31 იანვარი, პარასკევი, 2025
31 იანვარი, პარასკევი, 2025

ირაკლი კობახიძე: საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარების აუცილებელი პირობაა

საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან.

„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. გასულ წელს, სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40 %-ით მოიმატა, რის გამოც ვართ მოხარულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომეხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.

ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები