საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
მთავარსარდალს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა აკადემიის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პრეზიდენტმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
მიხეილ ყაველაშვილი პირველ ქვეით ბრიგადასაცესტუმრა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის მიზნებს გაეცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
„სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი ჩვენს თავდაცვის ძალებში გვქონდა. გავეცანი მათ მიზნებს, ინფრასტრუქტურას, იუნკერების არსებულ რეალობას, საკმაოდ მაღალ დონეზეა ყველაფერი უზრუნველყოფილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო წარმომადგენლები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ იუნკერების სწავლებას. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოტივაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. შესაძლებლობა მქონდა, რომ ამ ყველაფერს გავცნობოდი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.