„თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპრიორი „რუსული“ იყო თუ „ჩინური“, მისი მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, რატომ დაგვახოცვინეთ ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო ჩვენი შვილები, ძმები და მამები?”- ეს ის შეკითხვაა, რომელიც „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მისამართით დასვა. ექსპერტი აშშ-ის მიერ მომზადებულ კანონპროექტს (არა MEGOBARI აქტი) ეხმიანება და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, ის სწორედ მეგობრების მხრიდან უსამართლოდ ისჯება.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „ორ ნაბიჯში“ დგას, რათა საქართველოსთან მიმართებით „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და უსამართლო გადაწყვეტილებას მისცეს „მწვანე შუქი“ − მტრული MEGOBARI აქტის ლეგიტიმაციის სახით. თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპრიორი „რუსული“ იყო თუ „ჩინური“, მისი მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, რატომ დაგვახოცვინეთ ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო ჩვენი შვილები, ძმები და მამები? მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს, ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა 435 ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის 35-მა კიდურები დაკარგა.
მიუხედავად ამისა, ელემენტარული მადლიერების ნიშნად ერთგული პარტნიორის მიმართ, საქართველოს არ ეღირსა აშშ-სთან არც თავისუფალი ვაჭრობის თუ უვიზო რეჟიმების შემოღება, არც პირდაპირი ავიაფრენები. სამაგიეროდ, საქართველოს „აჯილდოებენ“ სამარცხვინო ” MEGOBARI აქტით, რომელიც თვით აშშ-ის ისტორიაში შევა შავ ლაქად. შევა დანარჩენებისთვის იმის საჩვენებლად, თუკი ჩემს ერთგულ პარტნიორს ვექცევი ასე, თქვენ რა იმედს ამყარებთ ჩემთან მეგობრობაზე?.. შევა როგორც ფარისევლობისა და ცინიზმის აქტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო 1 ივნისიდან ყირგიზეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.
ჩვენი დაღუპული და ამერიკის ინტერესებისთვის დასახიჩრებული მეომრების ფონზე, განსაკუთრებული ცინიზმით ჟღერს ყირგიზეთისთვის მინიჭებული ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ოფიციალური განმარტება: „მხედველობაში იქნა მიღებული ყირგიზული დიასპორის წვლილი აშშ-ში: განსაკუთრებით ჩიკაგოში, სადაც ყირგიზული დიასპორა სწრაფად იზრდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამერიკის ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის სფეროში. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი უვიზო რეჟიმის დასაწესებლად“.
საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მტრული ნაბიჯების ფონზე, ყირგიზეთის მსგავსი განმარტებებით შემკობა დაუფარავი ცინიზმია. მხოლოდ ერაყში, თავისი 2300-კაციანი კონტინგენტით, ჩვენი ქვეყანა აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებდა მონაწილე ქვეყნების სიაში, სადაც ჩვენი ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა. ავღანეთში კი, საერთო ჯამში 20 000-ზე მეტი ქართველი სამხედრო მონაწილეობდა მისიებში სხვადასხვა როტაციით, რაც ჩიკაგოში მშვიდობიანი ყირგიზების დიასპორაზე გაცილებით მეტია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი იყო, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. ქვეყანა მტკიცედ ატარებდა პროამერიკულ პოლიტიკას, მონაწილეობდა და მონაწილეობს NATO-ს სწავლებებში.
მიუხედავად ამისა, 20 წელზე მეტია, საქართველო: არ არის „NATO-ს გარეთ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის“ (Major Non-NATO Allies, MNNA) მატარებელი. ეს სტატუსი არ გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებებს, როგორც NATO-ს შემთხვევაში, მაგრამ უზრუნველყოფს სამხედრო და ეკონომიკურ პრივილეგიებს, მათ შორის იარაღით ვაჭრობასა და ერთობლივ სამხედრო კვლევებში მონაწილეობას.
2025 წლის მაისის მდგომარეობით, MNNA-ს წევრებია: ავსტრალია, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, იორდანია, არგენტინა, ბაჰრეინი, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ქუვეითი, მაროკო, პაკისტანი, ტუნისი, კოლუმბია, ბრაზილია, კატარი, უკრაინა.
ასე რომ, აშშ-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი არა MEGOBARI-ს, არამედ ფარისევლობის აქტის სახელით შევა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიაში − რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ის კანონის სახეს მიიღებს. დაველოდოთ…”- წერს დავით ქართველიშვილი.