკრატები“ – აბორტები, ლგბტ-ის უფლებები, იმიგრაცია, სახელმწიფოს როლი და საგარეო პოლიტიკა − ამერიკულ საზოგადოებაში დღეს თითქმის შეურიგებელი დაპირისპირების თემებია, რომლის გავრცელების იარაღად გამოყენებულია მედია და სოციალური ქსელები;

ბრაზილია − სადაც სოციუმის პოლარიზებული დაყოფაა ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებსა (მემარჯვენეები, ევანგელისტები, აგრობიზნესის წარმომადგენლები) და ლულა და სილვას მხარდამჭერებს შორის (მემარცხენეები, პროფკავშირები, ღარიბი ფენები). დავის საგანია: სამხედროების როლი, ეკოლოგია (ამაზონია), კულტურული პოლიტიკა;
ინდოეთი − სადაც პოლარიზაციაა ინდუისტურ ნაციონალიზმსა და სეკულარულ/ლიბერალურ ძალებს შორის: განსაკუთრებით მწვავეა პოლემიკა მუსლიმებისა და უმცირესობების მდგომარეობაზე;
პოლონეთი − სადაც ღრმა განხეთქილებაა კონსერვატიულ ძალებსა (PiS, კათოლიკური წრეები) და ლიბერალურ ოპოზიციას შორის (KO, „მესამე ძალა“). პოლარიზაციის თემებია − სასამართლო, მედია, ლგბტ, ურთიერთობა ევროკავშირთან;
უნგრეთი − სადაც ორბანის ეროვნულ-კონსერვატიულ ბანაკს უპირისპირდება ლიბერალურ-ოპოზიციური ბლოკი – წინააღმდეგობა შეეხება: მიგრაციას, „მედიის თავისუფლებას“, ურთიერთობას ევროკავშირთან და რუსეთთან;
თურქეთი − სადაც ერდოღანის ბანაკი (ისლამურ-კონსერვატიული, ნაციონალისტური ბლოკი) უპირისპირდება სეკულარულ ოპოზიციას (CHP, დიდ ქალაქებში ახალგაზრდობა) – განსაკუთრებით შესამჩნევია პოლარიზაცია ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა, ქალთა უფლებები, სეკულარიზმისა და საგარეო ორიენტაციის საკითხები;ისრაელი − სადაც თვალსაჩინოა რელიგიურ მემარჯვენეებსა (ლიქუდი, ულტრაორთოდოქსები, „დასახლებულთა“ მოძრაობა) და ლიბერალურ, ცენტრისტულ ძალებს შორის დაყოფა – პოლარიზაციის თემებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, პალესტინის საკითხი, უმცირესობების უფლებები;საფრანგეთი − მაკრონის ბანაკისა და ლიბერალური ცენტრისტების დაპირისპირება მემარჯვენეებსა („ეროვნული გაერთიანება“) და „მემარცხენე ბლოკებს“ (NUPES) შორის – პოლარიზაცია ძლიერდება მიგრაციული კრიზისითა და საპროტესტო მოძრაობებით რეფორმების წინააღმდეგ;
ესპანეთი − სადაც სოციალისტური/მემარცხენე კოალიციები (PSOE, Sumar, რეგიონალისტების მხარდაჭერა) უპირისპირდებიან ნაციონალ-კონსერვატიულ ბანაკებს (PP, Vox). განხეთქილება მძაფრდება კატალონიის, გენდერული პოლიტიკისა და კათოლიკური ეკლესიის როლის საკითხებში.

ყველა ამ და სხვა უამრავ ქვეყანაში პოლარიზაცია გამოიხატება: მედიასივრცეში (საკუთარი ტელეარხები, სოციალური ქსელები); ინსტიტუციურ კრიზისებში (სასამართლო, არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება); კულტურულ ომებში („გენდერი“, რელიგია, იდენტობა).

პოლარიზაციასთან გამკლავება, მისი დამარცხება დღეს თითქმის შეუსრულებად მისიად იქცა. მთელი ძალებისა და რესურსების ამ ბრძოლაზე გადასროლა შედეგებს ვერ მოიტანს. ძირითადი ძალისხმევა უნდა მიიმართებოდეს სოციუმის თითოეულ წევრში ჯერ კიდევ შემორჩენილი, ადამიანების გამაერთიანებელი ელემენტარული ფასეულობებისა და გრძნობების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაღვივებაზე, რათა იმატოს ჩვენში კეთილმან და სძლიოს ამით ბოროტსა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები