სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – დავით დევიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.
მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.